ამბები

10:05 | 11.01.2010 | ნანახია 2011 - ჯერ

ზირაქაშვილი სათავეში!!!

საფრანგეთის მორაგბეთა პირველ ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის XVIII ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდის პირველხაზელის, დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა”, “ტულუზა” სტუმრად, მინიმალური ანგარიშით, 16:15 დაამარცხა და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.
გათამაშების ორგანიზატორებმა, ამ შეხვედრის მნიშვნელობა გაითვალისწინეს და ის ყველასგან გამორჩეულად, ერთი დღით გვიან ჩაატარეს. მანამდე, მე-4 ადგილზე მყოფი მასპინძლები, მეორეადგილოსან “კლერმონთან” მე-11 წუთზე ლელოთი დაწინაურდნენ. სტუმრებმა სამ წუთში ჯარიმით უპასუხეს, მე-17 წუთზე არეკნი მასპინძლებმა გაიტანეს, რასაც ოთხ წუთში სტუმართა არეკნი მოყვა, 23-ე წუთზე კი, ტულუზელებმა მეორე ლელო მიითვალეს, რასაც ამჯერად ზუსტი გარდასახვა დაურთეს და 15:6 დაწინაურდნენ. “კლერმონმა” შესვენებამდე, ჯარიმით, სხვაობის ექვს ქულამდე შემცირება შეძლო, 66-ე წუთზე კი მეტოქეს ლელოთი უპასუხა, რომელსაც ზუსტი რეალიზაცია მიაყოლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
26 წლის ზირაქაშვილი, რომელმაც წლეულს Top 14-ის 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, აქედან 10-ჯერ ძირითად შემადგენლობაში იყო და ერთი ლელო მიითვალა, ამჯერად, საკუთარი გუნდის განაცხადში ვერ მოხვდა. ეს, შესაძლოა, იმით იყო გამოწვეული, რომ მის გუნდს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირის, “ჰეინეკენის თასის” ჯგუფური ეტაპის დარჩენილი შეხვედრები ელის და მწვრთნელმა საკუთარი შერკინების ხაზის ერთ-ერთი ლიდერის დასვენება გადაწყვიტა. ზედიზედ მესამე გამარჯვებამ, “კლერმონი” აქვსენტი გიორგაძის “კასტრს” ქულებით გაუთანაბრა (56), მაგრამ ზირაქაშვილის გუნდს უკეთესი დამატებითი მაჩვენებლები აქვს და პირველ საფეხურზე აინაცვლა. “ტულუზამ” ერთი პრემიალური ქულა აიღო, ქვეყნის ჩემპიონ “პერპინიანის” მსგავსად 50 ქულა აქვს და მასთან მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს, თუმცა, “პერპინიანს” ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ამ სეზონში საფრანგეთის ელიტარული დივიზიონი განსხვავებული სისტემით ტარდება. პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ფლეი ოფის პირველი ეტაპისგან თავისუფლდებიან. პირველ ეტაპზე მესამეადგილოსანი მეექვსეადგილოსანთან, მეოთხეადგილოსანი კი მეხუთეადგილოსანთან ჯახში, სწორედ რეგულარული პირველობის დასრულების შედეგად პირველ-მეორე ადგილზე მყოფ გუნდებთან თამაშის უფლების მოსაპოვებლად იბრძოლებენ.
Top 14-ის მომდევნო XIX ტურის მატჩები 27-28 იანვარს შედგება. ზირაქაშვილის “კლერმონს” კიდევ ერთ უშუალო კონკურენტთან მოუწევს თამაში - 27 იანვარს, სტუმრად, ამჟამად 48 ქულით მე-5 ადგილზე მყოფ “მეტრო რასინგს” დაუპირისპირდება.

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082516