ამბები

11:28 | 25.01.2010 | ნანახია 1608 - ჯერ

"ჰეინეკენისთვის" მხოლოდ ზირაქაშვილი იბრძოლებს

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ “ჰეინეკენის თასის” მოპოვების შანსი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბეთა გუნდებიდან, მხოლოდ დავით ზირაქაშვილის “კლერმონს” შერჩა, რომელმაც დასკვნით ტურში, იტალიურ “ვიადანასთან” სასურველ შედეგს პირველსავე ტაიმის შემდეგ მიაღწია და თასისთვის ბრძოლას განაგრძობს.
შეიძლება ითქვას, რომ ფრანგებმა 1/4-ფინალის საგზურისთვის, ფინალური მატჩი ერთი კვირის წინათ გამართეს, როდესაც “ოსპრეის” 27:7 სძლიეს, რადგანაც დასკვნით ტურში უქულოდ მყოფი იტალიელთა თუნდაც სტუმრად დამარცხება და მათთვის მინიმუმ 4 ლელოს გატანა, რომელიც კლერმონელებს პრემიალურ ქულას გაუნაღდებდა, ტექნიკის საქმეღა იყო. მოლოდინი გამართლდა, “კლერმონმა” 4 ლელო პირველსავე ტაიმში დადო, აქედან 3 რეალიზაციაც ზუსტად შეასრულა, “ვიდანამ” საწყის 40 წუთში მხოლოდ კინკილა არეკნით უპასუხა და შესვენებისას ფრანგები უკვე 26:3-ს იგებდნენ.
მე-2 ნახევარში, ტრიბუნაზე შეკრებილმა 1 800-მა მაყურებელმა კიდევ უფრო მეტი ლელო იხილა - ხუთჯერ მეტოქის ჩათვლის მოედანზე ფრანგებმა შეაღწიეს, ორჯერ იტალიელებმა და “კლერმონმა” 59:20 იმარჯვა. ქართველი პირველხაზელი, რომელმაც “ჰეინეკენის თასის” ჯგუფური ეტაპის ექვსიდან ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ძირითად შემადგენლობაში იყო და მწვრთნელმა 52-ე წუთზე შეცვალა. ამ დროისთვის ანგარიში უკვე 40:6 იყო და მწვრთნელს სანერვიულოც არაფერი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ზირაქაშვილმა ყველაზე პრესტიჟული ევროპის საკლუბო ტურნირის ყველა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ჯამში, მოედანზე 284 წუთი გაატარა.
ის, რომ “კლერმონი” 1/4-ფინალში ნებისმიერ შემთხვევაში მოხვდებოდა ცხადი იყო, რადგანაც ფლეი ოფში 6 ჯგუფის გამარჯვებულთან ერთად, 2 საუკეთესო მეორეადგილოსანიც ხვდებოდა, თუმცა, პარალელურ მატჩში მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ფრანგებს აწყობდათ. უელსის “ოსპრეიმ” ინგლისის “ლესტერი” 17:12 დაამარცხა, 20 ქულა დაუგროვდა, მეტოქეს გადაასწრო და მე-2 ადგილი დაიკავა. შედეგად, “ოსპრეი” ორიდან ის ერთ-ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი აღმოჩნდა, რომელსაც სხვებზე უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა და 1/4-ფინალში უელსური კლუბი გავიდა.
დასკვნით დღეს “კლერმონს” ნაკლებად გაუმართლა. საქმე ისაა, რომ სარაგბო ევროთასებზე ფლეი ოფებში მხოლოდ ერთი შეხვედრა იმართება და ექვსიდან 4 საუკეთესო მაჩვენებელის მქონე პირველადგილოსანი, ამ ეტაპისთვის, საკუთარი მოედნის უპირატესობას იღებს. იმისათვის, რომ “კლერმონი” ამ ოთხთაგან ერთ-ერთი გამხდარიყო, კვირას გამართულ მატჩებში, “ტულუზას” ან “ბიარიცს”, რომელთაც 1/4-ფინალის საგზური უკვე განაღდებული ჰქონდათ, საკუთარ მატჩი ვერ უნდა ემარჯვათ, მაგრამ ორივე მათგანმა წარმატებით ითამაშა, “ბიარიცმა” შოტლანდიური “გლაზგო” საკუთარ მოედანზე 41:20, ხოლო “ტულუზამ” “სეილ შარქსი” სტუმრად 19:13 დასცა და ახლა ზირაქაშვილსა და მის გუნდს, ნახევარფინალის საგზურისთვის ბრძოლა ტურნირის მოქმედ ჩემპიონ ირლანდიურ “ლინსტერთან” გასვლით შეხვედრაში მოუწევს.
“ბიარიცი” ვახსენეთ და აქვე ვთქვათ, რომ ქართული წარმოშობის და საფრანგეთის მოქალაქეობის მქონე დიმიტრი იაშვილის გუნდმა, შოტლანდიური “გლაზგოს” წინააღმდეგობა მხოლოდ დასკვნით მეოთხედში გატეხა და საბოლოოდ ისე მოიგო, რომ მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანა და პრემიალური ქულაც მიიღო. პირველი ტაიმის შემდეგ სქოტები 13:11 იგებდნენ, 49-ე წუთზე კი მონაგარს ლელო და გარდასახვა შემატეს და 20:11 დაწინაურდნენ. “ბიარიცმა” 62-ე წუთამდე 3 ჯარიმა გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, დარჩენილ დროში კი სტუმრებს კიდევ 3 ლელო უძღვნა, სამივე რეალიზაცია გამოიყენა და საბოლოოდ, მნიშვნელოვანი სხვაობით იმარჯვა.
“ჰეინეკენის თასზე” მოთამაშე კიდევ ერთი ქართველის - დავით ხინჩაგიშვილის “ბრივმა”, ჯგუფურ ეტაპზე მეექვსე შეხვედრაც დათმო, მაგრამ ამჯერად მხოლოდ სამი ქულის სხვაობით და პრემიალური ქულა ჩაიწერეს. ამრიგად, ფრანგებმა კინკილა ქულით ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს. ფრანგები 24-ე წუთისთვის ორი ლელოთი 10:0 იგებდნენ, მაგრამ იმდენი მოახერხეს, ტაიმი ფრედ 10:10 დასრულდა. მეორე ნახევრის დასაწყისში კი “სკარლეტი” ლელოთი და გარდასახვით დაწინაურდა. 56-ე წუთზე სტუმრები მოედანზე 10 წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ და მასპინძლებმა ლელო-გარდასახვით წონასწორობა აღადგინეს - 17:17, მაგრამ მალე ჯარიმა გაუშვეს. “სკარლეტი” ერთხელაც დარჩა მოედანზე კაცნაკლული, მაგრამ “ბრივმა” ამით ვერ ისარგებლა და “სკარლეტმა” 20:17 იმარჯვა. ხინჩაგიშვილი განაცხადში იყო და მოედანზე 55-ე წუთზე შევიდა, სულ კი მან “ჰეინეკენის თასზე” 5 შეხვედრა ჩაატარა (სამჯერ ძირითად შემადგენლობაში იყო) და მთლიანობაში, 255 წუთი ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ ფრანგული გუნდები “ჰეინეკენის თასზე” ამ სეზონში წინა წლებთან შედარებით ბევრად უკეთ გამოიყურებიან და 1/4-ფინალში მათი, ერთბაშად 4 წარმომადგენელი გავიდა - “ბიარიცი”, “ტულუზა”, “კლერმონი” და “სტად ფრანსე”. ჯგუფური ეტაპი ყველაზე კარგად ირლანდიურმა “მანსტერმა” განვლო, ფლეი ოფში გავიდა მეორე ირლანდიური გუნდი, “ჰეინეკენის თასის” მფლობელი “ლინსტერი”. შემდგომ ეტაპზე მე-2 ადგილიდან გააღწიეს უელსის “ოსპრეიმ” და ინგლისურმა “ნორთჰემპტონმა”. 1/4-ფინალური შეხვედრები 9, 10 და 11 აპრილს გაიმართება, “მანსტერი” “ნორთჰემპტონს”, “ბიარიცი” “ოსპრეის”, “ტულუზა” “სტად ფრანსეს”, ხოლო “ლინსტერი” “კლერმონს” უმასპინძლებს. რაც შეეხება კიდევ სამ მეორეადგილოსანს - “კარდიფს”, “გლოსტერს” და “სკარლეტს” (მათ მაჩვენებლებით მეორეადგილოსანთა შორის მესამე-მეხუთე ადგილები დაიკავეს), ახალი სისტემის დანერგვის შედეგად, ისინი “ჩელენჯ ქაფზე” გადაერთვებიან და დონით მეორე ევროპის საკლუბო ტურნირის 1/4-ფინალში, ამ გათამაშების 5 ჯგუფის პირველადგილოსნებს შეუერთდებიან.

