ორ დღეში ქართული რაგბის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი პერიოდი დგება. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მეორე წრეში ჩაერთვება, პირველი ადგილის შენარჩუნებას, ყოველ შემთხვევაში, მეორე ადგილზე ქვევით არდაშვებას ეცდება და თუ ახალი ზელანდიის საგზური დაიბევა, ქართულ რაგბს მსოფლიო რაგბის საბჭოს (IRB) დაფინანსება კიდევ ოთხი წლით გარანტირებული ექნება.
რაგბის მსოფლიო უდიდესი ფორუმის ოცი მონაწილიდან 16-ის ვინაობა უკვე გარკვეულია, დარჩენილი ოთხი საგზურიდან, ერთს იაპონიის შესარჩევ ჯგუფში გამარჯვებული გუნდი მიიღებს, ორს ევროპის ზონაში პირველ-მეორე ადგილებზე გასული ნაკრებები დაეპატრონებიან, ბოლო ადგილს კი რეპეშაჟში გამარჯვებული გუნდი მიიღებს. აქ ევროპის ზონაში მესამე და აზიის ზონაში მეორე ადგილზე გასული გუნდები, ასევე, ტუნისისა (აფრიკიდან) და ურუგვაის (ამერიკიდან) ეროვნული გუნდები ითამაშებენ.
ქართველთა მიზანი, რომლებმაც პირველ წრეში ხუთიდან ოთხი თამაში მოიგეს, ერთი კი ფრედ დაასრულეს (პორტუგალიასთან) და ამჟამად პირველ საფეხურზე არიან, ახალი ზელანდიისკენ უმოკლესი გზით სვლა, ანუ პირველ-მეორე ადგილის დაკავებაა. ამისათვის “ბორჯღალოსნებს” დარჩენილი ხუთიდან სამი თამაშის მოგება მართებთ და საქმე შესაძლოა თებერვლის ბოლომდე მოილიონ, მარტის შეხვედრებს კი ზედმეტი დაძაბულობის გარეშე შეხვდნენ.
6 თებერვალს საქართველოს ნაკრები გერმანიას თბილისში დაუხვდება, ერთი კვირის თავზე პორტუგალიას ლისაბონში ეწვევა და სავარაუდოდ, ეს მატჩი გადამყვეტი იქნება. მერე “ბორჯღალოსნები” ერთი კვირით ისვენებენ და 27 თებერვალს კვლავ თბილისში, ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებენ.
პორტუგალიაზე ყურადღება იმად გავამახვილეთ, რომ სუსტი გერმანიისა და ესპანეთის ნაკრებების ძლევა დიდი სირთულე არ უნდა იყოს, პორტუგალია კი მსოფლიო თასის საგზურისთვის იბრძვის, ქართველთათვის უხერხული მეტოქეა და მათთან ჯახს თავად მორაგბეებიც ფინალის ტოლფასად განიხილავენ. მარტის თვეში საქართველოს ნაკრებს კიდევ ორი თამაში ელის - ჯერ ბუქარესტში რუმინეთს დაუპირისპირდება, მერე კი რუსეთის ნაკრებს ნეიტრალურ მოედანზე, თურქეთის ქალაქ ტრაბზონში შეებმება. თუმცა, იქამდე დიდი დროა და თანაც, შესაძლოა (იმედია) მანამდე მსოფლიო თასის საგზური უკვე ჯიბეში გვქონდეს.
ტიმ ლეინმა გერმანიისა და პორტუგალიის ნაკრებების წინააღმდეგ სათამაშოდ, გაფართოებულ შეკრებაზე 28 მორაგბეს უხმო, თუმც კი, თითოეული მატჩისთვის განაცხადში მხოლოდ 22 მოხვდება. საუკეთესო ქართველი შემსრულებლებისგან ავსტრალიელმა დამრიგებელმა მხოლოდ ორი მოისაკლისა - შერკინების პირველხაზელი გოდერძი შველიძე და საქართველოს 2008 და 2009 წლების საუკეთესო მორაგბე მამუკა გორგოძე, რომელიც დისკვალიფიკაციის ვადას იხდის და მარტამდე მოედანზე ვერ გავა.
