ამბები

10:27 | 26.01.2010 | ნანახია 3649 - ჯერ

ლეინმა 26 შეარჩია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ავსტრალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ტიმ ლეინმა, იმ 26 მორაგბის სია ჩამოწერა, რომლებიც 2010 წლის “ერთა თასისა” და 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის პირველი ორი შეხვედრისთვის მოემზადება.
“ბორჯღალოსნებისთვის” და ზოგადად ქართული რაგბის მომავლისთვის, მიმდინარე წლის თებერვალ-მარტი მეტად მნიშვნელოვანია. გასული წლის “ერთა თასი” ქართველმა მორაგბებმა დაუმარცხებლად განვლეს, ქულები მხოლოდ ერთ შეხვედრაში დაკარგეს, როდესაც თბილისში პორტუგალიას ფრედ - 20:20 ეთამაშნენ და ტიტულს მესამედ დაეუფლნენ. ახლა, მათ შარშანდელის განმეორება მართებთ, რათა ჯილდო სხვას არ გადააბარონ და ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გაახარონ.
თუკი, “ერთა თასის” შესანარჩუნებლად საქართველოს ნაკრებს ყველა მატჩის მოგება მართებს, 2011 წლისთვის ახალი ზელანდიის საგზურის მისაღებად, რომელიც ორი წლის შედეგების ჯამით პირველ-მეორე ადგილზე გასულ გუნდებს პირდაპირ გადაეცემათ, სამი თამაშის მოგებაც სრულიად საკმარისია. უპრიანი იქნება, თუ “ბორჯღალოსნები” ამ საქმეს თებერვლის თვეშივე მოითავებენ და მარტში პრინციპული მეტოქეების - რუმინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ ზედმეტი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე გავლენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პირველ და მესამე თამაშს საქართველოს ნაკრები თბილისში ატარებს და ჯგუფის აშკარა აუტსაიდერებს - გერმანიას და ესპანეთს მასპინძლობს, რომელთა დამარცხებაც დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა, მოდუნებაც არ ეგების, რათა რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდეს. ამრიგად, მსოფლიო თასის საგზურისთვის, ლეინის შეგირდები ფინალის ტოლფას შეხვედრას 13 თებერვალს, ლისაბონში, პორტუგალიელთა წინააღმდეგ გამართავენ, იმედია, თბილისურ შეცდომებს აღარ გაიმეორებენ და ზელანდიის ბილეთებს ნაადრევად დაჯავშნიან.
ზემოთ უკვე ვახსენეთ, რომ ორი წლის ჯამში შემდგარი ცხრილის მიხედვით პირველ-მეორე საფეხურზე გასული გუნდი, მსოფლიო თასზე ავტომატურად ხვდება, მაგრამ იქ შემოვლითი გზით გასვლის შანსი, მესამეადგილოსანსაც რჩება. ის საკონტინენტთაშორისო რეპეშაჟში გადაერთვება, რომელმაც მსოფლიო თასის მე-20 გუნდის ვინაობა უნდა გაარკვიოს. უწინარესად, “ერთა თასის” მესამეადგილოსანი უკრაინასთან მიმოსვლით ორ მატჩს გამართავს, აქ გამარჯვებული გუნდი აფრიკის წარმომადგენელ ტუნისს შეხვდება, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში საკუთარ ზონაში ნამიბიას ვერ აჯობა, ამ წყვილს შორის გამარჯვებული კი, ამერიკის ზონაში აშშ-ს ნაკრებთან დამარცხებულს მიმოსვლით გაეჯიბრება და გამარჯვებული ახალ ზელანდიაში წავა, დამარცხებული კი, მინიმუმ, ოთხი წლით მსოფლიოს უდიდესი ფორუმის გარეშე დარჩება.
საქართველოს ნაკრებისთვის, ზედიზედ მესამე მსოფლიო თასზე მოხვედრას ორმაგი დატვირთვა აქვს. სპორტულ ღონისძიებათა შორის ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატისა და ზაფხულის ოლიმპიადის შემდეგ მაყურებელთა რაოდენობით მესამე ადგილზე მყოფ ღონისძიებაზე თამაში, ერთის მხრივ პრესტიჟულია, მეორეს მხრივ კი, ეს იმას ნიშნავს, რომ რაგბის საერთაშორისო საბჭო, ქართული რაგბის განვითარებისთვის თანხებს შემდგომი ოთხი წლის განმავლობაშიც გამოყოფს, ჩვენისთანა დუხჭირ მდგომარეობაში მყოფი რაგბის კავშირისთვის კი, ეს მეტად მნიშვნელოვანია.
ეს სიტუაცია, რაგბის კავშირის ხელმძღვანელობასთან ერთად, მორაგბეებს და ტიმ ლეინსაც კარგად აქვთ გაცნობიერებული და გუნდი პირველივე მატჩისათვის უძლიერესი შემადგენლობით შეიკრიბება. მართალია, 6 თებერვალს მეტოქე ყველასგან ნაგვემი გერმანიაა, მაგრამ მწვრთნელმა შეკრებაზე 26 მორაგბეს უხმო და სასურველ სპორტსმენთაგან მხოლოდ მამუკა გორგოძე მოისაკლისა, რომელსაც ახლახანს 40 დღიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს და პირველ სამ მატჩში მონაწილეობას ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიიღებს. გამოძახებულთა შორის ვერ მოხვდა რუსეთის “სტმ-ენისეის” მესამეხაზელი რატი ურუშაძეც.
შეკრება პირველ თებერვალს იწყება და მასში ყველაზე გამოუცდელები ვიქტორ კოლელიშვილი და ლაშა თავართქილაძე იქნებიან, რომელთაც ეროვნული გუნდის მაისური აქამდე მხოლოდ თითო-თითოჯერ აქვთ მორგებული, უმრავლესობას კი, ზურგს უდიდესი სანაკრებო გა¬მოცდილება უმაგრებს. “ბორჯღალოსნები” გერმანელებს “ბორის პაიჭაძეზე” დაუხვდებიან. მატჩს ფრანგი არბიტრები მოემსახურებიან და ის 14:00 საათზე დაიწყება.  
ლეინმა გაფართოებულ შეკრებაზე შემდეგ მორაგბეებს უხმო: გოდერძი შველიძე (“მონტობანი”, საფრანგეთი, 52 თამაში, 35 ქულა), აქვსენტი გიორგაძე (“კასტრი”, საფრანგეთი, 55 თ., 55 ქ.), დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 18 თ., 15 ქ.), გიორგი ნემსაძე (“მასი”, საფრანგეთი, 12 თ., 10 ქ.), ილია ზედგინიძე (“კარკერედნიერი”, საფრანგეთი, 55 თ., 75 ქ.), გრიგოლ ლაბაძე (“მერსეი-ვიტროლი”, საფრანგეთი, 56 თ., 55 ქ.), გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 36 თ., 20 ქ.), ბესარიონ უდესიანი (“სენტ ეტიენი”, საფრანგეთი, 34 თ., 40 ქ.), ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი, 61 თ., 25 ქ.), ლაშა მალაღურაძე (« ბეზიე », საფრანგეთი, 20 თ., 67 ქ.) , ირაკლი მაჩხანელი (« სენტ ეტიენი », საფრანგეთი, 36 თ., 70 ქ.), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 42 თ., 60 ქ.), დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი, 31 თ., 35 ქ.), მალხაზ ურჯუკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 58 თ., 284 ქ.), მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 38 თ., 153 ქ.), დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი, 26 თ., 15 ქ.), ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი, 30 თ., 10 ქ.), ირაკლი გიორგაძე (« დაქსი », საფრანგეთი, 35 თ., 16 ქ.), დიმიტრი ბასილაია (« ლე ბუგი », საფრანგეთი, 13 თ., 5 ქ.), ბიძინა სამხარაძე (“ფარულ კონსტანცა”, რუმინეთი, 42 თ., 10 ქ.), იური ნატრიაშვილი (“ფარულ კონსტანცა”, რუმინეთი, 22 თ., 5 ქ.), ვიქტორ კოლელიშვილი (“ლელო”, თბილისი, 1 თ.), ლაშა თავართქილაძე (“ფარულ კონსტანცა”, რუმინეთი, 1 თ.), ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, ქუთაისი, 14 თ., 20 ქ.), ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი, 14 თ., 5 ქ.), ირაკლი ყიასაშვილი (“ლელო”, თბილისი, 3 თ., 4 ქ.).
მთავარი მწვრთნელი: ტიმ ლეინი
ფიზმომზადების მწვრთნელი: ჯონი ნამუ

6 თებერვალი
რუსეთი. სოჭი
რუსეთი - პორტუგალია
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - ესპანეთი
საქართველო. თბილისი
საქართველო - გერმანია
13 თებერვალი
ესპანეთი. მადრიდი
ესპანეთი - რუსეთი
პორტუგალია. ლისაბონი
პორტუგალია - საქართველო
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - გერმანია
27 თებერვალი
რუსეთი. სოჭი
რუსეთი - რუმინეთი
გერმანია. ჰოიზენშტამი
გერმანია - პორტუგალია
საქართველო. თბილისი
საქართველო - ესპანეთი
13 მარტი
რუმინეთი. ბუქარესტი

რუმინეთი - საქართველო
ესპანეთი. მადრიდი
ესპანეთი - პორტუგალია
რუსეთი. სოჭი, ან კრასნოდარი
რუსეთი - გერმანია
20 მარტი
გერმანია. ჰაიდელბერგი
გერმანია - ესპანეთი
თურქეთი. ტრაბზონი
საქართველო - რუსეთი
პორტუგალია. ლისაბონი
პორტუგალია - რუმინეთი

2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის სატურნირო მდგომარეობა

1 საქართველო 5 4 1 0 +90 14
2 რუსეთი 5 4 0 1 +85 13
3 პორტუგალია 5 3 1 1 +40 12
4 რუმინეთი 5 2 0 3 +16 9
5 ესპანეთი 5 1 0 4 -74 7
6 გერმანია 5 0 0 5 -157 5


შენიშვნა: გამარჯვებაზე იწერება 3 ქულა, ფრეზე 2, წაგებაზე 1

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08052