“ჰეინეკენის თასი”. ჯგუფური ეტაპი. VI ტური

I ჯგუფი

მანსტერი - ნორთჰემპტონი 12:9
პერპინიანი - ბენეტონი 34:6
 

1 მანსტერი 6 5 0 1 185-94 24
2 ნორთჰემპტონი 6 4 0 2 138-104 19
3 პერპინიანი 6 2 0 4 108-123 11
4 ბენეტონი 6 1 0 5 68-178 5


II ჯგუფი
ნიუპორტი - გლოსტერი 23:32
ბიარიცი - გლაზგო 41:20
 

1 ბიარიცი 6 5 0 1 188-97 23
2 გლოსტერი 6 4 0 2 119-129 17
3 გლაზგო 6 2 0 4 120-140 9
4 ნიუპორტი 6 1 0 5 108-169 6


III ჯგუფი
ოსპრეი - ლესტერი 17:12
ვიადანა - კლერმონი 20:59
 

1 კლერმონი  6 4 0 2 201-120 21
2 ოსპრეი  6 4 1 1 188-121 20
3 ლესტერი 6 3 1 2 187-123 18
4 ვიადანა 6 0 0 6 83-295 18


IV ჯგუფი
ბათი - ოლსტერი 10:28
ედინბურგი - სტად ფრანსე 9:7
 

1 სტად ფრანსე 6 4 0 2 124-95 18
2 ოლსტერი 6 4 0 2 127-94 17
3 ედინბურგი 6 3 0 3 64-94 13
4 ბათი 6 1 0 5 84-116 7

V ჯგუფი
ჰალიკვინსი - კარდიფი 20:45
სეილ შარქსი - ტულუზა 13:19
 

1   ტულუზა 6 5 0 1 143-92 23
2 კარდიფი 6 4 0 2 149-104 18
3 სეილ შარქსი  6 3 0 3 126-153 14
4 ჰალიკვინსი  6 0 0 6 102-171 2


VI ჯგუფი
ლონდონ აირიში - ლინსტერი 11:11
ბრივი - სკარლეტი 17:20
 

1 ლინსტერი 6 4 1 1 154-60 22
2 სკარლეტი 6 4 0 2 116-147 17
3 ლონდონ აირიში  6 3 1 2 104-94 17
4 ბრივი 6 0 0 6 68-177 1


ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.074816