საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შერკინების პირველხაზელის, დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა”, პროგრამა-მინიმუმი შეასრულა, იტალიაში “ვიადანას” დიდი ანგარიშით სძლია, მოგების ოთხთან ერთად, ერთი პრემიალური ქულაც ჩაიწერა და რადგან პარალელურ მატჩში მოვლენები მისთვის სასურველი სცენარით განვითარდა, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, “ჰეინეკენის თასის” 1/4-ფინალში პირველი ადგილიდან გავიდა.
ფრანგებს, ფლეი ოფის საგზურის მოსაპოვებლად, იტალიელები სტუმრად უნდა დაემარცხებინათ, თანაც 4 ან მეტი ლელო გაეტანათ, პრემიალური ქულა აეღოთ და 1/4-ფინალში ნებისმიერ შემთხვევაში გავიდოდნენ. “კლერმონმა” ამოცანა პირველსავე ტაიმში გადაჭრა, 4 ლელო გაიტანა და შესვენებაზე გასვლისას 26:3-ს იგებდა. მიუხედავად ამისა, ფრანგებმა აღებული ტემპი მე-2 ნახევრშიც არ დააგდეს, მონაგარს კიდევ 5 ლელო შეჰმატეს და ჯამში 59:20 იმარჯვეს.
ქართველი ლეგიონერი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 52 წუთი გაატარა, მისი შეცვლისას კი, ანგარიში 40:6 იყო.
ამრიგად, “კლერმონმა” “ჰეინეკენის თასის” ჯგუფურ ეტაპზე 4 თამაში მოიგო და ორში დამარცხდა და ჯამში 21 ქულა მოაგროვა. პარალელურ მატჩში, “ლუკასტრი” “ოსპრეისთან” 12:17 დამარცხდა, თავად მე-3 ადგილამდე დაეშვა, “ოსპრეი” კი, 20 ქულით, მე-2 საფეხურზე დარჩა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია