ამბები

16:58 | 1.02.2010 | ნანახია 2340 - ჯერ

რუსეთს აფრიკაში რწმენა შეუძენია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი კონკურენტის, რუსეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ნიკოლაი ნერუში ამბობს, რომ სამხრეთაფრიკულმა შეკრებამ მის შეგირდებს საკუთარი თავის რწმენა შემატა და ისინი 2010 წლის “ერთა თასისა” და 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ოფიციალურ შეხვედრებს თავდაჯერებულნი ხვდებიან.
რუსეთის ნაკრები სამხრეთ აფრიკაში 7 იანვრიდან იმყოფებოდა და შეკრების დასრულების წინ, ახალი ზელანდიის საგზურის მფლობელი ნამიბია 30:15 დაამარცხა. ოფიციალურ შეხვედრაში რუსები ჯერ 6 თებერვალს პორტუგალიას სოჭში მასპინძლობენ, 13 იანვარს კი ესპანეთს მადრიდში ეთამაშებიან. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ნიკოლაი ნერუშმა გუნდი სოჭში უკვე შეკრიბა.
“სამხრეთ აფრიკაში გამართული შეკრება ნაყოფიერი გამოდგა, მათ შორის თავდაჯერებულობის შეძენის კუთხითაც. ბიჭებს განსაკუთრებული რწმენა ნამიბიელთა დამაჯერებლად დამარცხებამ შესძინა. შეკრებიდან დაბრუნების შემდეგ მოთამაშეები ერთი კვირით კლუბებს დაუბრუნდნენ, დღეიდან კი სოჭში, სადაც პორტუგალიასთან მატჩი შედგება, დასკვნით შეკრებას ვიწყებთ” - განაცხადა “დათვების” თავკაცმა.
გარდა ამისა, ნერუში იმ მორაგბეებსაც შეეხო, რომლებიც სამხრეთ აფრიკაში კი ჰყავდა, მაგრამ ოფიციალურ მატჩებისთვის არ გამოიძახა. მათ შორის მოხვდნენ ქართული წარმომავლობის ძმები - ცნობილაძეებიც.
“სამხრეთაფრიკულ შეკრებაზე მყოფი მორაგბეებიდან რამდენიმე კაცი გვაკლია. არ არიან შერკინების პირველ ხაზში მოთამაშე ძმები ცნობილაძეები. ისინი ძალიან ახალგაზრდები და პერსპექტიულები არიან, მაგრამ კიდევ ბევრი აქვთ სასწავლი. ალექსეი ტოლსტიხსა და პაველ ნოვიკოვს გუნდში  მოხვედრაში ხელი ფიზიკურმა კონდიციებმა შეუშალა. აფრიკაში ტრავმა მიიღო ოლეგ აზარენკომ. სამაგიეროდ, დაგვემატნენ ლეგიონერები - ანდრეი ოსტრიკოვი და კირილ კულემინი” - თქვა ნერუშმა.
საქართველოსა და რუსეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 20 მარტს, ნეიტრალურ მოედანზე, თურქეთის ქალაქ ტრაბზონში გაიმართება.
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083969