არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და სამხრეთ აფრიკული “შარქსის” მორაგბე ხუან მარტინ ერნანდესი, ტრავმის გამო სუპერ 14-ის მომავალ სეზონში ვერ ითამაშებს და ამრიგად, მისი სამხრეთაფრიკული კარიერა საკონტრაქტო ვადის ამოწურვამდე დასრულდება.
Scrum-ის ინფორმაციით, ფრანგული “სტად ფრანსეს” ყოფილ მოთამაშეს, რომელიც დურბანულ კლუბში გასული წლის ზაფხულში გადავიდა, ზურგთან დაკავშირებული პრობლემების გამო უახლოეს პერიოდში ოპერაცია ელის. მისი კონტრაქტი “შარქსთან” მიმდინარე წლის მაისში იწურება და ამ პერიოდში, არგენტინელი ფორმის აღდგენას ვერ მოასწრებს.
“ძალიან სამწუხარო ამბავია. ერნანდესი Currie Cup-ის შეხვედრების დროს ჩვენი დაცვის ხაზის ცენტრალური ფიგურა იყო” - განაცხადა სამხრეთაფრიკული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჯონ პლამტრიმ.
ვარაუდობენ, რომ ზაფხულში ხუან მარტინ ერნანდესი კვლავ საფრანგეთში დაბრუნდება, ოღონდ ამჯერად “მეტრო რასინგის” შემადგენლობაში.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია