საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “მონპელიეს” მეორე-მესამეხაზელი მამუკა გორგოძე, საფრანგეთის რაგბის კავშირის სადისციპლინო კომისიის გადაწყვეტილებით, მოედანზე 40 დღის განმავლობაში ვერ გავა.
ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს 2008 და 2009 წლის საუკეთესო მორაგბე, ეროვნულ გუნდს 2010 წლის “ერთა თასსა” და 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის პირველ სამ შეხვედრაში (6 თებერვალს გერმანიასთან, 13 თებერვალს პორტუგალიასთან და 27 თებერვალს ესპანეთთან) ვერ დაეხმარება.
ინციდენტი საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ თოპ 14-ის მე-16 რაუნდის შეხვედრაში მოხდა, რომელიც 30 დეკემბერს გაიმართა და “მონპელიემ” ერთ-ერთი ლიდერი, “სტად ფრანსე” 25:23 დაამარცხა. პირველი ნახევრის მიწურულს, გორგოძემ მეტოქის შერკინების მეორეხაზელს დარტყმა არ აპატია, გვარიანად ცემა და რეფერიმ ორივე მორაგბე გაასინბინა. მას შემდეგ, “გულივერად” წოდებულმა ქართველმა, საფრანგეთის ჩემპიონატისა და “ჩელენჯ ქაფ”-ის შეხვედრებში უცვლელად იბურთავა და წინასწარი ინფორმაციით, მისთვის მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება უნდა მიეცათ, მაგრამ ფრანგმა დისციპლინარებმა სხვაგვარად განსაჯეს - მამუკას მეტოქისთვის თვალის დაზიანების მცდელობაში დასდეს ბრალი და 40 დღით დასაჯეს.
“მსოფლიო სპორტი” გორგოძეს საფრანგეთში იმ დროს დაუკავშირდა, როცა მას სასჯელის შესახებ ინფორმაცია ახალი მიღებული ჰქონდა.
მამუკა გორგოძე: "ახლახანს დამირეკეს და მითხრეს, რომ 40 დღიანი დისკვალიფიკაცია მომისაჯეს. სამწუხაროდ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ეროვნულ გუნდსაც ვერ დავეხმარები".
- წინასწარი ინფორმაციით, თქვენთვის მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება უნდა მოეცათ. რატომ გადაწყვიტეს ასეთი მკაცრი სასჯელის გამოტანა?
- წარმოდგენა არ მაქვს. იმ ეპიზოდში ჩემი ბრალი არაფერი იყო. მან ხელი დამარტყა, ერთი კვირა თვალი დალურჯებული მქონდა და მეც “ხურდა” დავუბრუნე. როგორც წესი, მუშტებით ჩხუბზე არანაირი სასჯელი არაა, გაფრთხილებასაც კი არ იძლევიან და სულ ტყუილად დამსაჯეს. მიზეზად ის მოიტანეს - ისე გამოჩნდა, მეტოქისთვის თვალის დაზიანება გინდოდაო. არადა, როდესაც ახლოს მივედი და სახეზე ხელი მოვკიდე, მსგავსი რამ არც მიფიქრია და არც ყოფილა. უბრალოდ, ამ ბოლო დროს თვალის დაზიანებაზე დიდი გართულება აქვთ. ორი დღის წინ, იმავე “სტად ფრანსეს” და საფრანგეთის ნაკრების 9 ნომერს 70 კვირიანი სასჯელი გამოუტანეს. მსგავს ქმედებაზე, ცოტა ხნის წინ, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კიდევ ერთ მორაგბეს ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, მაგრამ მე მუშტებით ვიჩხუბე, ეს ჩვეულებრივი ჩხუბი იყო და სასჯელს არ ვიმსახურებდი.
- გასაჩივრების ვარიანტი თუა?
- კლუბში თქვეს, რომ ჩანაწერს ნახავენ, იმსჯელებენ და მერე გადაწყვეტენ – გაასაჩივრებენ, თუ არა განაჩენს. თუმცა ეს ბევრს არაფერს შეცვლის - არა მგონია სასჯელი დიდად შეამცირონ. ისე, 10 დღე მაინც თუ დააკლეს, კიდევ არაუშავს.
- სასჯელის გამოტანამდეც ცნობილი იყო, რომ “ჩელენჯ ქაფ”-ის ბოლო ტურში “ვუსტერ ვარიორსთან” არ ითამაშებდი...
- ბოლო პერიოდში ისე მიეწყო, რომ ყველა შეხვედრაში 80-80 წუთი ვითამაშე, მაგარი დაღლილი ვარ და დასვენება მჭირდება, თანაც, ეს მატჩი აღარაფერს წყვეტს. მთელი კვირა ვისვენებ, ორგანიზმი გადაღლილი მაქვს და ამ დროს ტრავმის მიღების შანსი ძალიან დიდია.
- ახლა, იძულებითი დასვენებაც მოგიწევს...
- თუ არ დაისვენე, ტრავმას ვერ აცდები, მაგრამ დისკვალიფიკაცია დასვენებას სულაც არ ნიშნავს. ახლა სხვებზე მეტი ვარჯიში მომიწევს, რათა ფორმიდან არ ამოვვარდე. ერთი ეგაა, თამაშებში ვერ მივიღებ მონაწილეობას, რაც ძალიან ცუდია, თორემ ვარჯიშისას სხვებზე მეტი დატვირთვა მექნება.
- მიმდინარე სეზონის წინ, თოპ 14-ში სულ სხვა მიზნებს ისახავდით, მაგრამ ახლა ისეთი პოზიცია გაქვთ, ექვსეულში მოხვედრა ძალიან გაგიჭირდებათ.
