ამბები

15:59 | 28.12.2009 | ნანახია 2233 - ჯერ

მზღვეველმა და მორაგბეებმა საგურამოს ბავშვთა სახლის აღსაზრდელები გაახარეს

საქართველოს რაგბის კავშირისა და სადაზღვევო კომპანია “არქიმედეს გლობალ ჯორჯიას” წარმომადგენლები დღეს საგურამოს ბავშვთა სახლს ეწვივნენ და პატარებს მცირედი საჩუქარი გაუკეთეს.
საგურამოს ბავშვთა სახლი რაგბის კავშირმა ერთი თავისებურების გამო ირჩია. სხვა მსგავსი დაწესებულებებისგან განსხვავებით, იქ მცხოვრებ ბავშვებს რაგბის გაკვეთილები უტარდებათ, სისტემატიურად ვარჯიშობენ და შესაძლებელია, რომელიმე მათგანმა მომავალში დიდი რაგბი ითამაშოს.
რაგბის კავშირის ოფიციალურმა მზღვეველმა, კომპანია “არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ” მოიფიქრა, ამ ბავშვებისთვის ფორმები შეეკერა და ამისთვის საჭირო სახსრები გამოჰყო, ფორმები კი შპს “ქართულმა რაგბმა” დაამზადა და საახალწლოდ, ბავშვებმა სასიამოვნო საჩუქარი მიიღეს. თბილი სპორტული ფორმა, რომელიც ყველა აღსაზრდელისათვის ინდივიდუალურად დამზადდა, მათ “არქიმედეს გლობალ ჯორჯიას” პრეზიდენტმა ნიკოლოზ რამიშვილმა, მისმა შვილმა გიორგიმ, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ და სრკ-ს სხვა წარმომადგენლებმა გადასცეს.
რაგბის კავშირმა ბავშვებს თავის მხრივ 2010 წლის სარაგბო კალენდრები უსახსოვრა და პირადად პრეზიდენტი დაპირდა, რომ 6 თებერვალს, ამ ბავშვებს საქართველოსა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებთა 2010 წლის “ერთა თასისა” და 2011 წლის ახალი ზელანდიის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მატჩზე ორგანიზებულად წაიყვანს.
თბილი შეხვედრის შემდეგ, ბავშვებმა სტუმრებს მცირე ზეიმი მოუწვეს და იმედი გამოთქვეს, რომ ეს სტუმრობა ერთჯერადი არ იქნება. თავის მხრივ ნიჟარაძე ბავშვებს დაპირდა, რომ მათ თამაშს აუცილებლად დაესწრება. ხშირი სტუმრობის პირობა, ბავშვებს რამიშვილმაც აღუთქვა.

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076534