მაშინ, როდესაც საქართველოს ნაკრები “ავჭალაზე” გერმანიას არბევდა, საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დ2-ში მე-18 ტურის თამაშები იმართებოდა და მასში კლუბებში დარჩენილი ქართველი ლეგიონერებიც მონაწილეობდნენ.
ამ კლუბებიდან ნაკრებში ხუთი მორაგბე იყო მოვლენილი და მათგან ერთს - მერაბ შარიქაძეს, ტრავმის გამო არ უთამაშია, ხოლო ანტონ ფეიქრიშვილი, გიორგი ნემსაძე, ლაშა ლომიძე და ბექა გორგაძე მოედანზე იყვნენ.
პრო დ2-ში ლიდერმა, ზაზა ნავროზაშვილის “ლიონმა”, “მონტობანი” სტუმრად 23:17 დაამარცხა. ქართველი ლეგიონერი განაცხადში არც ამჯერად იყო, მისმა თანაგუნდელებმა კი, მეტოქე ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე დაამარცხეს, ოღონდ მეტოქე მეორე ტაიმში გატეხეს (პირველი ნახევარი 5:5 დასრულდა).
ანტონ ფეიქრიშვილის “ბეიონმა” აუტსაიდერს, ელიზბარ ყუფარაძის “დაქსს” უმასპინძლა მას პრემიალური ქულა გაატანა - 17:13. ყუფარაძე სტუმართა განაცხადში, თამაშში ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად 37-ე წუთზე ჩაერთო, 47-ე წუთზე შეცვალეს და 6 წუთში კვლავ მოედანზე დააბრუნეს. “ბეიონს” ისეთი დებიუტი ჰქონდა, პრემიალურ ქულაზე სერიოზულად ფიქრობდა - მე-20 წუთისთვის ორი ლელო ჰქონდა გატანილი და 14:3 იგებდა. მაგრამ “დაქსი” იოლად არ დანებდა და ლელო-გარდასახვა 23-ე წუთზე გაქვითა, ხოლო 59-ე წუთზე მისმა შერკინებამ ჯარიმის უფლება მოიპოვა და ჩამორჩენა მინიმუმამდე დავიდა. მაგრამ ბოლოს ჯარიმა თავად გაუშვა, მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა და ამით სატურნირო ცხრილის ფსკერს თავი ვერ დააღწია.
ეს იმიტომ, რომ წინა დღეს კიდევ ერთმა აუტსაიდერმა, გიორგი ზაქაშვილის “ექს-ან-პროვანსმა” ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და გიორგი შარაშიძის “ორიაკს” 30:16 მოუგო. მატჩში მონაწილეობა ორმა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო, ორივე სასტარტო შემადგენლობაში იყო, ზაქაშვილი 52-ე წუთზე შეცვალეს და 65-ეზე ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად კვლავ მოუწია მოედანზე დაბრუნება, ხოლო დათუნაშვილი სრულად გაისარჯა. შეხვედრაში ხშირი იყო ჯარიმები, სათამაშო უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და მათი გამარჯვება დამსახურებული იყო.
ლაშა ლომიძის “ბეზიემ” გიორგი ნემსაძის, ირაკლი მირცხულავასა და კახაბერ კობერიძის “ტარბს” 24:19 მოუგო. განაცხადში მირცხულავა იყო და შეცვლაზე დასკვნითი 8 წუთი ითამაშა. სტუმრებმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარეს, ერთადერთი ლელო გაიტანეს და შესვენებაზე 4-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ (16:12). მაგრამ მეორე ტაიმში მხოლოდ ერთ ჯარიმას გამორჩნენ და მართალია 61-ე წუთზე 19:17 დაწინაურდნენ, მაგრამ 69-ე წუთზე მეორე ლელო გაუშვეს და მხოლოდ პრემიას დასჯერდნენ.
