ამბები

0:50 | 24.01.2010 | ნანახია 2428 - ჯერ

რუსეთმა ნამიბია დაიბრიყვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა კონკურენტმა 2010 წლის “ერთა თასსა” და 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე, რუსეთის ნაკრებმა, თებერვალ-მარტში გასამართი ოფიციალური შეხვედრების წინ ბოლო საკონტროლო შეხვედრა გამართა და ნამიბია 30:15 დაამარცხა.
რადგან ეს შეხვედრა სანაკრებო დონეზე იმართებოდა, იგი ოფიციალური ტესტ-მატჩის სტატუსს ატარებდა და მისი შედეგი რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ყოველკვირეულ რეიტინგზე აისახება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორშაბათს რუსეთის ნაკრები “რეიტინგში “ბორჯღალოსნებს” გადაასწრებს და მე-17 ადგილზე აღზევდება, ხოლო საქართველოს ნაკრები მე-18 საფეხურამდე დაქვეითდება.
რუსმა მორაგბეებმა სამხრეთაფრიკული შეკრება შვიდ იანვარს დაიწყეს და ჯერ პრეტორიის უნივერსიტეტის გუნდს ორი შემადგენლობით ეთამაშნენ - პირველი მოიგეს, მეორეში კი დამარცხდნენ, შემდეგ “ბლუ ბულზთან” წააგეს, დასკვნითი მატჩის გასამართად კი ნამიბიაში გადაინაცვლეს და ქალაქ ვინდჰუკში, ხვატსა და სიცხეში ადგილობრივ ნაკრებს სძლიეს. საგულისხმოა, რომ ნამიბია მსოფლიო თასების მუდმივი მონაწილეა და ახალი ზელანდიის საგზური გასული წლის მიწურულს, ნოემბერში, ტუნისის ორმატჩიან ჯახში ძლევით მოიპოვა, თუმცა, რუსებთან სათამაშოდ ნამიბიამ ბრიტანეთში მობურთალი სპორტსმენები მოისაკლისა და “დათვებს” მხოლოდ შიდაპირველობაში მოთამაშე მორაგბეებით დაუხვდა.
რუსეთის რაგბის კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, სტუმრებს პირველსავე წუთებიდან მოუპოვებიათ მნიშვნელოვანი სათამაშო უპირატესობა, მატჩის გმირი კი ალექსანდრ იანუშკინი გახდა, ვინაც ერთ ლელოს 3-3 გარდასახვა და ჯარიმა დაურთო და ჯამში 20 ქულა მოაგროვა. ამავე წყაროს ცნობით, მე-2 ტაიმში რეფერი მასპინძელთა სასარგებლოდ გარჯილა, იური კუშნარიოვისთვის და იგორ კლუჩნიკოვისთვის ყვითელ-ყვითელი ბარათები უჩვენებია და ორჯერ 10-10 წუთით მოედანზე კაცნაკლული დაუტოვებია, ბოლოსკენ კი, თამაშისთვის მთელი 10 წუთი დაუმატებია.
“დათვებმა” ანგარიში მე-12 წუთზე იური კუშნარიოვის ლელოთი გახსნეს, რასაც ალექსანდრ იანუშკინმა ზუსტი რეალიზაცია დაურთო, სამ წუთში კი მანვე ჯარიმა გაიტანა და ანგარიში 10:0 გახადა. მასპინძლებმა საპასუხო ლელო 35-ე წუთზე გაიტანეს, მაგრამ რეალიზაცია არაზუსტად შეასრულეს, თუმცა, პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე ნამიბიელთა ჩათვლის მოედანში მიხაილ ბაბაევმა შეღწია, იანუშკინმა რეალიზაცია ამჯერადაც ძელებსშუა გაატარა და ტაიმი 17:5 დასრულდა.
45-ე წუთზე აფრიკელებმა ჯარიმით სხვაობის შემცირება შეძლეს, მაგრამ სამ წუთში თავადვე დაჯარიმდნენ და იანუშკინმა სტატუსკვო აღადგინა. 10 წუთიც არ იყო გასული, როდესაც იმავე იანუშკინმა ლელო გაიტანა, რასაც კიდევ ერთი ზუსტი რეალიზაცია დაურთო, 68-ე წუთზე კი, მორიგი ჯარიმით საკუთარ გუნდს ბოლო ქულა შესძინა - 30:8. ნამიბიელებმა ბოლოსღა გაიბრძოლეს, პრესტიჟის ლელო გაიტანეს, გარდასახვაც ზუსტი აღმოჩნდა და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა.
რუსეთის ნაკრებში შეკრებაზე გამოძახებული წარმოშობით ქართველი 4 მორაგბიდან, მოედანზე მხოლოდ კარლო მაღლაკელიძე გამოჩნდა, რომელიც გასული წლის ივნისის თვიდან, “დათვების” ძირითად პირველხაზელად იქცა. რუსეთის ნაკრები “ერთა თასისა” და მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრას ექვს თებერვალს პორტუგალიასთან გამართავს და მეტოქეს სოჭში დაუხვდება, საქართველოს ნაკრები კი, “დათვებს” ოც მარტს თურქეთის ქალაქ ტრაბზონში უმასპინძლებს.

ნამიბია - რუსეთი 15:30 (5:17)
რუსეთი: 15. იგორ კლუჩნიკოვი, 14. ვასილი არტიომოვი, 13. მიხაილ ბაბაევი, 12. ალექსეი მაკოვეცკი, 11. ალექსანდრ გვოზდოვსკი, 10. იური კუშნარიოვი, 9. ალექსანდრ იანუშკინი; 1. კარლო მაღლაკელიძე, 2. ევგენი მატვეევი, 3. ალექსეი ტრავკინი, 4. ალექსანდრ ვოიტოვი, 5. არტიომ ფათახოვი, 6. ანდრეი ტემნოვი, 7. ანდრეი გარბუზოვი, 8. ვიქტორ გრესევი.
შეცვლაზე ითამაშეს: 16. ვლადისლავ კორშუნოვი, 17. ალექსანდრ ხროკინი, 18. ევგენი პრონენკო, 19. ალექსეი პანასენკო, 20. ალექსეი ტოლსტიხი, 21. ალექსეი კორობეინიკოვი, 22. ანდრეი კუზინი.  
3 ლელო: იური კუშნარიოვი, მიხაილ ბაბაევი, ალექსანდრ იანუშკინი
3 გარდასახვა: ალექსანდრ იანუშკინი
3 ჯარიმა: ალექსანდრ იანუშკინი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082071