საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის XIX ტურის მეორე სათამაშო დღეს, რეგულარულ პირველობაში პირველ-მეორე ადგილის დაკავებისთვის მებრძოლმა “პერპინიანმა” და “ტულუზამ” საკუთარი შეხვედრები მოიგეს, თანაც გამარჯვების ოთხს, პრემიალური ქულებიც შემატეს და საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველხაზელ დავით ზირაქაშვილის “კლერმონთან” ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს.
რეგულარულ გათამაშებაში პირველ-მეორე ადგილის დაკავება იმადაა კარგი, რომ ეს ორი გუნდი საჩემპიონო ფლეი ოფის პირველი ეტაპიდან თავისუფლდება, სადაც მესამეადგილოსანი მეექვსეს, ხოლო მეოთხეადგილოსანი მეხუთეს ეთამაშება და მათ შორის გამარჯვებულ გუნდებს დასვენებული ელოდება. ამჟამად პირველ ადგილს 60 ქულით აქვსენტი გიორგაძის “კასტრი” იკავებს, ზირაქაშვილის გუნდს კი 56 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზეა.
“კლერმონს” ყველაზე დიდ საფრთხეს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი “პერპინიანი” უქმნის, რომელმაც გასულ ტურში “ბურგონი” 49:20 გაანადგურა, მეტოქეს ექვსი ლელო უძღვნა, პრემიალური ქულა მიითვალა და 55 ქულით მეოთხე პოზიციაზეა, მაგრამ მეტოქეებზე ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. გადატანილ შეხვედრას ჩემპიონი 5 თებერვალს აუტსაიდერთა შორის მყოფ “ბაიონთან” სტუმრად გამართავს, წესით გამარჯვების მოპოვება არ უნდა გაუჭირდეს და ამით “კლერმონს” დააქვეითებს, “კასტრს” კი შეავიწროვებს.
სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე მყოფ “ალბთან” გამარჯვება მოიპოვა ჩემპიონობის კიდევ ერთმა მაძიბელმა “ტულუზამ”. მან მეტოქე სტუმარდ 24:6 დაამარცხა, თანაც საკუთარი ქულები ლელო-გარდასახვებით აგროვა, სულ ოთხი ლელო გაიტანა და პრემიალური ქულაც მიითვალა. “ტულუზას” 19 თამაშიდან 55 ქულა აქვს, მესამე ადგილზეა და კლერმონს” ერთი, “კასტრს” კი ხუთი ქულით ჩამორჩება.
საფრანგეთის მოქალაქეობის მქონე დიმიტრი იაშვილის “ბიარიცი” “ბაიონს” ქართული ფესვების მქონე საფრანგეთის ეროვნული გუნდის ყოფილი წევრის გარეშე ეწვია და 0:15 დამარცხდა. “ბაიონმა”, რომელიც მე-13 საფეხურზეა, ამ მოგებით “ბურგონთან” ორ, ხოლო გოდერძი შველიძისა და ბექა შეყლაშვილის “მონტობანთან” ჩამორჩენა ოთხ ქულამდე შეამცირა, პარალელურად კი, “ბიარიცს”, რომელსაც 42 ქულა დარჩა, მე-9 ადგილიდან ზევით აწევის საშუალება არ მისცა და ამით დავით ხინჩაგიშვილის “ბრივსა” და დავით ქუბრიაშვილის “ტულონს” რეგულარული პირველობის ექვსეულში მოხვედრის შანსი გაუზარდა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია