საქართველოს 2009 წლის საუკეთესო მორაგბე, ბომბარდირი და მელელოვე ირაკლი ყიასაშვილი, საკუთარი და ქართული რაგბის გულშემატკივრებს ჰპირდება, რომ მომავალ წელს, თამაშს და შედეგს კიდევ უფრო გააუმჯობესებს და ეროვნულ ნაკრებში ადგილს დაიმკვიდრებს.
მან იცის, რომ უმაღლეს დონეზე სათამაშოდ, ფიზიკური კონდიციების ამაღლება სჭირდება და მომავალი ვარჯიშებისათვის სერიოზულად ემზადება. საქართველოს ჩემპიონი, ისევე როგორც მთელი მისი გუნდი, მძიმე სეზონის შემდეგ ისვენებს და ძალებს იღდგენს, 4 იანვრიდან კი, “ლელოსთან” ერთად ვარჯიშს შეუდგება და უპირველესად, ფიზმომზადებაზე იზრუნებს.
გასული სეზონის თავგამოჩენილი მორაგბეების დაჯილდოვებაზე, ყიასაშვილმა საუკეთესო მექულეობისთვის სადაზღვევო კომპანია “არქიმედეს გლობალ ჯორჯიასგან” მუსიკალური ცენტრი მიიღო, “სი აირ პიმ”, საუკეთესო მელელოვეობისათვის ტელევიზორი უსახსოვრა, ხოლო საუკეთესო მორაგბის წოდებისთვის, “კავკასუს ონლაინმა” ლეპტოპი და ერთწლიანი უფასო ინტერნეტმომსახურების ბარათი გადასცა. დაჯილდოვების შემდეგ “ლელომ” საკუთარი, ყიასაშვილის და ლევან მაისაშვილის (ის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა) წარმატება ერთობლივად აღნიშნა, “მსოფლიო სპორტი” კი ყიასაშვილს ორიოდე დღის შემდეგ დაუკავშირდა და პირადი და გუნდური წარმატების შეფასება მორაგბეს ცივ გონებაზე სთხოვა.
ირაკლი ყიასაშვილი: ასეთმა აღიარებამ, მომავალი წლისთვის მეტი სტიმული მომცა. ვეცდები გაორმაგებული ენერგიით ვივარჯიშო, უკეთ მოვემზადო, საკუთარი შესაძლებლობები კიდევ უფრო მეტად წარმოვაჩინო და ეროვნულ ნაკრებში თამაშის უფლება მოვიპოვო.
- სამი პრიზიდან, შენთვის ყველაზე სასიამოვნო რომელი იყო?
- საუკეთესო მორაგბედ დასახელება. ის, რომ საუკეთესო მექულე და მელელოვე გავხდებოდი, წინასწარ ვიცოდი. შეკრებებზე, როდესაც თავისუფალი დრო გვქონდა, ბიჭები ლელოებსა და ქულებს ვითვლიდით. რადგან “ლელოში” საუკეთესო მაჩვენებელი მქონდა, ვიცოდი, რომ ვეღარავინ გადამასწრებდა. უმთავრესი კონკურენტი ბობა კვინიხიძე იყო, მაგრამ “ლოკომოტივს” იმის ნახევარი ქულები ჰქონდა მოგროვილი, რაც ჩვენ. ამრიგად, ბომბარდირობისთვის ბრძოლაში ის ვეღარ გადამასწრებდა. ყველაზე მეტად, საუკეთესო მორაგბედ დასახელებამ გამახარა. ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო.
- მიღებული საჩუქრებიდან, რომელმა უფრო დიდი სიხარული მოგანიჭა?
- ყველასი დიდი მადლობელი ვარ და ყველა საჩუქარმა გამახარა, თუმცა, ამ ეტაპზე ყველაზე მეტად “ლეპტოპი” მჭირდებოდა. უცხოური შეკრებების დროს ის ძლიერ წამადგება. ყოველდღიური ურთიერთობა მექნება ოჯახის წევრებთან და მათაც სანერვიულო ნაკლები ექნებათ.
- წარმატება როგორ აღნიშნე?
- თანაგუნდელებთან და მეგობრებთან ერთად მოვულხინე. ახლა ცოტა დალევის უფლება გვაქვს, თანაც ახალი წლის წინა პერიოდია და მაინც მოგვიწევს, მაგრამ ზომიერების ფარგლებს არც ახლა და არც მომავალში გავცდები.
- ახალი წლის აღნიშვნას როგორ აპირებ?
- ტრადიციულად სახლში შევხვდები, მერე კი არ ვიცი. ადრეც ასე იყო და მომავალშიც ასე იქნება, სახლში შეხვედრის შემდეგ მეგობრებს ჩამოვუვლი და მივულოცავ.
- “ლელოსთან” ერთად ახალი სეზონისთვის მზადებას როდის დაიწყებ?
- 4 იანვრიდან შევიკრიბებით და ფიზიკურ მზადებას დავიწყებთ. ვირბენთ, უკვე გვყავს მძლეოსნობის მწვრთნელი, კლუბმა იქირავა სატრენაჟორო დარბაზი და ჭიდაობის დარბაზი. ჭიდაობის მწვრთნელი ტატამზე მოგვამზადებს, რათა ბოჭვის ელემენტი დავხვეწოთ. ჩემპიონატის დაწყებამდე 3 თვეა და ეს დრო ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ, რათა ახალი სეზონისთვის კარგად მოვემზადოთ. გასული სეზონი დაუმარცხებლად განვვლეთ, ჩემპიონები ვართ და ჩვენს წინააღმდეგ მეტოქეები სხვა სტიმულით, გაორმაგებული ენერგიით გამოვლენ. ასე რომ, მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ არაფრის დათმობას არ ვაპირებთ და მომავალ სეზონშიც დაუმარცხებლად გამოსვლას ვეცდებით.
- მომავალ სეზონში ვინ იქნებიან “ლელოს” უმთავრესი კონკურენტები?
- ბევრი გუნდი ძლიერდება, მაგრამ ჩემის აზრით, ჩემპიონობისთვის მთავარი კონკურენტები “ლოკომოტივი” და “ვისოლი-ყოჩები” იქნებიან. ორივე მათგანი სერიოზულად ემზადება ახალი ჩემპიონატისთვის. კარგი იქნება, მათ რიცხვს სხვებიც თუ დაემატებიან, რადგანაც რაც უფრო მეტი ძლიერი გუნდი იქნება, მით უფრო საინტერესო გამოვა ჩემპიონატი და ისედაც, ძლიერ მეტოქესთან თამაში უფრო სიამოვნებაა, ვიდრე სუსტის დამარცხება.
- შენის აზრით, რის ხარჯზე მიაღწია “ლელომ” ასეთ წარმატებას?
- გასული სეზონის წინ, მთელი ზამთარი სერიოზულად ვემზადებოდით და ვარჯიშებს, ტრავმისა თუ სხვა მიზეზის გამო, თითქმის არავინ აკლდებოდა. ჩვენი კლუბი პროფესიონალური ხდება, ნელ-ნელა კიდევ უფრო ვიხვეწებით და ახლა, მოსამზადებელ ეტაპს მეტი ყურადღება ექცევა.
- გასული წლის თამაშებიდან რომელს გამოარჩევდი?
- რა თქმა უნდა, ფინალს. ყველა თამაშზე ერთნაირად მობილიზებული გავდივარ, მაგრამ ფინალი მაინც სულ სხვაა. მთელი სეზონი სწორედ ამ გადამყვეტი მატჩისთვის იღვწი, იქამდე დაუმარცხებლად მივედით და საბედნიეროდ, გადამწყვეტი შეხვედრაც საკადრისად ჩავატარეთ.
- შენს დადებით და უარყოფით მხარეებზე რას გვეტყვი?
- დადებით მხარეებზე სხვამ ისაუბროს, მე კი ზუსტად ვიცი, რომ ფიზიკური კონდიციები მაქვს გასაუმჯობესებელი და გპირდებით, ძალ-ღონეს არ დავიშურებ და ამ ნაკლს გამოვასწორებ, რათა მაღალ დონეზე თამაში შევძლო.
- საქართველოს A ნაკრებმა და მასში თამაშმა რა შეგძინა?
- უდიდესი საერთაშორისო გამოცდილება შევიძინეთ და კარგი იქნება, თუ ეს პროექტი მომავალშიც გაგრძელდება. რამდენადაც ვიცი, მომავალ წელს სამხრეთ აფრიკული ტურნე და ევროპის ეროვნულ ნაკრებებთან გასვლითი შეხვედრები გველის, რაც ძალიან კარგია. იქ თამაშს სულ სხვა ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს, რადგანაც ეროვნულ გუნდამდე ერთი ნაბიჯიღა გრჩება. სულ A ნაკრების წევრად თუ დარჩი - ცუდია, მაგრამ იქ თამაშით საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება და ეროვნული გუნდის მაისურის მორგების შანსი გეძლევა.
- ეროვნულ ნაკრებში შენს - 15 ნომრის პოზიციაზე პრობლემა გვაქვს და იქ სხვა ამპლუის მერაბ კვირიკაშვილი ირჯება. როგორ ფიქრობ, მზად ხარ ამ ადგილის დასაკავებლად?
- ვერ ვიტყვი, რომ ამჟამად ნაკრებში სათამაშოდ ბოლომდე მზად ვარ. ეროვნულ გუნდში რამდენიმე შეხვედრა მაქვს ჩატარებული და კარგად ვიცი, რომ იქ ადგილის დასამკვიდრებლად ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესება მჭირდება. სასიამოვნოა, როდესაც მოედანზე გადიხარ და საკუთარი ქვეყნის სახელს უმაღლეს დონეზე იცავ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ვარჯიშებით ფიზიკურ მონაცემებს უსათუოდ გავზრდი და ეროვნულ გუნდშიც აუცილებლად ვითამაშებ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია