“ერთა თასსა” და მსოფლიოს 2011 წლის თასის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების უმთავრეს მეტოქეს, რუსეთის ნაკრებს გასულ შაბათს ნამიბიის ეროვნული გუნდის 30:15 ძლევამ, რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ყოველკვირეულ რეიტინგში “ბორჯღალოსნებთან” ქულებით გათანაბრების საშუალება მისცა და ქართველები მე-18 საფეხურზე ჩამოქვეითდნენ.
საგულისხმოა, რომ ნამიბიელებმა რუსებთან მატჩში ლელოსა და რეალიზაციის გატანა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე შეძლეს და სხვაობა 15 ქულამდე დაიყვანეს, თორემ, ის რომ უფრო მეტი ყოფილიყო, რუსები მეტ სარეიტინგო ქულას მიიღებდნენ და მე-17 საფეხურზე ერთპიროვნულად განთავსდებოდნენ. ამ მატჩმა, “ერთა თასის” კიდევ ერთ მონაწილე ესპანეთის ნაკრებზეც იმოქმედა. ნამიბიელებმა სარეიტინგო ქულები დაკარგეს, რის შედეგადაც ევროპელებს აფრიკელებზე გადასწრების საშუალება მიეცათ.
2010 წელს IRB-ს რეიტინგში ეს პირველი ცვლილებაა, რადგანაც ტესტ-მატჩების დრო ჯერ არ დამდგარა და დანარჩენმა გუნდებმაც ძველი პოზიციები შეინარჩუნეს. ცხრილის სათავეში კვლავ ახალი ზელანდიაა, რომელსაც კვალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, შარშანდელი “სამი ერის” გამარჯვებული სამხრეთ აფრიკა უდგას, სამეულს კი სამხრეთ ნახევარსფეროს კიდევ ერთი წარმომადგენელი ავსტრალია ასრულებს. გასული წლის “ექვსი ერის” გამარჯვებული ირლანდია მე-4 პოზიციაზეა.
აღსანიშნავია, რომ “ერთა თასზე” “ბორჯღალოსანთა” სხვა მეტოქეები ქართველებზე დაბლა იმყოფებიან. რეიტინგში მორიგ ცვლილებებს 8 თებერვლისთვის უნდა ველოდოთ, რადგანაც 2010 წლის “ერთა თასის” და “ექვსი ერის” შეხვედრები 6-7 თებერვალს შედგება. შესაძლოა, ამ პერიოდისთვის რუსებმა კიდევ უფრო შეძლონ დაწინაურება, რადგანაც მათი მომავალი მეტოქე პორტუგალია რეიტინგში 21-ე ადგილზეა, საქართველოს ნაკრებს კი, 26-ე საფეხურზე მყოფი გერმანიის გვემამ, შესაძლოა, არც არაფერი შეჰმატოს.
1. (1) ახალი ზელანდია – 91,68
2. (2) სამხრეთ აფრიკა – 88,60
3. (3) ავსტრალია – 85,56
4. (4) ირლანდია – 84,60
5. (5) საფრანგეთი – 82,41
6. (6) ინგლისი – 80,72
7. (7) არგენტინა – 80,56
8. (8) უელსი – 79,89
9. (9) შოტლანდია – 76,59
10. (10) ფიჯი - 75,90
11. (11) იტალია - 72,59
12. (12) სამოა – 72,08
13. (13) იაპონია – 70,59
14. (14) კანადა – 68,80
15. (15) ტონგა – 68,11
16. (16) აშშ – 67,05
17. (18) რუსეთი – 66,85
18. (17) საქართველო – 66,85
19. (19) რუმინეთი – 64,62
20. (20) ურუგვაი – 60,89
21. (21) პორტუგალია – 59,72
22. (23) ესპანეთი – 59,01
23. (22) ნამიბია – 58,98
24. (24) ჩილე – 57,95
25. (25) კორეა – 57,90
26. (26) გერმანია – 55,72
27. (27) უკრაინა – 55,47...
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია