ამბები

10:23 | 1.02.2010 | ნანახია 3484 - ჯერ

კონკურენტებმა ლაშქარი შეკრიბეს

საქართველოსა და გერმანიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების შეხვედრის პარალელურად, რომელიც ექვს თებერვალს თბილისში, “ბორის პაიჭაძეზე” გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება, სოჭში რუსეთი პორტუგალიას, ხოლო ბუქარესტში რუმინეთი ესპანეთს დაუხვდება და “ბორჯღალოსნებთან” ჩამორჩენის შემცირებას ეცდება.
რადგან 2011 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ტიმ ლეინის შეგირდთა უახლოესი მდევარი რუსეთის ნაკრებია და 2010 წლის “ერთა თასისათვის” ბრძოლაშიც უმთავრესი კონკურენტია, მეტოქეთა შემადგენლობების გაცნობა სწორედ მათით დავიწყოთ. ამას გარდა, წლეულს გასამართ პირველ ტურში, რუსეთისა და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრა ცენტრალური იქნება და სამომავლოდ, მისმა შედეგმა, შესაძლოა, ბევრ რამეზე იქონიოს გავლენა, რადგანაც საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების შემდეგ, პორტუგალია მე-3 საფეხურზეა და “ბორჯღალოსნებს” 2, “დათვებს” კი 1 ქულით ჩამორჩება, ხოლო რუმინეთის ნაკრებს 3 ქულით უსწრებს, არადა, ახალი ზელანდიის საგზურისთვის სწორედ ეს ოთხეული იბრძვის.
მეზობელი ქვეყნის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ნიკოლაი ნერუშმა, ოფიციალური მატჩების წინა შეკრებაზე, სამხრეთ აფრიკაში 36 მორაგბე იახლა, ისინი 7 იანვრიდან ავარჯიშა, ამხანაგურ თუ ტესტ-მატჩებში გამოსცადა და პორტუგალიისა და ესპანეთის (13 თებერვალს, მადრიდში) ნაკრებებთან სათამაშოდ 28 საუკეთესო შეარჩია. საგულისხმოა, რომ აფრიკაში მყოფ მორაგბეთა შორის, ქართული ფესვების მქონე 4 სპორტსმენი იყო, მაგრამ ოფიციალური მატჩებისთვის მწვრთნელი სამ მათგანს არ ენდო – ძმებს - გრიგოლ და ვალერი ცნობილაძეებსა და გიორგი მინაძეს. შერკინების პირველხაზელი კარლო მაღლაკელიძე, რომელსაც რუსთა გუნდში დებიუტი გასული წლის ივნისში, ბუქარესტში გამართულ IRB-ს “ერთა თასზე” ჰქონდა, მას შემდეგ ძირითადის მოთამაშედ იქცა და ახლაც ნერუშის განკარგულებაშია.
რუსეთის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ასე გამოიყურება: ალექსანდრ ხროკინი, ალექსეი ტრავკინი, ვლადისლავ კორშუნოვი, ალექსანდრ ვოიტოვი, კირილ კუშნარიოვი, ევგენი მატვეევი, ვიქტორ გრესევი, ალექსეი პანასენკო, ალექსანდრ შაკიროვი, ალექსანდრ იანუშკინი, იური კუშნარიოვი, სერგეი ტრიშინი, მიხაილ ბაბაევი, ვასილი არტიომოვი, ანდრეი კუზინი, იგორ კლუჩნიკოვი, ვლადიმირ ბოტვინიკოვი, ევგენი პრონენკო, ანდრეი ტემნოვი, არტიომ ფათახოვი, ალექსეი კორობეინიკოვი, ანდრეი გარბუზოვი, ალექსეი მაკოვეცკი, იგორ გალინოვსკი, ალექსანდრ გვო¬ზდოვსკი, კირილ კულემინი, ანდრეი ოსტრიკოვი, კარლო მაღლაკელიძე.
მომდევნო უქმეებს დიდი მნიშვნელობა ექნება პორტუგალიის ნაკრებისთვის. სოჭში რუსებთან ჯახის შემდეგ, ისინი ლისაბონში საქართველოს ნაკრებს უნდა დაუხვდნენ და თუ ორივე ეს მატჩი დათმეს, მაშინ რუმინეთი მათ გადაასწრებს და ამ გუნდების დაპირისპირება, რომელიც ბოლო ტურში, ოც მარტს, ლისაბონში გაიმართება, შესაძლოა, უმნიშვნელოვანესად იქცეს. როგორც ჩანს, პორტუგალიელები საკუთარ შემადგენლობას ჯერ კიდევ საიდუმლოდ ინახავენ და მის გამომზეურებას არ ჩქარობენ, საქართველოს ნაკრებისთვის კი კარგი იქნება, თუ პორტუგალიელები სოჭში იმარჯვებენ, ლისაბონში კი “ბორჯღალოსნებთან” იგივეს გამეორებას ვერ შეძლებენ და ტიმ ლეინისა და მისი შეგირდებისათვის ახალი ზელანდიის გზა თებერვლის შუა რიცხვებიდანვე უკვე ხსნილი იქნება.
რუმინეთი მძიმე დღეში საკუთარი შეცდომების წყალობით აღმოჩნდა და ახლა, მსოფლიო თასზე მოსახვედრად, ყველა მატჩის მოგება მართებს. პირველ წრეში ის ჯერ რუსეთთან დაეცა საკუთარ მოედანზე, მერე თბილისში წაიფორხილა, ბოლოს კი, კვლავ ბუქარესტში, პორტუგალიასთან მოგებული თამაში ბოლო წუთებზე დაშვებული შეცდომების გამო დათმო. ახლა მათთვის პირველ-მეორე ადგილის დაკავება, რომლებიც ახალი ზელანდიის საგზურს პირდაპირ იძლევა ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება და მხოლოდ იმისათვის თუ იბრძოლებენ, რომ პორტუგალიას გადაასწრონ, მე-3 ადგილი დაიკავონ და მსოფლიო ფორუმზე მოხვედრა რეპეშაჟიდან ეცადონ.
“მუხის ფოთლებს” პირველ-ორ ტურში იოლი მატჩები ელით - ექვს თებერვალს ესპანეთს, ცამეტ თებერვალს კი, გერმანიას მასპინძლობენ და საეჭვოა, აუტსაიდერებთან ქულები დაკარგონ, მერე კი მათთვის უმნიშვნელოვანესი თამაშების სერიის დრო დგება. მიუხედავად ამისა, მწვრთნელებმა არ გარისკეს, შეკრებაზე 31 მორაგბეს უხმეს, გუნდი ლეგიონერებით გააჯერეს და სავარაუდოდ, პირველ ორ თამაშს მომავალი ჯახებისთვის მოსამზადებელ დატვირთვასაც შეუთავსებენ.
რუმინელები ასეთი შემადგენლობით ემზადებიან: ცეზარ პოპესკუ, დიმა დრაგოსი, სილვიუ ფლორეა, იონ პაულიკა, ლაზარ მიჰაი, მარიუს ტინკუ, ანდრეი რადოი, სოკოლ სორინი, აუგუსტინ პეტრიჩეი, კრისტიან პეტრე, ვალენტინ ურსაჩე, სტელიან ბურკეა, დანიელ კარპო, მიჰაი მაკოვეი, ოვიდიუ ტონიტა, ალექსანდრ მანტა, სერგი ურსაჩე, ლუსიან სირბუ, ვალენტინ კალაფეტეანუ, ლულიან დუმიტრასი, დან დუმბრავა, ლონუტ დიმოფტე, კსაბა გალი, რობერტ დასკალუ, კონსტანტინ გეარა, იონელ კაზანი, კატალინ ფერკუ, სტეფან კინტუ, კატალინ ნიკოლაე, ფლორიან ვლაისუ, იონუტ ბოტეზატუ.
ამასობაში, საქართველოს ნაკრები დღეიდან სრული შემადგენლობით შეიკრიბება და ექვს თებერვალს გერმანიასთან და ცამეტ თებერვალს პორტუგალიასთან მატჩებისთვის დაიწყებს მზადებას.
გთავაზობთ 2010 წლის “ერთა თასისა” და 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მე-2 წრის სრულ განრიგს:

