საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და “სტად ფრანსეს” მორაგბეს, ჟულიენ დიუპის, რაგბის საერთაშორისო საბჭომ ნახევარწლიანი (24 სათამაშო კვირა) დისკვალიფიკაცია შეუფარდა.
Scrum-ის ინფორმაციით, სადისციპლინო კომისიამ ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ფრანგი, მოწინააღმდეგის დაბრმავებას ცდილობდა.
ინციდენტი “ჰეინეკენის თასის” გათამაშების მესამე ტურში მოხდა. შეხვედრა დასასრულს უახლოვდება, “ოლსტერი” “სტად ფრანსეს” ამარცხებდა, ფრანგებს მორიგი შეტევა ჩაეშალათ, სტივენ ფერისამ დიუპის რაქში შესვლა არ დანება და ამ უკანასკნელმა მოწინააღმდეგეს ჯერ თითი თვალში ჩაარტყა, შემდეგ კი ზურგზე დააგდო და მუშტი დააყოლა.
ფრანგის ქცევა, მსგავსი დანაშაულებისათვის ყველაზე მკაცრად შეაფასეს და ახლა ის ვერც თოპ 14-ის, ვერც “ჰეინეკენის თასის” და სანაკრებო დონეზე “ექვსი ერის” გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. დიუპის დისკვალიფიკაციის ვადა 2010 წლის 3 ივნისს ეწურება.
ფრანგული კლუბის კიდევ ერთი მორაგბე დავიდ ატუბე მსგავს დანაშაულში ამხილეს, თუმცა, მისი საკითხის გარკვევა მომავალი წლის იანვრამდე გადაიდო და სასჯელსაც მაშინ შეუფარდებენ. ორივე ზემონახსენებმა მორაგბემ საკუთარი საქციელისათვის ბოდიში მოიხადა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია