ზედიზედ ორი წელია ლევან მაისაშვილი საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად სახელდება. 2008 წლის სეზონში, მისმა გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის ფინალი ითამაშა და თასი მოიგო, წლეულს კი, თასისა და ჩემპიონობის მოპოვებით, დუბლი შეასრულა. 34 წლის მაისაშვილს “ლელოს” გაჩემპიონებასა და თასის შენარჩუნებაში, უდავოდ, დიდი წვლილი მიუძღვის. სწორედ ამიტომ, საქართველოს რაგბის კავშირმა მას 19-წლამდელთა და A ნაკრების გაძღოლა მიანდო და ახალგაზრდა სპეციალისტმაც თავი არ შეირცხვინა. ლევანს ერთი დიდი უპირატესობა აქვს - ის სწავლას არ თაკილობს და საკუთარ წარმატებას მისსავე სრულ გუნდს - კლუბის ხელმძღვანელობასა და მორაგბეებს უმადლის.
ლევან მაისაშვილი: უპირველესად, სასიამოვნო მომენტია, როდესაც ზედიზედ მე-2 წელია საუკეთესო მწვრთნელად გაღიარებენ. ერთია, რეალურად რას აკეთებ და მეორე, ამ ყველაფერს რომ გიფასებენ, თანაც ის ადამიანები, რომლებიც რაგბიში სრულყოფილად არიან ჩახედულნი და მხოლოდ შედეგებით არ მსჯელობენ.
- სიამოვნებასთან ერთად, პასუხისმგებლობაც დიდია.
- რა თქმა უნდა. გარკვეულწილად, ეს ტვირთიცაა. იყო საუკეთესო, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხარ სრულყოფილი. ეს ყველაფერი საწინდარია იმისა, რომ საკუთარ თავზე თუ გუნდზე, უფრო მეტი ვიმუშავო და მომავალშიც, მთელმა გუნდმა წარმატებებს მივაღწიოთ. დარწმუნებული ვარ, მომავალში კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება და ამისათვის, როგორც მე, ასევე გუნდი, მზად უნდა ვიყოთ.
- როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა თქვენი საუკეთესოდ აღიარება?
- პროცენტული მონაცემით თუ ავიღებთ, ამაში ყველაზე დიდი წვლილი კლუბს და მის სწორ სტრუქტურას მიუძღვის. მარტივად ფონს ვერ გავიდოდით, რომ არა კლუბის ხელმძღვანელობის სწორი მუშაობა, კლუბში მომუშავე სრული პერსონალისა და უშუალოდ მოთამაშეების ორგანიზებული გარჯა. ამისათვის, მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო და განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო მორაგბეთა და ჩემი ასისტენტების როლი. ერთია, როგორ დაგეგმავ საწვრთნელ თუ სათამაშო პროცესს და მეორე, როგორ განახორციელებენ მას მოთამაშეები მოედანზე.
- თუ საიდუმლო არაა, როგორ აპირებთ თქვენთვის გადმოცემული ციფრული კამერის გამოყენებას?
- საჩუქრისთვის დიდი მადლობა “ჯი თი გრუპს”. ამ კამერას უფრო პირადი მოხმარებისთვის გამოვიყენებ, თორემ გუნდის თამაშის ხარისხის გასაუმჯობესებლად ის ნაკლებად გამომადგება. თამაშის ჩანაწერები აქამდეც გვქონდა და მისი გარჩევა ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ ნაკრების მწვრთნელებს 4-5 სემინარი გვქონდა ამ კუთხით და შეხვედრების გარჩევა სულ სხვა ხარისხით უნდა ხდებოდეს. ცოტა ხნის წინათ, ფრანგების მიერ გადაღებული თამაშის ვიდეოჩანაწერის გარჩევას ვუყურე და ის საქარ¬თველოსა და იტალიის ნაკრებთა მატჩის იტალიელთა გარჩევის ვერსიას რომ შევადაროთ, უზარმაზარი განსხვავებაა. ახლა წარმოიდგინეთ, რამხელა სხვაობაა ჯერ ჩვენსა და იტალიელებს შორის და რა შორს ვართ იმ სრული ანალიზისგან, რასაც პროფესიონალური რაგბი მოითხოვს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია