ამბები

1:40 | 26.12.2009 | ნანახია 2405 - ჯერ

უკრაინელები ქართული რაგბის მაგალითზე სწავლობენ

უკრაინის რაგბის ნაკრებისა და ხარკოვის “ოლიმპის” მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კოჩანოვმა გასული სეზონი შეაფასა და საკუთარი ნააზრევის უმეტესი ნაწილი ქართულ რაგბზე საუბარს დაუთმო. უკრანიელები გაისად მსოფლიოს 2011 წლის თასის საგზურისთვის იბრძოლებენ, სამომავლო წარმატებებისთვის კი, საფუძვლად სწორედ იმ გზის გამეორება ესახებათ, რომელიც ქართველმა მორაგბეებმა განვლეს.
“თუკი სერიოზული ნაბიჯების გადადგმა გვსურს, ქართველთა მაგალითი უნდა ავიღოთ. მათთან რაგბისადმი მიდგომა ისეთია, როგორიც არცერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არ მინახავს. სწორედ ამიტომაა, რომ წარმატებებით ქართველებთან ახლოსაც ვერ მივდივართ.
საქართველოში ყოფნისას, მათი რაგბისადმი მიდგომით აღფრთოვანებული დავრჩით. ბიჭუნები ქუჩებში რაგბის ბურთით დადიოდნენ. იქ ბევრი საბავშვო და ახალგაზრდული გუნდია. მაშინ, როდესაც რუსეთსა და უკრაინაში რაგბი დაღმა მიექანებოდა, ქართველებმა წამყვანი მოთამაშეები საზღვარგარეთ, ძირითადად, საფრანგეთში მიავლინეს, სადაც რაგბი ძალიან პოპულარულია.
ცნობისთვის, ახლანდელი საქართველოს ნაკრები, ფაქატობრივად, სრულად საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული. გასაკვირი არაა, რომ შედეგიც ჩინებული აქვთ. მათ დონემდე ბევრი გვაშორებს.
ეს სხვაობა თბილისში გამართულ მატჩშიც გამოჩნდა, რომელშიც საქართველოს A ნაკრებთან დავმარცხდით. ჩვენ ჯარიმების უმეტესობა ავაცილეთ, ქართველების ყველა დარტყმა კი კარში მიდიოდა. ეს მათი მორაგბეების დიდ გამოცდილებაზე მეტყველებს. მათი თამაში უკვე მაღალ დონეზეა აყვანილი”, - განაცხადა კოჩანოვმა უკრაინულ პრესასთან საუბარში. 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.074755