“ბორჯღალოსნები” პირველი თებერვლიდან “ქორთიარდ მარიოტში” შეკრიბნენ და ორჯერადი ვარჯიშები აქვთ, მაგრამ თავად ლეინი მათ ვერ ესწრება და თბილისში მხოლოდ პარასკევს ჩამოვა. საქმე ისაა, რომ ავსტრალიელს მამა დაეღუპა და სამუშაოს დროულად საპატიო მიზეზის გამო ვერ დაუბრუნდა, თუმც კი, მისი თანაშემწეები გუნდს მისივე მითითებებით დღეში ორჯერ ნაყოფიერად ავარჯიშებენ.
გუშინ დიღომში მდებარე “ლოკომოტივის” ბაზაზე, ეროვნულთან ერთად საქართველოს A ნაკრების კანდიდატებიც შეიკრიბნენ და ვარჯიშებზე დახვეწილი კომბინაციები ერთურთთან მსუბუქ შეხვედრაში კიდევ უფრო დახვეწეს. ვარჯიშიდან გამოჩნდა, რომ გერმანელთა წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა, სავარაუდოდ ასეთი იქნება: ხინჩაგიშვილი, ზირაქაშვილი, ა. გიორგაძე, ნემსაძე, ზედგინიძე, ჩხაიძე, ლაბაძე, უდესიანი, აბუსერიძე, მალაღურაძე, ურჯუკაშვილი, ი. გიორგაძე, კაჭარავა, მაჩხანელი, კვირიკაშვილი.
ვარჯიშის დასრულების შემდეგ, “მსოფლიო სპორტი” “ბორჯღალოსანთა” გამოცდილ წევრებს მალხაზ ურჯუკაშვილსა და გია ლაბაძეს გაესაუბრა.
მალხაზ ურჯუკაშვილი: “როგორც ყოველთვის, განწყობა ახლაც ძალიან კარგი, საბრძოლო გვაქვს. უნდა ვეცადოთ, გერმანია მაქსიმალურად დიდი სხვაობით დავამარცხოთ. ჩვენ გერმანიასთან შედარებით ბევრად უფრო მაღალ დონეზე ვიმყოფებით და კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ, მათზე გაცილებით ძლიერები რომ ვართ. ამ თამაშს პორტუგალიასთან მომავალი შეხვედრისთვის მზადების კუთხითაც განვიხილავთ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ გერმანიასთან დავალება “ხუთიანზე” შევასრულოთ და მერე ლისაბონში თამაშიც გაგვიადვილდება. მართალია პირველი სამი შეხვედრის მოგების შემთხვევაში, მსოფლიო თასის საგზური მოპოვებული გვექნება, მაგრამ გვსურს, რომ შარშან მოპოვებული “ერთა თასი” წელსაც შევინარჩუნოთ და ყველას ვაჩვენოთ, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გვყავს”.
გია ლაბაძე: “სრული სერიოზულობით ვემზადებით. თამაშამდე კიდევ სამი ვარჯიში დაგვრჩა. რაღაც ნიუანსები დავხვეწეთ, მატჩამდე კიდევ უფრო შევთამაშდებით და მაყურებელს გავახარებთ. არცერთი მეტოქის ჩამოწერა არ შეიძლება და ნებისმიერ შეხვედრას საუკეთესო ფორმაში უნდა შევხვდეთ, რადგანაც ყველა თამაში მნიშვნელოვანია”.
რაც შეეხება გერმანიის ნაკრებს, ის თბილისს დღეს ეწვევა. როგორც ჩანს, გერმანელები აქცენტს მომავალზე აკეთებენ და მათმა მთავარმა მწვრთნელმა თან ხუთი დებიუტანტი იახლა, რომელთა შორის ერთ-ერთი ქართული ფესვების მქონე შერკინების მესამეხაზელი შალვა დიდებაშვილია. მთლიანობაში, ბირთვი ახალბედებითაა დაკომპლექტებული და მხოლოდ შვიდია ისეთი სპორტსმენი, რომელთაც საკმაო ოდენობით კეპები აქვთ მოგროვილი.