6 თებერვალი
რუსეთი. სოჭი
რუსეთი - პორტუგალია
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - ესპანეთი
საქართველო. თბილისი
საქართველო - გერმანია
13 თებერვალი
ესპანეთი. მადრიდი
ესპანეთი - რუსეთი
პორტუგალია. ლისაბონი
პორტუგალია - საქართველო
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - გერმანია
27 თებერვალი

რუსეთი. სოჭი
რუსეთი - რუმინეთი
გერმანია. ჰოიზენშტამი
გერმანია - პორტუგალია
საქართველო. თბილისი
საქართველო - ესპანეთი
13 მარტი

რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - საქართველო
ესპანეთი. მადრიდი
ესპანეთი - პორტუგალია
რუსეთი. სოჭი, ან კრასნოდარი
რუსეთი - გერმანია
20 მარტი

გერმანია. ჰაიდელბერგი
გერმანია - ესპანეთი
თურქეთი. ტრაბზონი
საქართველო - რუსეთი
პორტუგალია. ლისაბონი
პორტუგალია - რუმინეთი

2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის სატურნირო მდგომარეობა
პირველი წრის შემდეგ

1 საქართველო 5 4 1 0 +90 14
2 რუსეთი 5 4 0 1 +85 13
3 პორტუგალია 5 3 1 1 +40 12
4 რუმინეთი  5 2 0 3 +16 9
5 ესპანეთი 5 1 0 4 -74 7
6 გერმანია 5 0 0 5 -157 5


შენიშვნა: გამარჯვებაზე იწერება 3 ქულა, ფრეზე 2, წაგებაზე 1

ზურა ქსოვრელი


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.454954