ამბები

15:34 | 19.01.2010 | ნანახია 2490 - ჯერ

“ცისფერმა ხარებმა” “დათვები” დარქინეს

2010 წლის “ერთა თასზე” და 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდის უმთავრესი მეტოქე, რუსეთის ნაკრები, რომელიც 7 იანვრიდან სამხრეთ აფრიკაში სამკვირიან შეკრებაზე იმყოფება, ლეგენდარულ Blue Bulls-ის მეორე გუნდს ამხანაგურად გაეჯიბრა და 21:36 დამარცხდა.
რუსეთის რაგბის კავშირის ოფიციალური ვებ გვერდის ცნობით, იმ ოთხი ქართველიდან, რომელიც მეზობელი ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას დათანხმდა და “დათვების” (რუსეთის ნაკრების მეტსახელი) ღირსებას იცავს, მოედანზე მხოლოდ სამი გავიდა - შერკინების მეორეხაზელი გიორგი მინაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად გაისარჯა, პირველხაზელებმა - კარლო მაღლაკელიძემ და ვალერი ცნობილაძემ კი შეცვლაზე ითამაშეს. გრიგოლ ცნობილაძე მოედანზე არ გამოჩენილა.
საგულისხმოა, რუსეთისა და სამხრეთაფრიკული კლუბის ოფიციალური საიტები მატჩის მსვლელობის ცოტა არ იყოს განსხვავებულ ინტერპეტაციას გვთავაზობენ. რუსები ირწმუნებიან, რომ ისინი ჯარიმით დაწინაურდნენ, მერე გუნდის კაპიტანი ვლადისლავ კორშუნოვი დაუშავდათ, რის შემდეგაც მეტოქე წინ გაუშვეს, ტაიმი 8:22 წაგეს, მერე კი მოწინააღმდეგეს თანაბრად ეთამაშნენ, მაგრამ ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ მოახერხეს.
Blue Bulls-ის ოფიციალური საიტის ცნობით კი, პირველმა ნახევარმა შედარებით თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. ახალგაზრდული გუნდისათვის, რომელიც 18-20 წლის მორაგბეებითა დაკომპლექტებული, ეს შეხვედრა სეზონისწინა მზადების პერიოდში პირველი იყო და სპორტსმენებს შეთამაშების მხრივ პრობლემა ჰქონდათ. შესვენებისას აფრიკელები 22:18 იგებდნენ, მეორე ტაიმში კი “დათვები” პირწმინდად დაჯაბნეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. სხვათა შორის, Blue Bulls-ის მეორე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო სერფონტეინმა რუსეთის ნაკრების ფიზიკური სიძლიერე აღნიშნა და მადლობა გადაუხადა საკუთარი გუნდის შერკინების მწვრთნელს, რადგან პატარა ბიჭებმა რუსებს ამ მხრივ არაფერი დაუთმეს.
ზემოაღნიშნულ მატჩში რუსეთის ნაკრებმა ორი ლელო გაიტანა - მიხაილ ბაბაევმა და ანდრეი გარბუზოვმა, აქედან იური კუშნარიოვმა ერთი რეალიზაცია გამოიყენა, მანვე ორი ჯარიმა ზუსტად შეასრულა, კიდევ ერთი ჯარიმა კი ალექსანდრ იანუშკინმა გაიტანა.
რუსეთის ნაკრებისთვის ეს რიგით მესამე ამხანაგური შეხვედრა იყო. პირველი ორი პრეტორიის უნივერსიტეტის ორ გუნდთან არასტანდარტულად გამართა - ტაიმი 30 წუთს გრძელდებოდა და რუსეთმა მასპინძელთა მეორე გუნდს 22:5 აჯობა, ძირითად შემადგენლობასთან კი 6:20 დამარცხდა. 23 იანვარს “დათვები” კიდევ ერთ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებენ. ისინი ნამიბიაში გადაინაცვლებენ და ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდთან, რომელმაც 2011 წლის მსოფლიო თასის საგზური უკვე მოიპოვა, ტესტ-მატჩს გამართავენ. რადგან ეს თამაში ეროვნული ნაკრებების დონისა, მისი შედეგი IRB-ს ყოველკვირეულ რეიტინგზე აისახება.  

რუსეთი - Blue Bulls Vodacom  21:36 (18:22)
რუსეთი:
15. იგორ კლუჩნიკოვი, 14. ვასილი არტიომოვი, 13. მიხაილ ბაბაევი, 12. ალექსეი მაკოვეცკი (ანდრეი კუზინი), 11. იგორ გალინოვსკი (ალექსანდრ გვოზდოვსკი), 10. იური კუშნარიოვი (ალექსეი კორობეინიკოვი), 9. ალექსანდრ იანიუშკინი; 1. ალექსანდრ როკინი (კარლო მაღლაკელიძე), 2. ვლადისლავ კორშუნოვი (სერგეი ბაჟენოვი, ვალერი ცნობილაძე), 3. ევგენი პრონენკო (ალექსეი ტრავკინი), 4. ალექსანდრ ვოიტოვი (ნიკიტა მედკოვი), 5. გიორგი მინაძე, 6. კირილ კუშნარიოვი (ანდრეი ტემნოვი), 7. არტიომ ფათახოვი (ანდრეი გარბუზოვი), 8. ვიქტორ გრესევი.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.091896