ტიმ ლეინმა გაფართოებულ შეკრებაზე შემდეგ სპორტსმენებს უხმო:
შერკინება: დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი, 11 კეპი), აქვსენტი გიორგაძე (“კასტრი”, საფრანგეთი, 55), დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 18), დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი, 26), ირაკლი ნატრიაშვილი (“ფარული”, რუმინეთი, 22), გიორგი ნემსაძე (“მასი”, საფრანგეთი, 12), ილია ზედგინიძე (“კარკერენ-იერი”, საფრანგეთი, 55), რატი ურუშაძე (“ენისეი”, რუსეთი, 41), ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი” საფრანგეთი, 30), ლაშა თავართქილაძე (“ფარული”, რუმინეთი, 1), გრიგოლ ლაბაძე (“მარსეი-ვიტროლი”, საფრანგეთი, 56), გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 36), ვიქტორ კოლელიშვილი (“ლელო”, თბილისი, 1), დიმიტრი ბასილაია (“ლე ბუგი”, საფრანგეთი, 13), ბესარიონ უდესიანი (“სენტ ეტიენი”, საფრანგეთი, 34);
9-10: ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი, 61), ბიძინა სამხარაძე (“ფარული”, რუმინეთი, 42), ლაშა მალაღურაძე (“ბეზიე”, საფრანგეთი, 20), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი, 3);
უკანა ხაზი: თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 42), დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი, 31), მალხაზ ურჯუკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 58), ირაკლი მაჩხანელი (“სენტ ეტიენი”, საფრანგეთი, 36), ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი, 14), ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, ქუთაისი, 14), ირაკლი გიორგაძე (“შამბერი”, საფრანგეთი, 35), მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 38), ირაკლი ყიასაშვილი (“ლელო”, თბილისი, 3).
მთავარი მწვრთნელი: ტიმ ლეინი
შერკინების მწვრთნელი: დემიენ კამინსი
ფიზმომზადების მწვრთნელი: ჯონი ნამუ
მწვრთნელის ასისტენტი: ილია მაისურაძე
მენეჯერი: ვასილ აბაშიძე
გერმანელები თბილისს ასეთი შემადგენლობით ეწვევიან:
შერკინება: ტიმ კოლი (“ჰაიდელბერგი”, 31 კეპი), შალვა დიდებაშვილი (“ნოიენჰაიმი”, 31), ალექსანდერ ჰაუკი (“ფრანკფურტ 1880”, 1), ლუკას ჰაინდს-ჯონსონი (“03 ბერლინი”, 0), ჯეიმი ბენ ჰაუსტონი (“ფარნკფურტ 1880”, 1), ბენჟამინ კრაუზი (DSVH 1878, 33), დანიელ პროისნერი (“ფრანკფურტ 1880”, 1), ლუკას როზენტალი (“03 ბერლინი”, 0), პატრიკ შლივა (“ჰაიდელბერგი”, 1), კლემენს ფონ გრუმბკოვი (“პრატო”, 26), როლფ ვახა (“ფრანკფურტ 1880”, 1), ალექსანდერ ვიდიკერი (“ორლეანი”, 34), მანუელ ვილჰელმი (“ჰაიდელბერგი” 24);
9-10: კიირონ დევისი (“ამპტჰილი”, 31), შტეფან ლიბიგი (“ჰაიდელბერგი”, 0), რაფაელ პირაში (DSVH 1878, 33);
უკანა ხაზი: გიომ ფრანკე (“ორლეანი”, 0), მუსტაფა გიუნგერი (“ჰაიდელბერგი”, 27), რაფაელ ჰააკლი (“ბერლინერ რაგბი კლაბი”, 1), ბენჟამინ სიმი (DSVH 1878, 33), მარკ შტინდერა (“ფრანკფურტ 1880”, 1), ედმოორ ტაკაენდესა (“ჰაიდელბერგი”, 7).
მთავარი მწვრთნელი: რუდოლფ ფინშტერერი
მწვრთნელი: ბრუნო შტოლორცი
დელეგაციის ხელმძღვანელი (გერმანიის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი): ჰანს-იოახიმ ვალენვაინი
გუნდის კოორდინატორი: ჰანს ლანგე
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია