ამბები

15:46 | 14.01.2010 | ნანახია 2800 - ჯერ

რუსმა მოგებას წაგება შეუნაცვლა

2010 წლის “ერთა თასზე” და 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების უმთავრესმა მეტოქემ და ზოგადად პრინციპულმა მოწინააღმდეგემ, რუსეთის ნაკრებმა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში სამკვირიან შეკრებაზე იმყოფება, ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა და პირველში გამარჯვებას, მეორეშე მარცხი შეუნაცვლა.
სანამ უშუალოდ თამაშებზე გადავიდოდეთ, გეტყვით, რომ “დათვები” სამხრეთ აფრიკაში 7 იანვრიდან იმყოფებიან და 30 გრადუსიან სითბოში დღეში ორჯერად ვარჯიშებს ატარებენ. ამასთან, რუსეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ერთგვარი სწავლების კურსი უკვე გაიარა და ლეგენდარულ კლუბ Blue Bulls-ის ძირითადი გუნდის ვარჯიშს დაესწრო.
რაც შეეხება ამხანაგურ მატჩებს, რუსებმა ძალები პრეტორიის უნივერსიტეტის გუნდთან მოსინჯეს. გამომდინარე იქედან, რომ “დათვების” მთავარ მწვრთნელ ნიკოლაი ნერუშს, რომელმაც შეკრებაზე 34 მორაგბე იახლა, ყველა სპორტსმენის საქმეში ხილვა სურდა, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გუნდებმა ორი არასტანდარტული მატჩი გამართეს. რუსები ადგილობრივი უნივერსიტეტის გუნდს ჯერ ერთი შემადგენლობით ეთამაშნენ ორ 30-წუთიან ტაიმს, შემდეგ კი, მასპინძლებს იგივე ფორმატით მეორე შემადგენლობით დაუპირისპირდნენ. შედეგად, ნერუშმა მოედანზე ოთხივე იმ ქართველის შესაძლებლობები იხილა, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს და ამ ქვეყნის ღირსებას იცავენ. პრინციპში, კარლო მაღლაკელიძის შესაძლებლობებს მწვრთნელი ისედაც კარგად იცნობს, რადგანაც “დათვების” შემადგენლობაში გასული წლის ივნისში, ბუქარესტში IRB-ს “ერთა თასზე” დებიუტის შემდეგ, ის ამ გუნდის შერკინების პირველი ხაზის უცვლელ წევრად იქცა. შერკინების მეორეხაზელმა გიორგი მინაძემ ბუქარესტში კი იბურთავა, მაგრამ მას შემდეგ “დათვების” შემადგენლობაში აღარ მოხვედრილა და საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებას აფრიკაში ეცდება, ხოლო ძმები - ვალერი და გრიგოლ ცნობილაძეები, ნერუშის თვალთახედვის არეში პირველად მოხვდნენ.
პირველ შეხვედრაში რუსეთის ნაკრებმა პრეტორიის უნივერსიტეტის გუნდი 22:5 დაამარცხა და გამარჯვებულთა ძირითად შემადგენლობაში წარმოშობით ქართველთაგან მხოლოდ მინაძემ ითამაშა, ძმები ცნობილაძეები კი მოედანზე შეცვლაზე შევიდნენ. რადგან რუსეთის გუნდი “ბორჯღალოსანთა” მთავარი მეტოქეა, საჭიროდ ჩავთვალეთ მათი შემადგენლობა სრულად შემოგთავაზოთ:

სამხრეთ აფრიკა. პრეტორია. პირველი მატჩი
რუსეთი - პრეტორიის უნივერსიტეტი 22:5 (10:0)
რუსეთი:
15. ალექსანდრ გვოზდოვსკი, 14. პაველ ნოვიკოვი, 13. მიხაილ ბაბაევი, 12. ალექსეი მაკოვეცკი, 11. იგორ გალინოვსკი, 10. ალექსეი კორობეინიკოვი, 9. ალექსეი ტოლსტიხი; 1. ვლადიმირ ბოტვინიკოვი, 2. სერგეი ბაჟენოვი, 3. ალექსეი ტრავკინი, 4. ალექსანდრ ვოიტოვი, 5. გიორგი მინაძე, 6. კირილ კუშნარიოვი, 7. ნიკიტა მედკოვი, 8. ალექსეი პანასენკო.
შეცვლაზე შევიდნენ: ალექსანდრ ხროკინი, ვალერი ცნობილაძე, გრიგოლ ცნობილაძე, იგორ კლუჩნიკოვი, ანდრეი კუზინი.
4 ლელო: იგორ გალინოვსკი, ალექსანდრ ხროკინი, კირილ კუშნარიოვი, პაველ ნოვიკოვი
1 გარდასახვა: პაველ ნოვიკოვი

რუსებმა ანგარიში მეორე წუთზევე გახსნეს, როდესაც გვოზდოვსკიმ აფრიკელ სტუდენტთა დაცვის ხაზი გაჭრა და მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი გალინოვსკის შეაყოლა. ნოვიკოვს რეალიზაცია გაუფუჭდა, ისევე, როგორც 20 წუთის შემდეგ ჯარიმა - ბურთი ძელმა აისხლიტა. პირველი ნახევრის ბოლო, ანუ 30-ე წუთზე, რუსებმა მეტოქის ჩათვლის მოედანთან საკუთარი 5-მეტრა დერეფანი მოიგეს და შეცვლაზე შესულმა ხროკინმა ლელო გაიტანა, მაგრამ გარდასახვა ამჯერადაც არაზუსტი აღმოჩნდა - 10:0. მეორე ტაიმი ხუთი წუთის დაწყებული იყო, კირილ კუშნარიოვმა ძელებსშუა ლელო რომ გაიტანა და ნოვიკოვმა შეხვედრაში პირველი და უკანასკნელი რეალიზაცია გამოიყენა, რითაც “დათვების” უპირატესობა 17 ქულამდე გაზარდა. აფრიკელებმა ერთადერთი საპასუხო ლელო 55-ე წუთზე გაიტანეს, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი, რუსებმა მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში შერკინება მოიგეს, კორობეინიკოვმა ბურთი მოკლე ფრთაზე შეტევაში ჩართულ ნოვიკოვს გადააწოდა, მანაც აცილებული რეალიზაციების გამოსასწორებლად ლელო გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 22:5.

მეორე მატჩში აფრიკელმა სტუდენტებმა წინა შეხვედრის მსგავსი შეცდომები აღარ გაიმეორეს, მოედანზე ბევრად უფრო მრისხანე შემადგენლობა გაიყვანეს, რუსებს ჭკუა ასწავლეს, საკუთარ ჩათვლის მოედანს არ გააკარეს და მათი 20:6 დამარცხებით რევანში აიღეს. ქართველთაგან რუსეთის ნაკრების ძირითად  შემადგენლობაში იყო მაღლაკელიძე, ვალერი და გრიგოლ ცნობილაძეები კი, პირველი მატჩის მსგავსად, მოედანზე ამჯერადაც შეცვლაზე შევიდნენ.

სამხრეთ აფრიკა. პრეტორია. მეორე მატჩი
რუსეთი - პრეტორიის უნივერსიტეტი 6:20 (6:10)
რუსეთი:
15. იგორ კლუჩნიკოვი, 14. ვასილი არტიომოვი, 13. ანდრეი კუზინი, 12. სერგეი ტრიშინი, 11. ალექსანდრ გვოდოვსკი, 10. იური კუშნარიოვი, 9. ალექსანდრ იანიუშკინი; 1. კარლო მაღლაკელიძე, 2. ვლადისლავ კორშუნოვი, 3. ევგენი პრონენკო, 4. არტიომ ფათახოვი, 5. ანდრეი გარბუზოვი, 6. ანდრეი ტემნოვი, 7. ევგენი მატვეევი, 8. ვიქტორ გრესევი.
შეცვლაზე შევიდნენ: ალექსანდრ ხროკინი, ალექსანდრ ვოიტოვი, ვალერი ცნობილაძე, გრიგოლ ცნობილაძე.
2 ჯარიმა: იური კუშნარიოვი

მეორე შეხვედრა პირველის დასრულებიდან ორ საათში დაიწყო. საწყის წუთებში უპირატესობა სტუმრებმა მოიპოვეს და იური კუშნარიოვმა ჯარიმით ანგარიში გახსნა. აფრიკელებმა წონასწორობა ჯარიმითვე მალე აღადგინეს, თუმცა, კუშნარიოვმა ჯარიმიდან ერთხელაც იხეირა და საკუთარი გუნდი უკანასკნელად დააწინაურა. ამის შემდეგ უპირატესობა პრეტორიის უნივერსიტეტის მორაგბეებმა იგდეს და ზედ შესვენების წინ პირველი ლელო გაიტანეს, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოყვა და ტაიმი მასპინძლებმა 10:6 მოიგეს. მეორე ტაიმი აფრიკელებმა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყეს და ლელოთი, გარდასახვით და ჯარიმით სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს - 20:6. მატჩის მიწურულს რუსებმა მეტოქეს სალელოვედ შეუტიეს და მიზანთან ახლოს იყვნენ, მაგრამ მასპინძლები მედგრად იცავდნენ თავს, მერე კი ერთ-ერთი აფრიკელი მორაგბე სერიოზულად დაშავდა. დაზიანება იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ სასწრაფო დახმარების მედპერსონალის სასწრაფოდ ჩართვა გახდა საჭირო, პირველადი დახმარება დაახლოებით ათ წუთს გაგრძელდა, მაგრამ სპორტსმენის მდგომარეობა კვლავ რთული იყო და გადაწყდა, რომ შეხვედრა აღარ გაგრძელდებოდა.
რუსეთის ნაკრები შემდეგ საკონტროლო შეხვედრას 18 იანვარს Blue Bulls-ის მეორე გუნდთან გამართავს და ის ჩვეულებრივი ფორმატით გაიმართება, ანუ გუნდები ორ 40 წუთიან ტაიმს ითამაშებენ. ეს შეხვედრაც პრეტორიაში გაიმართება. 23 იანვარს “დათვები” ნამიბიაში გაემგზავრებიან და ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდთან, რომელმაც 2011 წელს ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიო თასის საგზური უკვე მოიპოვა, ტესტ-მატჩს გამართავენ. რადგან ეს თამაში ეროვნული ნაკრებების დონეზე იმართება, მისი შედეგი IRB-ს ყოველკვირეულ რეიტინგზეც აისახება.

ზურა ქსოვრელი

 
          
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084218