საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების პირველხაზელების, აქვსენტი გიორგაძისა და დავით ზირაქაშვილის გუნდები, შესაბამისად “კასტრი” და “კლერმონი”, ახალ წელს საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის სათავეში ხვდებიან.
ევროპის საკლუბო ტურნირების გამო, საფრანგეთის პირველობა 25 დღით ისვენებდა და გუნდები შიდაპირველობას ახლაღა დაუბრუნდნენ. აქვსენტი გიორგაძის “კასტრმა”, გოდერძი შველიძისა და ბექა შეყლაშვილის “მონტობანს” უმასპინძლა და 30:7 დაამარცხა. ამრიგად, “კასტრმა” 51 ქულა მოაგროვა, სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს და არც იმის საშიშროება ემუქრება, რომ მატჩნაკლული ქვეყნის ჩემპიონი “პერპინიანი” წამოეწევა, რადგანაც XVI ტურში ის “ტულუზასთან” 11:22 დამარცხდა და ახლა გამოტოვებული მატჩი რომც მოიგოს, გიორგაძის გუნდს ვერ დაეწევა. “კასტრის” ხელმძღვანელობას და მორაგბეებს გული შეიძლება მხოლოდ იმაზე დაწყდეთ, რომ პრემიალური ქულის აღება ვერ შეძლეს, რადგანაც ამისათვის საჭირო ლელოთა რაოდენობა ვერ დააგროვეს. გუნდის განაცხადში მხოლოდ გიორგაძე და შველიძე მოხვდნენ და ორივემ შეცვლაზე ითამაშა. “მონტობანი” 30 ქულით მე-11-ეა.
ცხრილის მეორე საფეხურს უწია დავით ზირაქიშვილის “კლერმონმა”, რომელმაც დავით ხინჩაგიშვილის “ბრივი” 52:10 გაანადგურა, თანაც 7 ლელო გაიტანა, გამარჯვების ოთხს, ერთი პრემიალური ქულაც შემატა და ჯამში 4 დააგროვა. ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეცვალეს, ხინჩაგიშვილი კი პირიქით, მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შევიდა. “კლერმონის” დარად 47 ქულა აქვს “მეტრო რასინგს”, რომელმაც “ბაიონი” სტუმრად რთულ ბრძოლაში 23:19 დასცა, ზედიზედ მეცხრე (!) გამარჯვება მიითვალა და უძლიერესთა შორის წლეულს აღზევებული გუნდი, ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ითვლება, ხოლო “ბრივი” 33 ქულით მე-9 პოზიციაზეა.
საფლეიოფო ექვსეულში ადგილი გაიმყარა კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერის, დავით ქუბრიაშვილის “ტულონმა”, რომელმაც აუტსაიდერი “ალბი” 41:13 დაიბრიყვა. ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეცვალეს, მისმა გუნდმა კი პრემიელური ქულის მოპოვება შეძლო, ახლა 43 ქულა აქვს, მე-6 პოზიციაზე და უახლოეს მდევარ “სტად ფრანსეს” ოთხი ქულით უსწრებს.
ამაში წვლილი საქართველოს ბოლო ორი წლის საუკეთესო მორაგბე მამუკა გორგოძისა და გიორგი ჩხაიძის “მონპელიეს” მიუძღვის, რომელმაც “სტად ფრანსე” ტურის ყველაზე საინტერესო და დაძაბულ ბრძოლაში 25:23 დაამარცხა. პირველი ტაიმი ფრედ 6:6 დამთავრდა, მეორე ტაიმის დასაწყისში, სტუმრები 14 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა, მასპინძლებმა ძალა გამონახეს და დროის ამოწურვამდე რამდენიმე წამით ადრე გატანილი ჯარიმით, დრამატული და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. საქართველოს ნაკრების წვერთაგან, ჩხაიძე გუნდის განაცხადში ვერ მოხვდა, გორგოძემ კი თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, პირველი ტაიმის მიწურულს მეტოქეს წაეჩხუბა, რის გამოც რეფერიმ ორივე მათგანს ყვითელი ბარათი უჩვენა და 10-10 წუთით მოედნიდან მიაბრძანა, ისე კი, შეუცვლელად გაისარჯა. “მონპელიე” 33 ქულით მე-10 ადგილზეა.
ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში, დიმიტრი იაშვილის “ბიარიცმა” “ბურგონს” 23:6 სძლია და 37 ქულით სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილი უკავია. Top 14-ის XVII რაუნდის შეხვედრები 3 იანვარს გაიმართება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია