ამბები

10:33 | 27.12.2009 | ნანახია 2230 - ჯერ

მგელაძემ პერსპექტივა ირჩია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული პირველობის ვიცე-ჩემპიონი გუნდის, “ბათუმი XV”-ის აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლევან მგელაძე თითქმის ერთი თვეა თბილისის “ვისოლი-ყოჩებს” ავარჯიშებს.
როგორც მგელაძემ “მსოფლიო სპორტთან” საუბრისას განაცხადა, ბათუმელებს მწვრთნელის შენარჩუნება სურდათ, მაგრამ მას კლუბის გამოცვლა მშობლიურ ქალაქში დაბრუნების სურვილმა და მეტმა პერსპექტივამ გადააწყვეტინა. ერთ-ერთმა საუკეთესო ქართველმა სპეციალისტმა, რომელიც ერთ დროს ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს ავარჯიშებდა, ახალ კლუბთან კონტრაქტი 1+1 სისტემით შეათანხმა და მასზე ხელმოწერას უახლოეს პერიოდში დასვამს. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება ჯერ ოფიციალურად არ გაფორმებულა, მგელაძემ გუნდი უკვე შეკრიბა და ერთი თვეა ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე ავარჯიშებს.
ლევან მგელაძე: “ვისოლი-ყოჩების” ხელმძღვანელობასთან საკონტრაქტო პირობები შევათანხმე, თუმცა, მასზე ხელი ჯერ არ მომიწერია. მიუხედავად ამისა, ჩათვალეთ, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია. უახლოეს პერიოდში, ამ ფორმალობასაც მოევლება და თბილისურ კლუბთან ხელშეკრულებას, ჯერჯერობით, 1+1 სისტემის გავაფორმებ. ამის შემდეგ, უფრო დაწვრილებით შეგვეძლება საუბარი.
- გასულ სეზონში, უმაღლესი ლიგის დებიუტანტი “ბათუმი XV”, რომელიც არცთუ ძლიერი შემადგენლობით გამოირჩეოდა, ბევრისთვის მოულოდნელად ფინალში გაიყვანეთ. როგორ შეგელივნენ ბათუმელები?
- ძალიან სურდათ ჩემი დატოვება და ახალ კონტრაქტსაც მთავაზობდნენ, მაგრამ თბილისელი ვარ და ამ ეტაპზე, მშობლიურ ქალაქში ვარჩიე დაბრუნება. გარდა ამისა, “ვისოლი-ყოჩები” უფრო ახალგაზრდული და მეტი პერსპექტივის მქონე გუნდია.
- ვინ დაგეხმარებათ გუნდის მომზადებაში?
- გუნდი თითქმის ერთი თვეა შევ¬კრიბეთ და საერთო ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ვზრუნავთ. ჯერჯერობით, “ვისოლი-ყოჩების” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ნიკოლოზ ჭავჭავაძე და ირაკლი გიორხელიძე მეხმარებიან.
- ბოლო ჩემპიონატის ფლეი ოფში თქვენი ყოფილი გუნდი “ვისოლი-ყოჩებს” სამჯერ შეხვდა და ალბათ, მისი სუსტი წერტილებიც კარგად გეცოდინებათ.
- “ვისოლი-ყოჩები” დაცვაში მოიკოჭლებდა და ახლა სწორედ ამ კომპონენტის გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ. მჯერა, ვარჯიშებით ამ და სხვა ნაკლოვანებათა აღმოფხვრასაც შევძლებთ. გუნდში მრავლადაა ახალგაზრდა, ნიჭიერი მორაგბეები, რომლებიც საქართველოს A ნაკრების წევრები და ეროვნული გუნდის კანდიდატები არიან. ასე რომ, მათ ამის გაკეთება არ გაუჭირდებათ.
გუნდში საერთოდ არ დამხვდა 10 და 15 ნომერი, ვინც იყვნენ, ისინი გუნდიდან წავიდნენ, მორაგბეებს კომუნიკაციაც აკლდათ. ვეცდებით, არსებული რესურსი სრულად გამოვიყენოთ და პირველ გუნდში თავად “ვისოლი-ყოჩების” აღზრდილი მორაგბეები დავაწინაუროთ. სავარაუდოდ, 2-3 მორაგბეს დავიმატებთ, მაგრამ ბევრს ნამდვილად არა. საკუთარი კადრებით გავალთ ფონს.
- ახალი სეზონისთვის როგორ აპირებთ მომზადებას?
- როგორც გითხარით, ამჟამად ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე თბილისში ვვარჯიშობთ და 2 საკონტროლო შეხვედრაც ჩავატარეთ. ამჟამად იმ შემადგენლობის გარკვევის პროცესში ვართ, ვის ზურგზეც მომავალმა ჩემპიონატმა უნდა გადაიაროს. მომზადების გეგმა ჩამოყალიბების პროცესშია და მას კლუბის ხელმძღვანელობას, დაახლოებით, ერთ კვირაში წარვუდგენ. კლუბის გამგეობა ჩემს გეგმას და მის ფინანსურ საკითხებს განიხილავს და როგორც გადაწყდება, ჩვენც ისე მოვემზადებით.

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082021