ამბები

22:46 | 27.12.2009 | ნანახია 3665 - ჯერ

საუკეთესო ისევ გორგოძეა, დანარჩენი - ყიასაშვილი

მიმდინარე წლის დასრულებამდე რამდენიმე დღე დარჩა, თუმცა, სარაგბო სეზონი პრაქტიკულად ამოიწურა და საქართველოს რაგბის კავშირმაც საუკეთესოები გამოავლინა. გასული წლის მსგავსად, გამოკითხვაში პირველობა არავის დაუთმო საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგულ TOP14-ში მოასპარეზე “მონპელიეს” მეორე-მესამეხაზელმა მამუკა გორგოძემ, შიდა პირველობაში კი, თითქმის ყველაფერი ირაკლი ყიასაშვილს ერგო.
როგორც წესი, სხვადასხვა სპორტული კავშირების, ფედერაციების, ორგანიზაციებისა თუ სამსახურების მსგავსად, საქართველოს რაგბის კავშირიც ავლენს საუკეთესოებს და ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა. გამოკითხვაში რაგბის კავშირისა და კლუბების ხელმძღვანელობასთან ერთად, მასმედიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ამჯერად, საზეიმო ცერემონიალი დიდუბის საგამოფენო პავილიონში გაიმართა და მას თემურ ჯაფარიძე წარუძღვა.
უწინარესად, მან გასული წლის შედეგები მიმოიხილა მოკლედ. საუბარი არა მხოლოდ სანაკრებო, არამედ შიდა ჩემპიონატსაც შეეხო და ხაზგასმით აღინიშნა, რომ სპორტისა და ახლგაზრდობის დეპარტამენტმა, საუკეთესო ფედერაციათა ნომინაციაში პირველობა სწორედ რაგბის კავშირს მიანიჭა. მიკროფონთან საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, გია ნიჟარაძე მივიდა და სეზონი წარმატებულად კი შეაფასა, მაგრამ წარუმატებლობებიც არ დაივიწყა.
“საერთო ჯამში, სეზონი წარმატებული იყო. კლუბების რაოდენობა 21-დან 43-მდე გაიზარდა და ბავშვთა რაგბშიც უამრავი ახალი კადრი გამოჩნდა, მაგრამ თუ მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, მათი რაოდენობა კიდევ უფრო მეტი იქნება” - თქვა ნიჟარაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა საქართველოს უმაღლესსა თუ პირველ ლიგაში მოასპარეზე კლუბებს. განსაკუთრებით ხაზი გაუსვა რეგიონებში რაგბის განვითრების საკითხს და დასძინა - “გაზაფხულში, უკვე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, რაგბის კერები რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში დაფუძნდება, რის შემდეგაც, პრაქტიკულად, მთელს საქართველოს მოვიცავთ”.
ნიჟარაძემ ქართული რაგბის განვითარების პერსპექტივისათვის მომავალი წლის ციკლის მნიშვნელობას განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი. თუკი საქართველოს ეროვნული გუნდი 5-დან სამ თამაშს მაინც მოიგებს, მაშინ ახალი ზელანდიის საგზური განაღდებული გვექნება, რაც მსოფლიო ფორუმზე მონაწილეობასთან ერთად, რაგბის მსოფლიო საბჭოსგან ოთხწლიანი მხარდაჭერის ტოლფასია და სრკ-ის გეგმებიც სრულად შესრულდება. აქვე, მან მადლობა გადაუხადა სპონსორებს და ისაუბრა იმ “ინკოგნიტო” ადამიანზე, ვინაც ქართული რაგბისათვის წლეულს უანგაროდ დაიხარჯა - საფუძველი ჩაუყარა A ნაკრების ჩამოყალიბებას, დააფინანსა რიჩი დიქსონის ჩამოყვანა, რომელმაც შექმნა ქართული რაგბის განვითარების პროგრამა, რაგბის კავშირს უსახსოვრა 2 ავტობუსი, კომპენსაციას უხდის საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს, რომლებსაც ნაკრებში თამაშის გამო კლუბები ხელფასს უქვითავენ, აშენებს “შევარდენის” ბაზას და “სინათლის” სტადიონს, აგრეთვე, აშენებს სტადიონს რუსთავში სახელმწიფოს მიერ ნაბოძებ მიწის ნაკვეთზე და კიდევ, ააშენებს 14-16 სტადიონს ასევე სახელმწიფოს მიერ რაგბის კავშირისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე. ესაა - კომპანია “ქართუ”, და თუკი რაგბის კავშირის პრეზიდენტს კონკრეტული სახელისა და გვარის დასახელების უფლება არ აქვს, ამ უფლებას საკუტარ თავს არც ჩვენ მივცემთ.
საზეიმო ცერემონიალი საქართველოს 2009 წლის ბრინჯაოს მედლის მფლობელ და წინა წლის ჩემპიონ თბილისის “ლოკომოტივისთვის” მედლების გადაცემით დაიწყო. 2008 წლის ჩემპიონებმა ბრინჯაო არ დაგვებედოსო და მედლები უმალვე ჩამოიხსნეს კისრიდან, მაგრამ მათ მთავარი ჯილდო წინ ჰქონდათ - საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ, საქართველოს რაგბის კავშირისთვის ბოძებული დიღომში მდებარე “ლოკომოტივის” ბაზა ამ სარაგბო კლუბს გადაეცა. დადგა ვერცხისმედალოსანთა ჯერი და “ბათუმი XV” გულმხურვალედაც მიიღეს, რადგანაც საქართველოს უმაღლესი ლიგის დებიუტანტისგან საჩემპიონო მატჩში მონაწილეობას არავინ ელოდა, თუმცა, მთავარი პრიზი მათაც წინ ჰქონდათ - სახელმწიფოსა და აჭარის მთავრობის მიერ, ბათუმის ცენტრში რაგბის კავშირისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთი, რომელზეც კომპანია “ქართუ” კოხტა სტადიონს მოაწყობს, ამ კლუბის საკუთრებაში გადავა. და ბოლოს, საქართველოს ჩემპიონმა, თასის მფლობელმა, დუბლშემადგენლობისა და “ა” ლიგის გამარჯვებულმა, თბილისის “ლელომ”, ბრწყინვალე, დაუმარცხებელი სეზონის საკადრისი ოქროს მედლები ოფიციალურად ჩაიბარა.
ამის შემდეგ, ინდივიდუალურად წარმატებული სპორტსმენებისა თუ რაგბში მოღვაწე პიროვნებათა დაჯილდოვების დრო დადგა, თუმცა, ჯერ იმ მორაგბეთა გვარებს გაგაცნობთ, რომლებმაც ეროვნული ჩემპიონატის ნაკრები შეადგინეს: 15. ირაკლი ყიასაშვილი (ლელო), 14. ალექსანდრე თოდუა (ლელო), 13. გიგა კორკელია (ლელო), 12. გოჩა ხონელიძე (ბათუმი XV), 11. ირაკლი გეგენავა (ვისოლი-ყოჩები). 10. ლაშა ხმალაძე (ლელო), 9. გიორგი კაჭარავა (ლელო); 1. კარლენ ასეიშვილი (ვისოლი-ყოჩები), 2. ირაკლი ჭყონია (ლელო), 3. მიხეილ სუჯაშვილი (ლელო), 4. ლაშა აზალაძე (ლელო), 5. ნიკოლოზ ჩიტიძე (ლოკომოტივი), 6. ილია მაისურაძე (ლელო), 7. ვიტო კოლელიშვილი (ლელო), 8. ზვიად მაისურაძე (ლოკომოტივი) და გელა სირბილაძე (ბათუმი XV).
შეამჩნევდით, რომ სიმბოლურ ნაკრებში 8 ნომრის პოზიციაზე ორი მორაგბეა წარმოდგენილი, მაგრამ ეს იმიტომ მოხდა, რომ ორივე მათგანმა თანაბარი რაოდენობის ქულები დააგროვეს...
ყველაზე კორექტული გუნდი “ლოკომოტივი” გახდა, რომელსაც “კაპაროლმა” მუსიკალური ცენტრი გადასცა, ალბათ, იმიტომ, რომ მათი სიმშვიდე არ დაირღვეს და ასე კორექტულები კიდევ დიდხანს იყვნენ. ქვეყნის ჩემპიონი გუნდის მთავარი მწვრთნელი, ლევან მაისაშვილი კი, საუკეთესო “მთავარსარდლად” დასახელდა და “ჯი თი გრუპისგან” ციფრული ვიდეოკამერა შეხვდა.
ერთდროულად, 3 პრიზი შეხვდა ირაკლი ყიასაშვილს. ის საქართველოს 2009 წლის ჩემპიონატის საუკეთესო მექულე და საუკეთესო მელელოვე გახდა და საუკეთესო მორაგბედაც სრულიად დამსახურებულად დასახელდა. კომპანია “არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ”, როგორც საუკეთესო მელელოვეს მუსიკალური ცენტრი უძღვნა, “სი აირ პიმ”, საუკეთესო მელელოვეობისათვის ტელევიზორი უსახსოვრა, საუკეთესო მორაგბის წოდებისთვის კი, “კავკასუს ონლაინმა” ლეპტოპი, ერთწლიანი უფასო ინტერნეტით გადასცა.
საუკეთესო მსაჯი, გიორგი ამირხანაშვილი გახდა, რომელსაც “კავკაზუს ონლაინმა” ერთწლიანი უფასო ინტერნეტ-მომსახურების უფლება მისცა, ვეტერანი, იუბილარი მორაგბეები კი, რაგბის კავშირთან ერთად, “ორიფლეიმმა” დააჯილდოვა.
წლის საუკეთესო მორაგბე, გასული წლის მსგავსად, წლეულსაც საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფრანგეთის თოპ 14-ის მეორე-მესამეხაზელი მამუკა გორგოძე დასახელდა. მის კლუბს საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონში 30 დეკემბერს მორიგი ტურის მატჩი ელის და საპატიო მიზეზის გამო, ის დაჯილდოებას ვერ დაესწრო, მისმა მამამ კი, შვილის დამსახურებისამებრ, “ბაზის ბანკისგან” პლასტიკური ბარათი ჩაიბარა, რომელზეც 2 000 ლარია დარიცხული და 2 000 ლარის სეკრედიტო ლიმიტიც იყო ჩატვირთული. რაგბის კავშირმა გორგოძეს თავისებური ძღვენი გაუკეთა და წინა წლისგან განსხვავებით, როდესაც მას სხვადასხვა ზომის ხანჯლები გადასცა, “ერთა თასზე” სხვადასხვა წონის მოწინააღმდეგეთა “დასახანჯლად”, ამჯერად, სანადირო თოფი უსახსოვრა, ტყვიათა კალიბრს კი, მამუკა მოწინააღმდეგეებისათვის უკვე თავად შეარჩევს.
და კიდევ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელთა სამეული -  მალხაზ ჭეიშვილი, დავით ჩავლეიშვილი და პაატა ნარიმანაშვილი – რომელმაც 2007 წელს “ბორჯღალოსნები” მსოფლიო თასზე გაიყვანა და იქაც წარმატებით ათამაშა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტმა, საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელებად დაასახელა.

ზურა ქსოვრელი


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087681