რანგით მეორე საკლუბო ტურნირ “ჩელენჯ ქაფ”-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, ქართველი გულშემატკივრისთვის ყველაზე დიდ ინტერესს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ორი პირველხაზელის - დავით ქუბრიაშვილის “ტულონისა” და აქვსენტი გიორგაძის “კასტრის” დაპირისპირება იწვევდა, რადგან სწორედ ამ ფრანგული დერბის შედეგზე იყო დამოკიდებული, შემორჩებოდა თუ არა ტურნირს ქართველი ლეგიონერი.
ტულონელებს ფლეი ოფში გასასვლელად გამარჯვება და თანაც, ყველაზე ცოტა, 4 ლელოს გატანა სჭირდებოდათ, რათა პრემიალური ქულა აეღოთ და უახლოესი მდევარ “სარაცინისათვის” მიუწვდომელი გამხდარიყვნენ. საქმე ისაა, რომ ინგლისელები დასკვნით ტურში იტალიელებს სტუმრობდნენ და დიდი იყო შანსი, რომ მათ მეტოქე ისე დაემარცხებინათ, პრემიალური ქულაც აეღოთ. ასეთ შემთხვევაში, თუ “ტულონი” მხოლოდ გამარჯვებას შეძლებდა და პრემიალურ ქულას ვერ ჩაიწერდა, “სარაცინის” მსგავსად, 22 ქულას მოაგროვებდა და რადგან ურთიერთშეხვედრებში მეტოქე სჯობდა, შემდეგ ეტაპზეც ინგლისური კლუბი გავიდოდა, ფრანგები კი ხახამშრალი დარჩებოდნენ.
მაგრამ ასე არ მოხდა. “კასტრი”, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონობისთვის იბრძვის და თოპ 14-ში “კლერმონთან” ერთად პირველ-მეორე საფეხურზე იმყოფება, ევროპის რანგით მეორე ტურნირს სათანადო ყურადღებას არ აქცევს, იქ სათამაშოდ მეორე ეშელონის მორაგბეები გაჰყავდა და ასე მოხდა ამჯერადაც. ამრიგად, მათი ქართველი პირველხაზელი აქვსენტი გიორგაძე განაცხადშიც არ იყო, “ტულონმა” კი მეტოქეს უძლიერესი მორაგბეები დაახვედრა და ტრიბუნაზე შეკრებილი 11 890 მაყურებელი პირველსავე ტაიმში გაახარა, რადგან ამ პერიოდისთვის, 4 ლელოს გატანა და შესაბამისად, პრემიალური ქულის ჩაწერა უკვე მოახერხა. ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მწვრთნელმა შესვენებისას შეცვალა.
შეხვედრა დაიწყო თუ არა, სტუმრებმა ჯარიმით ანგარიში გახსნეს, მაგრამ მასპინძლებმა 20-დან 35-ე წუთამდე 4 ლელო გაიტანეს, ჯონ უილკინსონმა ოთხივე რეალიზაცია ზუსტად შეასრულა და შესვენებაზე გასვლისას ანგარიში 28:3 იყო. მე-2 ტაიმში მასპინძლებმა კიდევ 2 ლელო გაიტანეს, უილკინსონმა გარდასახვები ამჯერადაც ზუსტად დაარტყა, “კასტრმა” ერთი პრესტიჟის ლელოთი უპასუხა და “ტულონმაც” 42:10 იმარჯვა. საბოლოო ჯამში, “ტულონს” 23 ქულა მოუგროვდა, მდევარ “სარაცინს” სწორედ კინკილა პრემიალური ქულის ხარჯზე აჯობა და ფლეი ოფში გავიდა.
1/4-ფინალში თამაშის მცირე შანს ინარჩუნებდა გოდერძი შველიძისა და ბექა შეყლაშვილის “მონტობანი”, რომელმაც “ალბის” 5 497 მაყურებლის წინაშე უმასპინძლა და 27:20 დაამარცხა, მაგრამ პარალელურ მატჩში სასწაული არ მოხდა, “ნიუკასლმა” ინგლისში იტალიურ “პეტრარკა პადოვასთან” არ წაგო, მომხვდური 20:3 დასცა და ფრანგთათვის მიუწვდომელი შეიქნა. შველიძე და შეყლაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და მწვრთნელმა ორივე პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა, თავად მატჩი კი თვალსასეირო გამოდგა. მასპინძელთა ორ ჯარიმას, სტუმრებმა ორი ლელოთი, ამდენივე რეალიზაციით და ერთი ჯარიმით უპასუხეს, რის შემდეგაც 17:6 დაწინაურდნენ, მაგრამ ჯერ კიდევ შესვენებამდე, ორი საპასუხო ლელოს გატანა “მონტობანმაც” მოახერხა, გარდასახვებიც ზუსტი აღმოჩნდა და შესვენებაზე გასვლისას მასპინძლები სამი ქულით დაწინაურდნენ - 20:17. მეორე ნახევრის დასაწყისშივე მასპინძლებმა მესამე ლელო გაიტანეს და რეალიზაციაც გამოიყენეს, სტუმრებმა კი 51-ე წუთზე ჯარიმით საბოლოო შედეგი დააფიქსირეს.
