ამბები

11:43 | 4.01.2010 | ნანახია 2334 - ჯერ

ხინჩაგიშვილმა ჩემპიონს ახალი წელი ლელოთი მიულოცა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების პირველხაზელმა, დავით ხინჩაგიშვილმა ახალი, 2010 წლის დაწყება, ლელოთი აღნიშნა და წლეულს პირველი ქართველი მორაგბე გახდა, რომელმაც საკუთარი ანგარიში გახსნა.
საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის XVII ტურში, ქართველი ლეგიონერის “ბრივი” ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ “პერპინიანს” მასპინძლობდა. გასული წლის ბოლო ჯახში, “ბრივი” ვიცე-ჩემპიონ “კლერმონთან” 10:52 განადგურდა, ახლა კი ხინჩაგიშვილისა და მისი თანაგუნდელების გარჯამ, ჩემპიონი იმსხვერპლა. “პერპინიანი” მე-13 წუთზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩა, რეფერიმ შერკინების პირველხაზელი გაასინბინა, რითაც ქართველმა ლეგიონერმა ისარგებლა და ორ წუთში ლელოთი ანგარიში გახსნა.
ხინჩაგიშვილმა მიმდინარე Top 14-ის 17 თამაშიდან 15-ში მიიღო მონაწილეობა, 9-ჯერ ძირითად შემადგენლობაში იყო. მთლიანობაში, მოედანზე 759 წუთი გაატარა. გარდა ამისა, მან “ჰეინეკენის თასის” ოთხივე თამაშში იასპარეზა (3-ჯერ ძირითადში იყო, მოედანზე 230 წუთი გაატარა), ლელოს გატანა კი ახლაღა მოახერხა. “პერპინიანმა” ჯარიმით სხვაობა მალევე შეამცირა, მაგრამ მასპინძლებმა შესვენებამდე 2 ჯარიმა გაიტანეს - 11:3. მე-2 ნახევარში “ბრივმა” კიდევ ერთი ჯარიმით იხეირა, მაგრამ მე-60 წუთამდე 2 თავადაც გაუშვა და სხვაობა ხუთ ქულამდე შემცირდა - 9:14. დასკვნითი 20 წუთი მასპინძლებმა მაღალ დონეზე ჩაატარეს, მონაგარს 2 ლელო და თითო-თითო გარდასახვა-ჯარიმა შემატეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მიითვალეს. ამრიგად, “ბრივმა” მოგების ოთხთან ერთად, ერთი პრემიალური ქულაც მიიღო, 38 ქულით სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილი უკავია და საჩემპიონო ფლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს.
ხინჩაგიშვილმა და მისმა “ბრივმა”, ჩემპიონის დამარცხებით საქმე გაუკეთეს აქვსენტი გიორგაძის “კასტრსა” და დავით ზირაქაშვილის “კლერმონსაც”, რომელთა მიზანიც რეგულარული პირველობის პირველ-მეორე საფეხურზე დასრულებაა. საქმე ისაა, რომ წლეულს Top 14-ის საჩემპიონო ფლეი ოფი სხვაგვარი სისტემით ტარდება. ჩემპიონობისთვის ბრძოლას საუკეთესო 6 გუნდი აგრძელებს. საწყის ეტაპზე მესამეადგილოსანი მეექვსეს ეთამაშება, მეოთხე კი მეხუთეს, პირველ-მეორეადგილოსნები ისვენებენ და მე-2 ეტაპზე ზემოაღნიშნულ წყვილს შორის გამარჯვებულებს ხვდებიან. სწორედ ამიტომ, რეგულარული პირველობის პირველ-ორ საფეხურზე დასრულება ყველა გუნდისათვის სანუკვარი ოცნებაა.
ამ გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ლიდერმა, აქვსენტი გიორგაძის “კასტრმა”, რომელმაც საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი “ალბი” 44:10 გაანადგურა და აქტივს პრემიალური ქულაც შემატა. გიორგაძე განაცხადში იყო და მოედანზე 51-ე წუთზე შევიდა, თუმცა, მანამდე მის თანაგუნდელებს საქმე უკვე მოთავებული ჰქონდათ. პირველ ტაიმში “კასტრმა” 3 ლელო გაიტანა და 22:10 მოიგო, მე-2 ნახევრის დასაწყისში მე-4 ლელოც მიითვალა, მთლიანობაში კი, მეტოქეს 6 ლელო “უძღვნა”. “კასტრი” 56 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს, დავით ზირაქაშვილის “კლერმონს” 4 ქულით უსწრებს.
“კლერმონმა” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ფლეი ოფის საგზურისთვის მებრძოლ დავით ქუბრიაშვილის “ტულონთან”, თანაც პრემიალური ქულის აღებაც მოახერხა. მასპინძლებმა პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი ლელო გაიტანეს და შესვენებაზე გასვლისას 10:3-ს იგებდნენ, მე-2 ნახევარში კი კიდევ ოთხჯერ იხეირეს და მეტოქე 39:3 დაამარცხეს. ზირაქაშვილი საკუთარი გუნდის განაცხადში იყო და მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა, ძირითად შემადგენლობაში მყოფი ქუბრიაშვილი კი, სრულად გაისარჯა. “კლერმონი” 52 ქულით მე-2 ადგილზეა, “ტულონს” კი 42 ქულა დარჩა, მე-7 საფეხურამდე დაქვეითდა, მაგრამ მე-6 პოზიციაზე მყოფ “ბიარიცს” მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება.
დიმიტრი იაშვილმა ამ ტურში მხოლოდ 2 ჯარიმა გაიტანა, მისმა “ბიარიცმა” კი, მამუკა გორგოძისა და გიორგი ჩხაიძის “მონპელიე” 26:10 დაამარცხა. ჩხაიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა, გორგოძე კი მოედანზე მე-60 წუთზე შევიდა. მასპინძლებმა თამაში 50 წუთში დაასრულეს - 4 ლელო და 2 ჯარიმა გაიტანეს, თავად ერთი ჯარიმა გაუშვეს და 26:3 დაწინაურდნენ. “მონპელიემ” კინკილა ლელო და გარდასახვა მიწურულს გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. იაშვილი მწვრთნელმა 66-ე წუთზე შეცვალა, მისი “ბიარიცი” 42 ქულით მე-6 ადგილზეა და “ტულონს” დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს, ხოლო “მონპელიე” 33 ქულით მე-10 პოზიციაზეა.
“სტად ფრანსესთან” ფრედ, 6:6 ითამაშა გოდერძი შველიძისა და ბექა შეყლაშვილის “მონტობანმა”. შეყლაშვილი განაცხადში არ იყო, შველიძე კი მოედანზე 55-ე წუთზე გამოჩნდა. ქართველი ლეგიონერების გუნდმა ჯარიმა და არეკნი გაიტანა, სტუმრებმა კი ორჯერვე ჯარიმით იხეირეს. “მონტობანს” 32 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა. ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში ’ტულუზამ” ”ბაიონი” სტუმრად 15:13 დაამარცხა. XVIII ტურის შეხვედრები 8-10 იანვარს გაიმართება.

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086896