ამბები

18:22 | 16.01.2010 | ნანახია 2830 - ჯერ

გორგოძე ნაკრებს არ დააკლდება

საქართველოს 2008 და 2009 წლების საუკეთესო მორაგბე მამუკა გორგოძე, სავარაუდოდ, საფრანგეთის რაგბის კავშირის სადისციპლინო კომისიისგან დისკვალიფიკაციას გადაურჩება და შესაბამისად, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2010 წლის “ერთა თასისა” და 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებში დაეხმარება.
ქართველ შერკინების მეორე-მესამე ხაზელს ინციდენტი საფრანგეთის ელიტარული დივიზიონის,  Top  14-ის XVI ტურში შეემთხვა, რომელშიც მისმა “მონპელიემ” გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი და ჩემპიონობის პრეტენდენტი პარიზის “სტად ფრანსე” 25:23 დაამარცხა. შეხვედრის 38-ე წუთზე, გორგოძის გუნდს რეალური სალელოვე შეტევა გაუფუჭდა, ქართველს მეტოქის მეორეახაზელთან მოუვიდა შელაპარაკება, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა და მამუკამ პარიზელი გვარიანად კი სცემა, მაგრამ რეფერიმ ორივე მოჩხუბარი გაასინბინა.
მომხდარის განხილვას საფრანგეთის რაგბის კავშირის სადამსჯელო კომისია 20 იანვარს გეგმავს. როგორც წესი, რაგბში სასჯელი ყველა დონის საერთაშორისო შეხვედრებზე ვრცელდება, საქართველოს ეროვნულ გუნდს კი ოფიციალური მატჩები 6 თებერვლიდან ეწყება.
ზემოთნახსენები შეხვედრის შემდეგ, გორგოძემ  Top  14-ის ორ და “ჩელენჯ ქაფის” ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რაც დამაიმედებელი იყო. წინასწარი ინფორმაციით, ფრანგი დისციპლინარები გორგოძისთვის დისკვალიფიკაციის მიცემას არ აპირებენ და მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ “ცხელი” “გულივერი” ფრთხილად უნდა იყოს, მეტოქეთა პროვოკაციებზე არ წამოეგოს და ნაკრებისთვის და კლუბისათვის ძველებურად ჟინიანად გაირჯება.
25 წლის მამუკა გორგოძე “მონპელიეს” ღირსებას 2005 წლიდან იცავს. ამ პერიოდში  Top  14-ში მან 56 მატჩი ჩაატარა, აქედან 38-ში ძირითად შემადგენლობაში იყო და 4 ლელო გაიტანა, ხოლო “ჩელენჯ ქაფზე” 16 თამაშში (13 ძირითადში) მიიღო მონაწილეობა და ასევე 4 ლელო გაიტანა. გუნდის ლიდერად ის 2007/2008 წლების სეზონიდან იქცა, მიმდინარე სეზონში კი  Top  14-ის 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა (11-ჯერ ძირითად შემადგენლობაში იყო) და მოედანზე სულ 881 წუთი გაატარა. ამავე სეზონში მან “ჩელენჯ ქაფის” ოთხ შეხვედრაში ითამაშა, ყველა ჯერზე ძირითად შემადგენლობაში იყო, მოედანზე მთლიანობაში 271 წუთი გაატარა და ორი ლელო გაიტანა. რაც შეეხება საკლუბო სასჯელებს, 2007/2008 და 2008/2009 წლების სეზონებში, ის  Top  14-ში ოთხ-ოთხჯერ გაასინბინეს, მიმდინარე სეზონში კი საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონსა და “ჩელენჯ ქაფზე”, სასჯელის გამო მოედანი თითო-თითოჯერ დაატოვებინეს.
ეროვნული გუნდის კვართი გორგოძემ, რომელმაც კარიერა “ლელოში” დაიწყო, 35-ჯერ მოირგო და 18 ლელო გაიტანა (90 ქულა). მისი სანაკრებო დებიუტი 2003 წელს ესპანეთის ნაკრებთან შედგა, პირველი ლელო 2004 წელს ჩეხეთს გაუტანა. 2005 წელს ჩეხეთთან, 2008 და 2009 წლებში ესპანეთთან სამ-სამი ლელო გაიტანა. განვლილ 35 საერთაშორისო მატჩში, ის რეფერიმ სამჯერ გაასინბინა.

ზურა ქსოვრელი



 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082518