ამბები

10:04 | 10.01.2010 | ნანახია 1958 - ჯერ

ქართული დერბები Top 14-ში

საფრანგეთის მორაგბეთა პირველი ელიტარული დივიზიონის, თოპ 14-ის XVIII ტური ქართველ ლეგიონერთა გუნდების ურთიერთშეხვედრებით აღინიშნა.
2008 და 2009 წლების საქართველოს საუკეთესო მორაგბის, მამუკა გორგოძის “მონპელიემ”, გათამაშების ერთპიროვნული ლიდერ, აქვსენტი გიორგაძის “კასტრს” უმასპინძლა და 15:0 დაამარცხა. თავიდანვე ვთქვათ, რომ ქართველ ლეგიონერთაგან, გიორგაძე და გორგოძე ძირითად შემადგენლობებში იყვნენ და სრულად ითამაშეს - პირველი შერკინების პირველ, ხოლო მეორე მეორე ხაზში გაისარჯა. “მონპელიეს” კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი, მესამეხაზელი გიორგი ჩხაიძე, გუნდის განაცხადში ვერ მოხვდა.
ამ შეხვედრისას, ტრიბუნაზე შეკრებილმა 9633-მა მაყურებელმა ლელო ვერ იხილა, თუმცა, მასპინძლები პრაგმატული რაგბითაც გავიდნენ ფონს. პირველ ტაიმში მათ მეტოქეს 4 ჯარიმა გაუტანეს, ზედ საფინალო სასტვენის წინ კი, მეხუთედაც ჯარიმით იხეირეს. მიუხედავად მარცხისა, “კასტრი” 56 ქულით, ჯერჯერობით, პირველ ადგილს ინარჩუნებს და თუ “კლერმონმა” “ტულუზას” დამარცხება ვერ მოახერხა, ის პირველ საფეხურზე, მინიმუმ, მომდევნო ტურამდე დარჩება. “მონპელიეს” 37 ქულა აქვს, მე-10 ადგილზეა და გასავარდნ ზონაში მყოფ “ბაიონს”, რომელსაც 2 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, უკვე მთელი 12 ქულით უსწრებს.
დავით ზირაქაშვილის “კლერმონი”, რომელიც მოცემული მომენტისთვის 52 ქულით მე-2 პოზიციაზეა, XVIII ტურის შეხვედრას დღეს გვიან ღამით სტუმრად გამართავს.
მეორე ქართულ დერბიში დავით ქუბრიაშვილის “ტულონმა” გოდერძი შველიძისა და ბექა შეყლაშვილის “მონტობანს” უმასპინძლა და 18:7 იმარჯვა. ქუბრიაშვილი და შველიძე, თავ-თავიანთი გუნდების ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და სრულად ითამაშეს, შეყლაშვილი კი განაცხადში ვერ მოხვდა. “მონტობანი” მე-10 წუთზე ლელოთი დაწინაურდა და რეალიზაციაც გამოიყენა, მაგრამ ამის შემდეგ ქულები მხოლოდ მასპინძლებმა აგროვეს. ჯონ უილკინსონმა ჯარიმა მე-16 წუთზე გაიტანა, 21-ე წუთზე მასპინძლებმა საპასუხო ლელოს დადება შესძლეს და დაწინაურდნენ, იმავე უილკინსონმა კი რეალიზაციაც ზუსტად შეასრულა - 10:7. ტაიმის ბოლოს უილკინსონმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა, მე-2 ნახევრის მე-8 წუთზე კი, მასპინძლებმა მონაგარს მეორე ლელო შემატეს და საბოლოო შედეგი დააფიქსირეს. “ტულონი” 46 ქულით მე-6 ადგილზეა და საჩემპიონო ფლეი ოფისათვის ბრძოლას განაგრძობს, “მონტობანი” კი 32 ქულით მე-11 პოზიციაზეა და Top 14-ში ადგილის შენარჩუნებას ცდილობს. 
ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო დავით ხინჩაგიშვილის “ბრივმა”, რომელმაც აუტსაიდერ “ალბის” დაძაბულ ბრძოლაში, 17:15 სძლია. ქართველი პირველხაზელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლები, სინბინის გამო, 21-ე წუთზე, მოედანზე 10 წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ, რითაც სტუმრებმა ისარგებლეს და ლელო-გარდასახვით 7:0 დაწინაურდნენ. ტაიმი ასე დასრულდა, ოღონდ მის მიწურულს ყვითელი ბარათი უკვე “ბრივის” 9 ნომერმა მიიღო. სტუმრებმა 10 წუთი კაცნაკლულებმა კი გაძლეს, მაგრამ 53-ე წუთზე კიდევ ერთი მორაგბე გაუსინბინეს და ამჯერად “ალბიმ” რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა და აღნიშნულ პერიოდში 2 ლელო გაიტანა, რომელთაგან ერთი რეალიზაციაც ზუსტად შეასრულეს - 12:7. შეივსო თუ არა სტუმართა შემადგენლობა, მათ საპასუხო ლელო და გარდასახვა გაიტანეს და კვლავ წინ გაიჭრნენ, თუმცა, მასპინძლებმა 71-ე წუთზე გატანილი ჯარიმით ხინჩაგიშვილის გუნდი ერთი ქულით ჩამოიტოვეს. სტუმრებმა თავიანთი წილი ჯარიმის შესრულების უფლება 77-ე წუთზე მიიღეს, დარტყმა ზუსტად შეასრულეს და 4 ქულა აიღეს, რის შედეგადაც, ჯამში, 42 ქულა მოუგროვდათ, მე-9 ადგილზე არიან და რეგულარული პირველობის დასრულებამდე 8 ტურით ადრე ექვსეულში მოხვედრის შანსს ინარჩუნებენ.
საფრანგეთის პასპორტის მქონე დიმიტრი იაშვილის გარჯამ არ უშველა მის “ბიარიცს”, რომელიც 15:25 დამარცხდა. იაშვილმა მოედანზე 79 წუთი გაატარა და 4 ჯარიმა გაიტანა, მისი გუნდი კი, 42 ქულით მე-8 ადგილზეა. 9-მატჩიანი მოგებათა სერიის შემდეგ, ზედიზედ მეორედ დამარცხდა “მეტრო რასინგი”, რომელსაც ქვეყნის ჩემპიონმა, “პერპინიანმა” 31:12 სძლია, “ბურგონისა” და “ბაიონის” შეხვედრა კი, გადაიდო.
დღევანდელი მატჩის შემდეგ, ფრანგული კლუბები ევროთასების ჯგუფური ეტაპის დარჩენილ შეხვედრებზე გადაერთვებიან და Top 14-ის მატჩები 27 იანვრიდან განახლდება.

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.096892