მამუკა გორგოძისა და გიორგი ჩხაიძის “მონპელიემ” “ვუსტერს” უმასპინძლა და 8:3 იმარჯვა, მაგრამ ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე ცხადი იყო, რომ ქართველ ლეგიონერთა გუნდი პირველ ადგილს ვეღარ შეწვდებოდა, რადგან ეს ადგილი ერთი ტურით ადრე “კონახტმა” დაიბევა. მიუხედავად იმისა, რომ ეს თამაში აღარაფერს წყვეტდა, მას ფრანგთა 7 497 ერთგული ქომაგი დაესწრო და მათი თავგამოდება მორაგბეებმაც დააფასეს. სტუმრები მე-11 წუთზე ჯარიმით დაწინაურდნენ და ტაიმი 3:0 მოიგეს. რეფერიმ პირველ ტაიმში ერთი, მეორეში კი ორი “ვუსტერის” მორაგბე 10-10 წუთით გაასინბინა, თანაც ისე, რომ მეორე ნახევარში სტუმრები მოედანზე 4 წუთით 13 კაცის ამარა დარჩნენ, რითაც “მონპელიემ” ისარგებლა და ლელო გაიტანა, 70-ე წუთზე კი, ზუსტი ჯარიმით საბოლოო შედეგი დააფიქსირა. გორგოძე 40-დღიან დისკვალიფიკაციას იხდის და მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, თუმცა, ასეც რომ არ ყოფილიყო მწვრთნელი მის დასვენებას აპირებდა და განაცხადში მაინც ვერ მოხვდებოდა, ჩხაიძე კი ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად გაისარჯა. “მონპელიმ” ექვსიდან ოთხი თამაში მოიგო, 19 ქულა მოაგროვა და ჯგუფში არაფრისმომცემი მეორე ადგილი დაიკავა.
ამრიგად, ქუბრიაშვილის “ტულონი” “ჩელენჯ ქაფის” 1/4-ფინალურ შეხვედრას (იმართება ერთი მატჩი) საკუთარ მოედანზე გამართავს და უელსის წარმომადგენელ “სკარლეტს” უმასპინძლებს, რომელმაც რანგით მეორე ევროტურნირში “ჰეინეკენის თასიდან” გადაინაცვლა. დანარჩენ მეოთხედფინალებში ირლანდიური “კონახტი” ფრანგულ “ბურგონს”, ინგლისის “ლონდონ ვაპსი” “ჰეინეკენის თასიდან” გადმონაცვლებულ “გლოს¬ტერს”, ხოლო ინგლისის “ნიუკასლი” ასევე “ჰეინეკენის თასიდან” გადმოსულ უელსის “კარდიფს” დაუხვდებიან. მატჩები 8, 9, 10 და 11 აპრილს შედგება.
"ჩელენჯ ქაფი”. ჯგუფური ეტაპი. VI ტური
I ჯგუფი
პარმა - ბუქარესტი 16:9
ლიდსი - ბურგონი 9:18
1 | ბურგონი | 6 | 5 | 0 | 1 | 141-86 | 23 |
2 | ლიდსი | 6 | 4 | 0 | 2 | 160-82 | 19 |
3 | პარმა | 6 | 2 | 0 | 4 | 78-145 | 8 |
4 | ბუქარესტი | 6 | 1 | 0 | 5 | 70-136 | 7 |
II ჯგუფი
მონპელიე - ვუსტერი 8:3
მადრიდი - კონახტი 0:66
1 | კონახტი | 6 | 6 | 0 | 0 | 199-63 | 26 |
2 | მონპელიე | 6 | 4 | 0 | 2 | 158-92 | 19 |
3 | ვუსტერი | 6 | 2 | 0 | 4 | 140-83 | 13 |
4 | მადრიდი | 6 | 0 | 0 | 6 | 44-303 | 0 |
III ჯგუფი
როვიგო - სარაცინი 8:56
ტულონი - კასტრი 42:10
1 | ტულონი | 6 | 5 | 0 | 1 | 218-88 | 23 |
2 | სარაცინი | 6 | 5 | 0 | 1 | 184-83 | 22 |
3 | კასტრი | 6 | 2 | 0 | 4 | 173-127 | 11 |
4 | როვიგო | 6 | 0 | 0 | 6 | 41-318 | 0 |
IV ჯგუფი
მეტრო რასინგი - ვაპსი 19:17
რომა - ბაიონი 6:55
1 | ლონდონ ვაპსი | 6 | 5 | 0 | 1 | 176-69 | 23 |
2 | ბაიონი | 6 | 4 | 0 | 2 | 184-73 | 19 |
3 | მეტრო რასინგი | 6 | 3 | 0 | 3 | 177-85 | 16 |
4 | რომა | 6 | 0 | 0 | 6 | 28-338 | 0 |
V ჯგუფი
მონტობანი - ალბი 27:20
ნიუკასლი - პეტრარკა 20:3
1 | ნიუკასლი | 6 | 5 | 0 | 1 | 146-77 | 23 |
2 | მონტობანი | 6 | 5 | 0 | 1 | 132-96 | 21 |
3 | ალბი | 6 | 2 | 0 | 4 | 117-137 | 12 |
4 | პეტრარკა | 6 | 0 | 0 | 6 | 95-180 | 1 |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია