იტალიის რაგბის კავშირისა (FIR) და Magners League-ს ხელმძღვანელთა მოლაპარაკება, რომლის მიზანიც იტალიის ორი კლუბის ლიგაში ჩართვა იყო, წარუმატებლად დასრულდა.
იტალიელებს სურდათ, რომ მათ ორ კლუბს, “აირონსა” და “პრეტორიანს” Magners League-ში ეთამაშათ, რათა ნაკრების კანდიდატებს ძლიერ მეტოქეებთან მეტი სათამაშო პრაქტიკა მიეღოთ. შეთანხმების შემთხვევაში, იტალიური კლუბები ზემოთაღნიშნულ გათამაშებაში 2010-2011 წლების სეზონიდან ჩაერთვებოდნენ, მაგრამ Scrum-ის ინფორმაციით, აპენინელებმა ფინანსური და საორგანიზაციო საკითხები ვერ მოაგვარეს, რის გამოც Magners League-სგან უარი მიიღეს.
თავის დროზე Magners League სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ ირლანდიის, უელსისა და შოტლანდიის კლუბებს მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება შეეძინათ და ინგლისელებისა და ფრანგებისთვის სათანადო წინააღმდეგობა გაეწიათ. გათამაშება 2001 წლიდან იმართება და მასში ოთხ-ოთხი ირლანდიური და უელსური, ორი კი შოტლანდიური გუნდი გამოდის. იტალიელთა დამატების შემთხვევაში მონაწილეთა რაოდენობა თორმეტამდე უნდა გაზრდილიყო, მაგრამ ამ პროექტმა, ჯერჯერობით მაინც, განვითარება ვერ ჰპოვა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია