საფრანგეთის ნაციონალური სარაგბო ლიგა (LNR), მომავალი სეზონიდან, ქვეყნის ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის კლუბებისთვის, სადაც ქართველი ლეგიონერებიც ასპარეზობენ, სახელფასო ზღვარის დაწესებას აპირებს.
Scrum-ის ინფორმაციით, ზედა ზღვარი წლის განმავლობაში 8 მილიონი ევრო, ანუ 7,1 მილიონი გირვანქა იქნება.
აღსანიშნავია, რომ დასახელებული თანხა თითქმის ორჯერ აღემატება ინგლისის ჩემპიონატ “გინეს პრემიერშიპში” დაწესებულ სახელფასო ზღვარს, რომელიც ბრიტანეთში 4 მილიონ ფუნტს შეადგენს.
ამავდროულად, კლუბი ვალდებული იქნება, მაქსიმალური თანხის 20 პროცენტი რეზერვის სახით ჰქონდეს გადანახული იმ შემთხვევისთვის, თუ სასწრაფო წესით ახალი მორაგბეების შეძენა დასჭირდება.
გაიზარდა კლუბის მიერ აღზრდილი მორაგბეების სახელფასო კვოტაც. ამჟამად ის სახელფასო ფონდის 40 პროცენტს შეადგენს, მომავალ წელს 50 პროცენტამდე გაიზრდება, 2012/2013 წლების სეზონში კი მისი ოდენობა 60 პროცენტი გახდება. LNR-ის შეფები ვარაუდობენ, რომ ასეთი ნაბიჯით ახალგაზრდა ფრანგ მორაგბეებს თავის გამოჩენის მეტი შანსი მიეცემათ, რაც ეროვნული გუნდის შედეგებზეც აისახება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია