ამბები

19:10 | 28.01.2010 | ნანახია 2018 - ჯერ

ზირაქაშვილის დაკარგულით გიორგაძემ იხეირა

საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ Top  14-ის XIX ტურში, კალენდარმა შეხვედრები თავისდაუნებურად ისე გადაანაწილა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრთა გუნდებმა საქმე პირველსავე სათამშო დღეს მოილიეს.
ეს “ბორჯღალოსანთა” დამრიგებელ ტიმ ლეინისთვის და მისი შეგირდებისთვის სასარგებლო ამბავია, რადგანაც “ერთა თასისა” და მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ, მორაგბეებს ერთით მეტი დასვენების, ან თუნდაც მზადების დღე, მხოლოდ დადებითად თუ წაადგებათ.
ახლა სანაკრებო თემას თავი ვანებოთ და დროებით მხოლოდ საფრანგეთის ელიტარული დივიზიონის შეხვედრებზე გადავერთოთ, სადაც, XIX ტურში ორი ქართული დერბი შედგა. აქვე შეგახსენებეთ, დავით ზირაქაშვილის “კელრომი” და აქვსენტი გიორგაძის “კასტრი” რეგულარული პირველობის დასრულებას პირველ-მეორე საფეხურზე გეგმავენ, რათა საჩემპიონო ფლეი ოფში ზედმეტი შეხვედრები თავიდან აირიდონ. ახალი რეგლამენტის თანახმად, Top  14-ის რეგულარული პირველობის შედეგების მიხედვით, პირველ-მეორე ადგილზე გასულ გუნდებს ამოსუნთქვის საშუალება ეძლევათ და საჩემპიონო ბრძოლებისთვის მეტოქეებს ელიან, რომელთაგან ერთ-ერთი მესამეადგილოსანსა და მეექვსეადგილოსანს შორის, ხოლო მეორე - მეოთხე და მეხუთე პოზიციებზე გასულ გუნდებს შორის ჯახით უნდა გამოვლინდნენ.
უშუალოდ XIX ტურის მიმოხილვა საფრანგეთის ჩემპიონატის გასული წლის ვიცე-ჩემპიონ ზირაქაშვილის “კლერმონის” მატჩით დავიწყოთ. მისი მეტოქე Top  14-ის დებიუტანტი იყო, რომელმაც სეზონის წინ გვარიანი თანხა დახარჯა, შემადგენლობა საგრძნობლად გააძლიერა და წლეულს არა მხოლოდ საფლეიოფო ექვსეულითვის, არამედ, საწყის ეტაპზე რეგულარულ პირველობაში პირველ-მეორე ადგილის დაკავებისთვის იბრძვის. “კლერმონს” გასული ორი კვირის განმავლობაში ევროპის საკლუბო ტურნირ “ჰეინეკენის თასზე” ორი უმნიშვნელოვანესი ჯახი გადახდა და ამ მატჩს ოდნავ გადაღლილი შეხვდა. ამით მასპინძლებმა კარგად ისარგებლეს, პირველსავე ტაიმში სტუმრებს სამი ლელო უძღვნეს, სამივე რეალიზაცია ზუსტად შეასრულეს, ზედ არეკნი და ჯარიმა დაურთეს და შესვენებაზე გასვლისას უკვე 27:0 იგებდნენ.
მეორე ტაიმის მე-12 წუთამდე, გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მერე კი მოედანზე აქამდე სათადარიგოთა სკამზე მყოფი ქართველი პირველხაზელი შევიდა და სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. “კლერმონმა” მეტოქე საკუთარ ნახევარზე ამოკეტა და 59-ე წუთზე ლელო-გარდასახვით სხვაობა 20 ქულამდე დაიყვანა - 10:30. მასპინძლებმა ჯარიმით უპირატესობა გაზარდეს, 70-ე და 74-ე წუთებზე კი სტუმრებმა ორ-ორი ლელო-გარდასახვით 14 ქულა მოინაგრეს, რითაც ანგარიში 24:33 გახადეს, მაგრამ დარჩენილ დროში ერთი ჯარიმაც კი ვერ დაარტყეს კარში და რადგან სხვაობა 7 ქულაზე მეტი იყო - 24:33, პრემიალური ქულაც ვერ აიღეს. “კლერმონს” 56 ქულა დარჩა და მეორე საფეხურამდე დაქვეითდა.
ზირაქაშვილის გუნდმა ლიდერობა იმის გამოც დაკარგა, რომ აქვსენტი გიორგაძის “კასტრმა” კიდევ ერთ კონკურენტ “სტად ფრანსეს” 32:14 აჯობა, საერთო მონაგარი 60 ქულამდე გაზარდა და კვლავ ერთპიროვნულად დაწინაურდა. “კასტრმა” “ჩელენჯ ქაფზე” ძალები არ დახარჯა, ის შიდა პირველობისთვის შემოინახა და შედეგმაც არ დააყოვნა. პარიზელებმა პირველ ტაიმში იბრძოლეს, მე-15 წუთისთვის გუნდებმა ორ-ორი ჯარიმა გაცვალეს, მერე სტუმრებმა ჯერ ლელო, 37-ე წუთზე კი მორიგი ჯარიმა გაიტანეს და 14:6 დაწინაურდნენ, მაგრამ ამის შემდეგ მოედანზე მხოლოდ მასპინძლებმა იბურთავეს. ზედ შესვენების წინ მათ ჯარიმით სხვაობა შეამცირეს, 46-ე წუთზე ლელოს გარდასახვა მიაყოლეს და დაწინაურდნენ, 55-დან 64-ე წუთამდე სამი ჯარიმა ძელებსშუა გააძვრინეს, 75-ე წუთზე კი მეტოქის ჩათვლის მოედანში ერთხელაც შეაღწიეს, რეალიზაციაც ზუსტად დაარტყეს და საბოლოო შედეგი დააფიქსირე. გიორგაძემ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მწვრთნელმა 75-ე წუთზე შეცვალა, როდესაც ყველაფერი უკვე გარკვეული იყო.
რადგან მოწინავეთა შორის მყოფ ქართულ გუნდებს შევეხეთ, ქართული დერბებიდან ჯერ საჩემპიონო ფლეი ოფისთვის მებრძოლი დავით ქუბრიაშვილის “ტულონისა” და გიორგი ჩხაიძისა და მამუკა გორგოძის “მონპელიეს” თამაში მიმოვიხილოთ. დავიწყოთ იმით, რომ ქუბრიაშვილის “ტულონმა”, ვინაც გასულ კვირას “ჩელენ ქაფის” 1/4-ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სტუმარს 31:19 სძლია, პრემიალური ქულაც მიითვალა და ჯამში 51 ქულით ჯერჯერობით მეოთხე საფეხურამდე აღზევდა. თავიდანვე ვთქვათ, რომ ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა, “მონპელიეს” რიგებში კი ჩხაიძე 45-ე წუთიდან გამოჩნდა. რაც შეეხება გორგოძეს, ის დისკვალიფიკაციის ვადას იხდის. მასპინძლები მე-10 წუთისთვის ორ-ორი ლელოსა და გარდასახვის წყალობით უკვე 14:0 იგებდნენ, მაგრამ შესვენებამდე ორი ჯარიმა, ერთი ლელო და გარდასახვა გაუშვეს და სხვაობა მინიმუმამდე დავიდა. მეორე ნახევრის მე-9 წუთზე უკვე “მონპელიე” დაწინაურდა, მაგრამ ორ წუთში “ტულონი” ლელოთი წინ გაიჭრა და რეალიზაციაც გამოიყენა. 74-ე წუთამდე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე კი, მასპინძლებმა მორიგი ლელო გაიტანეს და პრემიალური ქულაც მიითვალეს.
მეორე ქართულ დერბში ერთურთს დავით ხინჩაგიშვილის “ბრივი” და გოდერძი შველიძისა და ბექა შეყლაშვილის “მონტობანი” შეებნენ - “ბრივი” საჩემპიონო ფლეი ოფისთვის, “მონტობანი” კი უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. ამ შემთხვევაში შეყლაშვილი გუნდის განაცხადში ვერ მოხვდა, მაგრამ ხინჩაგიშვილი და შველიძე საკუთარი გუნდების ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და 38 წუთი, შერკინებების დროს ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. საქმე ისაა, რომ შველიძემ 29-ე წუთზე ყვითელი ბარათი დაიმსახურა და რეფერიმ 10 წუთით გაასინბინა, მწვრთნელმა კი ის 48-ე წუთზე შეცვალა, ხოლო ხინჩაგიშვილმა მოედანზე 72 წუთი გაატარა.
შეხვედრის მეორე წუთზე მასპინძელთა მიერ გატანილ ლელოს, რომელსაც ზუსტი რეალიზაცია მოყვა, სტუმრებმა სამ წუთში ჯარიმით, მე-7 წუთზე კი ლელოთი უპასუხეს - 8:7. ტაიმის შუაში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, ზედ შესვენების სასტვენის წინ კი, “ბრივმა” ერთი ჯარიმაც გამოიყენა და 13:11 დაწინაურდა. მეორე ნახევრის საწყის 20 წუთში მასპინძლებმა ჯარიმით კიდევ ორჯერ იხეირეს, რასაც მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე სტუმრებმა ერთი ჯარიმით უპასუხეს და “ბრივმა” 19:14 მოიგო. “ბრივს” 19 თამაშის შემდეგ 46 ქულა აქვს, მეშვიდე ადგილზე და საფლეიოფო ექვეულში ბოლო პოზიციებზე მყოფ ქვეყნის ჩემპიონ “პერპენიას” (17 თამაში) და “ტულუზას” (18 თამაში) 4-4 ქულით ჩამორჩება. “მონტობანი” 33 ქულით მე-11 ადგილზეა და “ბაიონს”, რომელსაც რეზერვში სამი თამაში აქვს, 8 ქულით უსწრებს.
დღეს გვიან “პერპინიანი” “ბურგონს” მასპინძლობს, “ალბი” “ტულუზას” დაუხვდება”, საფრანგეთის მოქალაქეობის მქონე დიმიტრი იაშვილის “ბიარიცი” კი “ბაიონს” ესტუმრება”. ამის შემდეგ, საფრანგეთის Top  14-ში სანაკრებო შეხვედრების გამო სამკვირიანი შესვენება გამოცხადდება და XX ტურის მატჩები 20 თებერვალს გაიმართება.

ზურა ქსოვრელი
 


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.091105