- წელს თოპ 14-ში თამაში, წინა წლებთან შედარებით ბევრად გართულდა. ყველა გუნდს, უიმედო აუტსაიდერსაც კი შეუძლია ნებისმიერი შეხვედრა მოიგოს. სტუმრად და სახლში თამაში აქ არაფერს წყვეტს. გუნდების უმრავლესობა ფინანსურად მოძლიერდა და ძლიერი მოთამაშეები დაიმატა. რაც შეეხება “მონპელიეს”, ჩვენ სკამის პრობლემა გვაქვს. ძირითადი შემადგენლობის ორი მორაგბეც რომ დაგვაკლდეს, შემცვლელის მოძიება ჭირს და ხარისხი იკარგება, თორემ, როდესაც უძლიერესი შემადგენლობით ვთამაშობთ, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. მოთამაშეთა ტრავმები შედეგზე სათანადოდ ისახება და ცხრილის ქვედა ნაწილში ყოფნაც ამან განაპირობა.
- ევროთასების შეხვედრებს თუ გადავხედავთ, ბრიტანული და ირლანდიური კლუბები ფრანგულ გუნდებს ბევრად ჯობნიან. ეს რითაა გამოწვეული?
- წინა წლებთან შედარებით, ამ სეზონში სხვაობა იმხელა აღარაა და ფრანგული კლუბებიც კარგად გამოიყურებიან. ფინანსური კრიზისი მათ უფრო დაეტყოთ. მიზეზი მარტივია, ბრიტანელებს და ირლანდიელებს ერთი დიდი სპონსორი ჰყავთ და კრიზისის გამო გუნდის დახმარება უჭირთ, ჩვენ კი პატარ-პატარა და ბევრი სპონსორი გვყავს. ასე რომ, თუ ერთ კომპანიას უჭირს, დაფინანსებას მეორისგან ვიღებთ და სტაბილურობა ნარჩუნდება.
- ზედიზედ მეორე წელია საქართველოს საუკეთესო მორაგბე ხდები...
- ეს ჩემთვის დიდი პატივია, მაგრამ ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს. ყველას დიდი მადლობა, ვინც ასეთი აღიარება მომიტანა, თუმცა მიმაჩნია, რომ საქართველოში არიან ჩემზე არანაკლები მორაგბეები და ანალოგიურ ჯილდოს ისინიც იმსახურებენ. ვიმეორებ, ყველას მადლობა, ვინც საუკეთესოდ მაღიარა, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ საუკეთესო ვარ.
- 2008 წელს, როდესაც საუკეთესოდ გაღიარეს, რაგბის კავშირმა სხვადასხვა ზომის ხანჯლები გისახსოვრა, ახლა კი სანადირო თოფი გადმოგცა. ხო არ სჯობს, რომ რაგბის კავშირმა შენთვის “ზარბაზანი” აქედანვე დაუკვეთოს?
- (იცინის) დიდი მადლობა რაგბის კავშირს ასეთი საჩუქრისთვის. იციან, რომ ნადირობა მიყვარს და უკეთეს საჩუქარს ვერც მოიფიქრებდნენ. სანადირო თოფს შეიძლება სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, მაგრამ მე ყველაზე მეტად ამან გამახარა.
- მალე “ერთა თასის” და მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის შეხვედრები იწყება. როგორ ფიქრობ, შეძლებს საქართველოს ნაკრები პირველი სამი შეხვედრის მოგებას და ახალი ზელანდიის საგზურის ნაადრევად დაბევებას?
- დარწმუნებული ვარ, ამას მოვახერხებთ! თანაც, რაგბის საერთაშორისო საბჭომ ძველი წესი აღადგინა და ამით კოზირი დაგვიბრუნა. მოლის ჩაქცევის დაშვებამ ვერ გაამართლა, ახლა ეს წესი ისევ აიკრძალა, ამ კომპონენტში კი ძლიერები ვართ და საწყის სამ თამაშში გამარჯვება არ უნდა გაგვიჭირდეს.
- მეორე შეხვედრაში პორტუგალიას ლისაბონში ვეთამაშებით. გასულ წელს ისინი თბილისში გაგვიძალიანდნენ და ფრეზე დაგვიყოლიეს, შევძლებთ კი ამ თამაშის მოგებას?
- ეს შეხვედრა პრაქტიკულად ფინალის ტოლფასი იქნება და ყველაზე მეტად სწორედ იმაზე მწყდება გული, რომ დისკვალიფიკაციის გამო, მასში მონაწილეობას ვერ მივიღებ. თბილისური მატჩის წინ, გერმანიიდან დროულად დაბრუნება ვერ მოხერხდა. ამინდის გაუარესების გამო, გუნდმა ნაწილ-ნაწილ იმგზავრა, ერევანში მოგვიწია ჩასვლა, იქიდან ტაქსებით ვიარეთ, ზოგს ტაქსი გზაში გაუფუჭდა, შეკრება დავაგვიანეთ, მერე ვარჯიშები მიჰყვა, გადაღლილები ვიყავით და საკუთარი ძალა ვერ ვაჩვენეთ. არ იფიქროთ, რომ თავს ვიმართლებდეთ. მთლიანობაში, პორტუგალია ჩვენთვის უხერხული მეტოქეა, მაგრამ, თუ ჩვენ თვითონ არ წავაგეთ ეს თამაში, მათ შანსი არ აქვთ. პორტუგალიელთა დამარცხების შემდეგ, შეგვიძლია რუმინეთზე აღარც ვიფიქროთ და პირდაპირ რუსეთისთვის დავიწყოთ მზადება. მათი დამარცხება საქართველოს ნაკრებისთვის ყოველთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია