ამბები

19:30 | 25.01.2010 | ნანახია 2349 - ჯერ

FIRA-მ 7-კაცას ევროპირველობის მასპინძლად მოსკოვი დაასახელა

ევროპის რაგბის საერთაშორისო საბჭომ (FIRA), კონტინენტის 7-კაცა რაგბის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის მასპინძლობის უფლება რუსეთის დედაქალაქ მოსკოვს მიანიჭა.
მიმდინარე წლის 10-11 ივლისს, 7-კაცა რაგბში ევროპის 12 უძლიერესი ნაკრები სწორედ ამ ქალაქში შეიკრიბება და უძლიერესის გამოსავლენად იბრძოლებს. აქვე, 11-13 ივლისს კლუბებს შორის 7-კაცა რაგბის გამარჯვებული გამოვლინდება.
FIRA-ს ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს 7-კაცა ნაკრებს რთულ მდგომარეობაში აგდებს, რადგანაც დასკვნით ტურნირზე მოხვედრის შემთხვევაში, რისი ალბათობაც საკმაოდ დიდია, რუსეთთან გართულებული ურთიერთობების გამო, “ბორჯღალოსნებს” მგზავრობის, ცხოვრებისა და თამაშის მხრივ დამატებით პრობლემებს შეუქმნის. 7-კაცა რაგბის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის 12 მონაწილე, შვიდი შესარჩევი ეტაპის შედეგების შეკრებით ხდება. თითოეული ევროპული ნაკრები შვიდიდან მხოლოდ ორ შესარჩევ ეტაპში იღებს მონაწილეობას, დაკავებული ადგილების მიხედვით მათ ქულები ერიცხებათ, რის შემდეგაც დგება საერთო ცხრილი და უკეთესი მაჩვენებლის მქონე 12 გუნდი ევროპირველობისათვის იბრძვის.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს რაგბის საერთაშორისო საბჭომ რუსეთს 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის ალაფის მასპინძლობის უფლებაც უბოძა. ასე რომ, მეზობელ ქვეყანას რაგბის მმართველთა შორის სერიოზული ლობი ყავს.
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.093246