საქართველოს რაგბის კავშირის მიერ მოწვეულმა კონსულტანტმა რიჩი დიქსონმა და ბავშვთა რაგბის განვითარების მენეჯერმა ილია მაისურაძემ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში, თბილისელ მწვრთნელებს ბავშვთა რაგბის ახალი პროგრამა გააცნეს.
რიჩი დიქსონი, რომელიც 25 წლის განმავლობაში სხვადასხვა გუნდებს წვრთნიდა, 9 წელიწადი კი შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებში მუშაობდა, საქართველოს სწორედ იმ მიზნით ეწვია, რომ ადგილობრივი სიტუაციის გათვალისწინებით, ახალი პროგრამა მოემზადებინა. მისი პროგრამა სამ ნაწილადაა დაყოფილი - 8-12, 13-15 და 16-18 წლის ასაკობრივი ჯგუფებისთვის ცალ-ცალკეა გაწერილი. უახლოეს პერიოდში გამოიცემა სახელმძღვანელოები და იქ მწვრთნელებისთვის მუშაობის ახალი მეთოდიკა სრულად იქნება აღწერილი. სახელმძღვანელოებს DVD დისკებიც ექნება დართული, რათა მწვრთნელთათვის ახალი მეთოდიკა უფრო მარტივად იყოს აღსაქმელი.
დიქსონი ქართველ მწვრთნელებს ურჩევს, რომ 8-12 წლის ასაკობრივი ჯგუფებისთვის, რაგბის სწავლება სახალისო იყოს. ბავშვებს მაქსიმალურად მეტი შეხება უნდა ჰქონდეთ ბურთთან და მათ ბუნებრივი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა მიეცეთ, მწვრთნელი კი საწვრთნელ პროცესში ნაკლებად უნდა ჩაერიოს. მნიშვნელოვანია, ამ ასაკის გუნდებს, დამრიგებლებმა ტურნირების მოგება არ მოთხოვონ. 13-15 წლის ასაკობრივი ჯგუფებისთვის მწვრთნელმა მოთამაშეთა ბუნებრივ მონაცემებს საკუთარი ცოდნაც უნდა შემატოს და მოზარდებს შეჯიბრების ელემენტები შთააგონოს. 16-18 წლის ასაკის მორაგბეები კი უკვე პროფესიონალებად უნდა ჩამოყალიბდნენ, რადგანაც მათ ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის შესაძლებლობა ეძლევათ და ტექნიკასთან ერთად სტრატეგიაც უნდა გაითავისონ.
“ეს პროგრამა საქართველოსა და ქართული რაგბის თავისებურების შედეგადაა შემუშავებული. ბავშვთა მწვრთნელების დახმარებით მსურს, საქართველოს ეროვნული ნაკრები მუდამ წარმატებით გამოდიოდეს მსოფლიოს ჩემპიონატებსა თუ სხვა ტურნირებში. ყველა ასაკობრივი გუნდის თამაში ვნახე და მეტი წარმატებისთვის ორი რამ გიშლით ხელს - წნეხის ქვეშ თამაში გიჭირთ, მორაგბეებს თამაშის ცოდნა და ტექნიკა აკლიათ. აუცილებელია, ძლიერი შემსრულებლები იყვნენ და მათი მწვრთნელები იამაყებენ იმით, რომ ასეთი მორაგბე აღზარდეს. მწვრთნელთა სამი კატეგორია არსებობს - ერთნი საკუთარი თავისთვის ავაჯიშებენ სპორტსმენებს, მეორენი სპონსორების მოსაზიდად, მესამენი კი მოთამაშეს ზრდიან. მე ბავშვებთან მუშაობა არ გამომდის, ზოგს კი პირიქით, მოთამაშის აღზრდა შეუძლია. აუცილებელი არაა, რომ ბავშვების მწვრთნელი გუნდს ბოლომდე გაჰყვეს. ის ბავშვთა მწვრთნელად უნდა დარჩეს და ახალი მორაგბეები აღზარდოს. ყველა ასაკობრივი ჯგუფის მწვრთნელი მნიშვნელოვანია და ისინი ერთ საერთო სურათს ქმნიან. ერთად უნდა ვიფიქროთ ქართულ რაგბზე და მის განვითარებაზე” – განაცხადა პროგრამის ავტორმა რიჩი დიქსონმა.
ამის შემდეგ ილია მაისურაძემ იმ გეგმებზე ისაუბრა, რომელთა განვითარებაც მომავალში იგეგმება. ქუთაისსა და თბილისში არსებულ რაგბის აკადემიებს სატელიტი აკადემიები დაემატება რეგიონებში. მისი გეგმის მიხედვით, აუცილებელია, რომ გუნდებს ჰყავდეთ ფიზმომზადების მწვრთნელები, რომლებიც ყველა სპორტსმენთან ინდივიდუალურად იმუშავებს და განვითარდეს სპორტული მედიცინა. აგრეთვე, საჭიროა მსაჯთა კორპუსის გაუმჯობესება, რადგან მსაჯი თამაშის დროს ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია