ამბები

10:15 | 18.12.2009 | ნანახია 3535 - ჯერ

კუკმა დაუჯერებელი დაიჯერა

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) განვითარების მენეჯერი ბრიუს კუკი, რომელიც ალან სოლომონსთან ერთად, საქართველოს გეგმიური შემოწმების მიზნით ეწვია, საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ბოლო ექვს თვეში გაწეული სამუშაოთი აღფრთოვანებული დარჩა.
კუკი, საქართველოში მყოფი რიჩი დიქსონთან ერთად, რეკონსტრუქციის პროცესში მყოფ “შევარდენის” კომპლექსს ეწვია და იქ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, რის შემდეგაც, კომპლექსის დირექტორმა და არქიტექტორმა, მას სამომავლო გეგმები გააცნეს. “შევარდენზე” კეთდება ორი სტანდარტული ზომის მოედანი - ერთი ხელოვნური, ხოლო მეორე ბუნებრივი საფარით. აშენდება ტრიბუნა, რომელიც გადახურული იქნება და 1 600 მაყურებელს დაიტევს. იქვე განთავსდება სატრენაჟორო დარბაზი და 48 ადამიანზე გათვლილი სასტუმრო.
პირად საუბარში სტუმარმა აღნიშნა, რომ თბილისის კომპლექსი მოსკოვისა და ბუქარესტის კომპელქსებზე უკეთესი იქნება და მას, რაგბის საერთაშორისო საბჭოს სემინარების მასპინძლობა შეეძლება. დათვალიერების შემდეგ, კუკმა საუბარი თბილისში სტუმრობის მიზნებით დაიწყო.
- ყველა ქვეყნის რაგბის კავშირში, რომელსაც განვითარების გრანტს ვაძლევთ, წლის ბოლოს მსგავსი შემაჯამებელი ვიზიტი გვაქვს. ბოლო თვის განმავლობაში მოვიარეთ ესპანეთი, რუსეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ნამიბია და საქართველოს ჯერიც მოვიდა. გემრიელი ლუკმა ბოლოსთვის მოვიტოვეთ. ძირითადი სამუშაო დავასრულეთ და მინდა აღვნიშნო, რომ ქართულმა მხარემ პოზიტიურად შეასრულა ის სამუშაოები, რაც მასზეა დამოკიდებული და რაზეც თვითონ აქვს კონტროლი. ერთი სფერო, რასაც მეტი განვითარება ესაჭიროება და რაც ჯერჯერობით ვერ კეთდება, ესაა სპორტული მედიცინა და სპორტული მეცნიერება. ამ საკითხში რაგბის კავშირს ვერ დავადანაშაულებ, რადგანაც ზოგადად საქართველოშია ამ სფეროების განვითარება პრობლემა. მე, რიჩი დიქსონი და ალან სოლომონსი აქედან წასვლის შემდეგ ვიმუშავებთ გონიერი გეგმის შემუშავებაზე, რათა ეს სფერო გავაუმჯობესოთ.
- რამდენად კმაყოფილი ბრძანდებით საქართველოს რაგბის კავშირის მიერ, IRB-ს დაფინანსებითა და მის გარდა, მთლიანობაში გაწეული სამუშაოთი?
- დაუჯერებელი რამ ვნახე. ასეთ პროგრესს ვერც კი წარმოვიდგენდი. მე ექვსი თვის წინ ვიყავი აქ და მახსოვს რა მდგომარეობა იყო, ვხედავ, რა არის ახლა და ვხვდები, რა იქნება კიდევ ექვსი თვის შემდეგ. დიდი სამუშაოა ჩატარებული. ეს იმიტომ ხდება, რომ საქართველოს რაგბის კავშირი ყურადღებით იღებს ჩვენს რჩევებს და მაქსიმალურად ახლო კავშირს ინარჩუნებს IRB-სთან. ნათელია, რომ რაგბის კავშირში მომუშავე აბსოლიტურად ყველა ადამიანი, მაქსიმუმს აკეთებს ქართული რაგბის განვითარებისთვის და შედეგიც სახეზეა. მოედანი, რომელიც დღეს ვიხილეთ, იმის გამოვლინებაა, რომ სამი ერთეულის - საერთაშორისო რაგბის საბჭოს, საქართველოს რაგბის კავშირისა და სამუშაოს შემსრულებელი კომპანიის ერთიანობამ, დიდი შედეგი მოიტანა.
- უკვე განხორციელებული და მიმდინარე პროექტების გარდა, კიდევ რაიმეს ხომ არ გეგმავს IRB?
- რასაც რიჩი დიქსონი აკეთებს (ბავშვთა რაგბის განვითარების პროგრამა - რედ.), არის უდიდესი პროექტი, რომელსაც შედეგი, შესაძლოა, არ ჰქონდეს ხვალ, მაგრამ აუცილებლად ექნება მომავალში.  IRB მომავალში დიდ ყურადღებას მიაქცევს მსაჯების განვითარების პროგრამას. კომპლექსი, რომელიც ახლა იქმნება, ერთი-ორად წინ წასწევს იმ საქმეს, რასაც ბავშვთა რაგბის განვითარება ჰქვია. მე მთხოვეს თქვენთვის გადმომეცა, რომ მომავალი წლის აპრილსა თუ მაისში, როდესაც ეს კომპლექსი გაიხსნება, საქართველოს ეწვევა ყველაზე დიდი დელეგაცია, ვიდრე IRB-ს აქამდე სადმე გაუგზავნია.
- ის, რომ IRB კმაყოფილია საქართველოს რაგბის კავშირის მიერ გაწეული სამუშაოთი, ხომ არ იქნება იმის წინაპირობა, რაგბის საერთაშორისო საბჭოს მიერ საქართველოსთვის ფინანსური დახმარება გაიზარდოს?
- მსოფლიოში არსებული ეკონომიური კრიზისის გამო, ზოგადად, დაფინანსება 10 პროცენტით შევამცირეთ. რადგან საქართველოს რაგბის კავშირი კომპეტენტურად ასრულებდა თავის ფუნქციებს, ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ მომავალი ორი წლის განმავლობაში, თქვენი დაფინანსება, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, არანაირად არ შემცირდება (სხვა ქვეყნების დაფინანსება 10 პროცენტით შემცირდა). მაშინვე, როგორც კი საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვდება, აუცილებლად იქნება დამატებითი დაფინანსება, რათა თქვენი გუნდი, 18 თვის განმავლობაში სათანადოდ მოემზადოს ახალ ზელანდიაში კარგი თამაშის საჩვენებლად.

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082427