ასტამურ იოსელიანისა და ტარიელ რატიანიძის “ნარბონმა” ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის “ალბი” 29:21 დაამარცხა. მატჩში მონაწილეობა სამმა ქართვეკმა მიიღო - მაისურაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 43-ე წუთზე შეცვალეს, 43-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში შეყლაშვილი, ხოლო რატიანიძემ 51-ე წუთიდან ითამაშა. სტუმრები ლელოთი პირველსავე წუთზე დაწინაურდნენ, მერე ორი ჯარიმა გაიტანეს და 29-ე წუთზე 11:0 იგებდნენ, მაგრამ შესვენებამდე ჯარიმები თავადაც გაუშვეს (6:11). მეორე ტაიმი “ნარბონის” საჯარიმო ლელოთი და დაწინაურებით დაიწყო, “ალბიმ” 57-ე წუთზე ჯარიმით ლიდერობა დაიბრუნა, მაგრამ მერე ორი ჯარიმა თავად გაუშვა. 70-ე წუთზე სტუმრებმა ლელოთი წონასწორობა აღადგინეს და გარდასახვით დაწინაურდნენ. ამ შეტევაში და ბურთის ფლანგზე ჩათამაშებაში მონაწილეობა შეყლაშვილმაც მიიღო. მაგრამ მასპინძლებმა 77-ე წუთზე ჯარიმა, ხოლო ერთ წუთში ლელო გაიტანეს და “ალბის” პრემიაც არ დაანებეს.
ბექა გორგაძე “მონ-დე-მარსანი” “ბიარიცს” 20 წუთის შემდეგ 20:0, ხოლო დასკვნითი 20 წუთის წინ 23:3 უგებდა, მერე მეტოქისგან ორი ლელო გაუშვა და გარდასახვებიც ზუსტი იყო, თუმცა, გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ.
დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის “პერპინიანი” რუმინეთის მოქალაქეობის მქონე, ოთარ ტურაშვილის “კოლომიესთან” 16:41 დამარცხდა. უხეშ მატჩში, რომელშიც რეფერიმ ოთხი მორაგბე გაასინბინა და ერთს წითელი უჩვენა, ქართველ ლეგიონერებს მონაწილეობა არ მიუღიათ. პრო დ2-ის მომდევნო ტური ორი კვირის შემდეგ გაიმართება.
2015-2016 წლების პრო დ2-ის სეზონი. XVIII ტური
ბურგუენი - კარკასონი 28:6
ექს-ან-პროვანსი - ორიაკი 30:16
მონ-დე-მარსანი - ბიარიცი 23:17
ბეზიე - ტარბი 24:19
ნარბონი - ალბი 29:21
კოლომიე - პერპინიანი 41:16
მონტობანი - ლიონი 17:23
ბეიონი - დაქსი 17:13
გუნდები თ მ ფ წ +/- ქ ბ
1. | ლიონი | 18 | 16 | 0 | 2 | 584:292 | 72 | 8 |
2. | ბეიონი | 18 | 12 | 1 | 5 | 427:352 | 56 | 6 |
3. | ბეზიე | 18 | 12 | 1 | 5 | 474:358 | 54 | 4 |
4. | კოლომიე | 18 | 10 | 2 | 6 | 375:364 | 48 | 4 |
5. | ორიაკი | 18 | 10 | 0 | 8 | 433:378 | 46 | 6 |
6. | პერპინიანი | 18 | 9 | 1 | 8 | 389:377 | 44 | 6 |
7. | ნარბონი | 18 | 9 | 0 | 9 | 378:371 | 42 | 6 |
8. | ალბი | 18 | 9 | 1 | 8 | 342:332 | 41 | 3 |
9. | მონ-დე-მარსანი | 18 | 8 | 0 | 10 | 340:393 | 37 | 5 |
10. | მონტობანი | 18 | 8 | 0 | 10 | 334:388 | 36 | 4 |
11. | ბურგუენი | 18 | 7 | 0 | 11 | 317:357 | 36 | 8 |
12. | კარკასონი | 18 | 7 | 0 | 11 | 285:423 | 32 | 4 |
13. | ბიარიცი | 18 | 6 | 0 | 12 | 358:354 | 29 | 5 |
14. | ტარბი | 18 | 7 | 0 | 11 | 325:376 | 27 | 7 |
15. | ექს-ან-პროვანსი | 18 | 6 | 0 | 12 | 313:451 | 26 | 2 |
16. | დაქსი | 18 | 5 | 0 | 13 | 325:433 | 24 | 4 |
ტარბის დაკლებული აქვს 8 ქულა
XIX ტური. 18, 19, 21 თებერვალი
ბურგუენი - ბეიონი, ალბი - კოლომიე, ორიაკი - ნარბონი, კარკასონი - ბეზიე, დაქსი - მონტობანი, ლიონი - ექს-ან-პროვანსი, ტარბი - მონ-დე-მარსანი, ბიარიცი - პერპინიანი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია