ამბები

17:26 | 17.01.2010 | ნანახია 2127 - ჯერ

მარცხიანი “ჩელენჯ ქაფი” გორგოძის ლელომ და “მონტობანმა” გაალამაზა

ევროპის მორაგბეთა რანგით მეორე საკლუბო ტურნირ “ჩელენჯ ქაფ”-ზე, სადაც ქართველ ლეგიონერთა 4 ფრანგული გუნდი გამოდის, ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში, 3 მათგანი დამარცხდა, გამარჯვება კი, მხოლოდ გოდერძი შველიძისა და ბექა შეყლაშვილის “მონტობანმა” მოიპოვა. ფლეი ოფში გასვლის შანსს, “მონტობანთან” ერთად, დავით ქუბრიაშვილის “ტულონიც” ინარჩუნებს.
მიუხედავად მარცხისა, V ტური, ბოლო ორი წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბე მამუკა გორგოძისთვის, მაინც წარმატებული გამოდგა. მიმდინარე სეზონში, კლუბის მაისურით მე-2 ლელო გაიტანა და თუ პირველ ჯერზე, ასევე “ჩელენჯ ქაფ”-ზე, სუსტ მადრიდელებთან ივაჟკაცა, ამჯერად, ირლანდიური “კონახტის” ჩათვლის მოედანი დალაშქრა, მაგრამ მისი გვიანი ლელო მატჩის გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა.
II ჯგუფში, ბოლოსწინა ტურის წინ, გორგოძისა და გიორგი ჩხაიძის “მონპელიე” ირლანდიურ “კონახტს” კვალში ედგა და 1/4-ფინალის საგზურის მოსაპოვებლად, უცილობლად გამარჯვება სჭირდებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ “კონახტს” საფრანგეთშიც ჰქონდა მოგებული, ფრანგებს სტუმრად სასურველი შედეგის მიღწევა ძლიერ უნდა გაჭირვებოდათ, მაგრამ პირველი ტაიმი “მონპელიესთვის” არცთუ ცუდი აღმოჩნდა - გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს და შესვენებაზე გასვლისას ანგარიში 3:3 იყო.
სანამ მე-2 ტაიმზე გადავიდოდეთ, გეტყვით, რომ ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშეს, ოღონდ ჩხაიძემ მოედანზე გორგოძეზე 10 წუთით ნაკლები გაატარა. საქმე ისაა, რომ საქართველოს ეროვნული გუნდის მესამეხაზელი, მე-2 ტაიმის მე-3 წუთზე დაჯარიმდა, მსაჯისგან ყვითელი ბარათი დიმსახურა, ირლანდიელები კი გატანილი ჯარიმით დაწინაურდნენ. 66-ე წუთამდე “კონახტმა” კიდევ 2 ლელო და გარდასახვა გაიტანა და ანგარიში სოლიდური გახადა - 20:3, რითაც ტრიბუნაზე შეკრებილი 1700 მაყურებელი აღაფრთოვანა. 74-ე წუთზე ფრანგებს კიდევ ერთი მორაგბე გააუსინბინეს, თუმცა, ორ წუთში მას მასპინძელთა მოთამაშეც მიჰყვა და მამუკა გორგოძემ 79-ე წუთზე ერთი საპასუხო ლელო გაიტანა, რასაც “მონპელიემ” ზუსტი რეალიზაცია დაურთო და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა (20:10), თუმცა, ეს, თუნდაც ერთი პრემიალური ქულის მოსაპოვებლად, არასაკმარისი აღმოჩნდა.
ახლა “მონპელიე” ლიდერს მთელი 6 ქულით ჩამორჩება, პირველ ადგილზე და შესაბამისად, ფლეი ოფში გასვლის შანსი დაკარგა, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში კი “ვუსტერ ვარიორსს” დაუხვდება და მისი ძლევით მე-2 ადგილის შენარჩუნებას ეცდება.
ქართველ ლეგიონერთაგან 1/4-ფინალში გასვლის ყველაზე კარგ შანსს ეროვნული გუნდის პირველხაზელის, დავით ქუბრიაშვილის “ტულონი” ინარჩუნებს, რომელიც ინგლისში ადგილობრივ “სარაცენთან” 9:28 კი დამარცხდა, მაგრამ 18 ქულით III ჯგუფის სატურნირო ცხრილის სათავეშია და თუ დასკვნით ტურში “კასტრი” ისე დაამარცხა, რომ 4 ლელო გაუტანა და პრემიალური ქულაც მიითვალა, მდევრისათვის მიუწვდომელი გახდება. ქუბრიაშვილს ამ მარცხში ბრალი არ მიუძღვის. ის განაცხადში კი იყო, მაგრამ მოედანზე არ შესულა.
შეხვედრაში, რომელსაც 6143 მაყურებელი დაესწრო, გადამწყვეტი მე-2 ტაიმის დასაწყისი აღმოჩნდა. შესვენებამდე, ტულონელი უილკინსონის არეკნსა და ორ ჯარიმას, მასპინძლებმა არეკნით და 4 ჯარიმით უპასუხეს და “სარაცენი” 40 წუთის შემდეგ 15:9-ს იგებდა. მე-2 ნახევრის დასაწყისში, ფრანგებს, 3 წუთის ინტერვალით, 2 მორაგბე გაუსინბინეს, შესაბამისად, “სარაცენმა” 2 ჯარიმა გამოიყენა, მერე კი, რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა და 53-ე წუთზე ლელოთი და გარდასახვით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ახლა მთავარია, რომ ქუბრიაშვილის გუნდმა პრემიალური ქულით იმარჯვოს, რადგან ინგლისელებს იტალიაში “როვიგოსთან” მოგება და პრემიალური ქულის აღება (ანუ, ყველაზე ცოტა, 4 ლელოს გატანა) არ უნდა გაუჭირდეთ და თუკი “ტულონმა” პრემიალური ქულა ვერ აიღო და საერთო ჯამში “სარაცენი” მას გაუთანაბრდა, ურთიერთშეხვედრებიდან გამომდინარე, პირველ ადგილზე ინგლისელები აღმოჩნდებიან (საფრანგეთში “ტულონმა” “სარაცენი” მხოლოდ 31:23 დაამარცხა).  
ამავე ჯგუფში, აქვსენტი გიორგაძის “კასტრმა”, რომელიც რანგით მეორე ევროტურნირს მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ უთმობს, იტალიური “როვიგო”, 2500 ერთგული ფრანგი გულშემატკივარის თვალწინ, 47:0 გაანადგურა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი აქამდეც დაკარგული ჰქონდა და არაფერი შეცვლილა. მასპინძლებმა მეტოქეს 7 ლელო გაუტანეს, აქედან 4 - პირველსავე ნახევარში და შესვენებაზე გასვლისას 26:0-ს იგებდნენ. ამ მომენტისთვის, მათ პრემიალური ქულაც უკვე აღებული ჰქონდათ და მე-2 ნახევარში თავი აღარ გამოუდიათ. გიორგაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც ანგარიში უკვე 33:0 იყო. “კასტრი” 11 ქულით მე-3 ადგილზეა.
1/4-ფინალში გასვლის თეორიულ შანს ინარჩუნებს გოდერძი შველიძისა და ბექა შეყლაშვილის “მონტობანი”, რომელმაც იტალიაში “პეტრარკა პადოვა”, 800 გულშემატკივრის თვალწინ, დაძაბულ ბრძოლაში დასცა - 31:23. მწვრთნელმა შველიძეს დასვნების საშუალება მისცა და განაცხადში არ შეიყვანა, შეყლაშვილი კი, თამაშში 57-ე წუთიდან ჩაერთო. მასპინძელთა სწრაფ ჯარიმას ფრანგებმა მე-7 და მე-15 წუთზე 2 ლელოთი უპასუხეს, ორივე რეალიზაცია გამოიყენეს და 14:3 დაწინაურდნენ. შესვენებამდე 2 ლელოს გატანა მასპინძლებმაც მოახერხეს, მაგრამ გარდასახვები ძელებსშუა ვერ გააძვრინეს. სამაგიეროდ, ზედ შესვენების წინ, არეკნი გაიტანეს და ტაიმი 16:14 მოიგეს. მე-2 ნახევრის საწყის ოც წუთში, “მონტობანმა” ჯერ ჯარიმა გაიტანა, მერე - 2 ლელო (პრემიალური ქულა მიითვალა), რეალიზაციები ზუსტად შეასრულა და 69-ე წუთამდე 31:16-ს იგებდა. აქ იტალიელებმა თავიანთი მე-3 ლელო დადეს და ზუსტი რეალიზაციის შემდეგ, საბოლოო შედეგი დაფიქსირეს. “მონტობანი” 17 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ “ნიუკასლს” ორით ჩამორჩება. დასკვნით ტურში, ქართველ ლეგიონერთა გუნდი “ალბის” მასპინძლობს და ფლეი ოფში მოსახვედრად უცილობლად გამარჯვება სჭირდება, მაგრამ ისე, რომ “ნიუკასლმა” ინგლისში იტალიელებს ვერ აჯობოს, ეს კი, ნაკლებად სავარაუდოა.

“ჩელენჯ ქაფი”. ჯგუფური ეტაპი. V ტური

I ჯგუფი

ბურგონი - ბუქარესტი 33:15
პარმა - ლიდსი 16:38
 

1 ლიდსი 5 4 0 1 151-64 19
2 ბურგონი 5 4 0 1 123-77 19
3 ბუქარესტი 5 1 0 4 61-120 6
4 პარმა 5 1 0 4 62-136 4


მომდევნო ტური
პარმა - ბუქარესტი (23 იანვარი)
ლიდსი - ბურგონი (24 იანვარი)

II ჯგუფი
კონახტი - მონპელიე 20:10
ვუსტერ ვარიორსი - მადრიდი 54:3
 

1 კონახტი 5 5 0 0 133-63 21
2 მონპელიე 5 3 0 2 150-89 15
3 ვუსტერ ვარიორსი 5 2 0 3 137-75 12
4 მადრიდი 5 0 0 5 44-237 0


მომდევნო ტური
მონპელიე - ვუსტერი (22 იანვარი)
მადრიდი - კონახტი (23 იანვარი)

III ჯგუფი
სარაცენი - ტულონი 28:9
კასტრი - როვიგო 47:0
 

1 ტულონი 5 4 0 1 176-78 18
2 სარაცენი 5 4 0 1 128-75 17
3 კასტრი 5 2 0 3 163-85 11
4 როვიგო 5 0 0 5 33-262 0


მომდევნო ტური
როვიგო - სარაცენი (23 იანვარი)
ტულონი - კასტრი (23 იანვარი)

IV ჯგუფი
ლონდონ ვაპსი - რომა 50:16
ბაიონი - მეტრო რასინგი 27:14

 

1 ლონდონ ვაპსი 5 5 0 0 159-50 22
2 ბაიონი  5 3 0 2 129-67 14
3 მეტრო რასინგი  5 2 0 3 158-68 12
4 რომა  5 0 0 5 22-283 0


მომდევნო ტური
მეტრო რასინგი - ვაპსი (21 იანვარი)
რომა - ბაიონი (23 იანვარი)

V ჯგუფი
ალბი - ნიუკასლი 14:16
პეტრარკა პადოვა - მონტობანი 23:31

 

1 ნიუკასლ ფალკონსი 5 4 0 1 126-74 19
2 მონტობანი  5 4 0 1 105-76 17
3 ალბი 5 2 0 3 97-110 11
4 პეტრარკა პადოვა 5 0 0 5 92-160 1


მომდევნო ტური
მონტობანი - ალბი (22 იანვარი)
ნიუკასლი - პეტრარკა (22 იანვარი)

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077799