საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, გერმანიასთან “ბორის პაიჭაძეზე” გასამართი შეხვედრის წინ, წინასწარ გამოცხადებულ შემადგენლობაში ერთი ცვლილება მოხდა. მე-9 ნომრის პოზიციაზე გუნდის კაპიტან ირაკლი აბუსერიძის ადგილს ძირითად შემადგენლობაში ბიძინა სამხარაძე დაიკავებს, კაპიტანი კი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს და მოედანზე საჭიროების შემთხვევაში გავა.
საქმე ისაა, რომ აბუსერიძეს კუნთი აწუხებს. მართალია, მწვრთნელები მის მოედანზე გაყვანას “სასტარტოში” გეგმავდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, აღარ გარისკეს, აბუსერიძეს სუსტ გერმანიასთან დასვენების, ან ნაკლები დატვირთვის მიღების, საშუალება მისცეს და უფრო ძლიერი პორტუგალიისთვის შემოინახეს, რაც პრინციპში სწორი გადაწყვეტილებაა.
2010 წლის “ერთა თასისა” და 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მეორე წრის პირველი შეხვედრა ხვალ, 14:00 საათზე დაიწყება და მასზე დასაწრები ბილეთების ფასი 2-5 ლარია. ორივე ნაკრების მორაგბეებმა მომავალი ბრძოლის ადგილი თამაშის წინა დღეს მოსინჯეს. “ბორჯღალოსანთა” ე.წ. კაპიტნის ვარჯიშს აბუსერიძესთან ერთად და ილია ზედგინიძე უძღვებოდა, რომელიც სავარაუდოდ კაპიტნის ფუნქციებს შეითავსებს და ეს არც გაუჭირდება, რადგანაც ზედგინიძეს ეროვნული გუნდისათვის არაერთხელ უკაპიტნია.
მორაგბეებმა ვარჯიშებზე დახვეწილი კომბინაციები ერთხელაც გაიმეორეს. გუნდის მთავარ მწვრთნელ ავსტრალიელ ტიმ ლეინს, რომელსაც მამა გარდაეცვალა, თბილისში ჩამოსვლა დაუგვიანდა და პრესკონფერენციას შერკინების მწვრთნელი დემიენ კამინსი და ფიზმომზადების მწვრთნელი ჯონი ნამუ დაესწრნენ, რომლებიც ილია მაისურაძესთან ერთად, ნაკრებს საგერმანიოდ ამზადებდნენ. მათ ერთხმად აღნიშნეს, რომ გერმანიას მსოფლიო თასისკენ მავალ გზაზე ერთ-ერთ საფეხურად განიხილავენ და ყურადღების მოდუნებას არ გეგმავენ, თუმცა ისიც დაადასტურეს, რომ ყურადღება აქედანვე მომდევნო თამაშისკენ აქვთ მიმართული, რომელიც ერთი კვირის თავზე ლისაბონში, პორტუგალიის გუნდთან გაიმართება და მისი მოგების შემთხვევაში, “ბორჯღალოსნებს” ახალი ზელანდიის საგზური განაღდებული ექნებათ.
“ბიჭები პორტუგალიასთან მომავალ მატჩზე უფრო მეტს საუბრობენ, ვიდრე გერმანიასთან შეხვედრაზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უახლოესი მატჩის წინ, მეტოქის დაფასების კუთხით რაიმე ფსიქოლოგიური პრობლემა გვაქვს. ყველას გვესმის, რომ გერმანელებს “ერთა თასზე” თუნდაც ერთი თამაშის მოგების წყურვილი კლავთ და არ გვსურს, რომ ეს ერთი თამაში ჩვენთან ჯახი გამოდგეს. რუსეთი-პორტუგალიის მატჩს ჩვენგან არავინ დაესწრება, თუმცა ამ შეხვედრის ვიდეო ჩანაწერს მივიღებთ და მას ყურადღებით განვიხილავთ, რათა პორტუგალიელთა შესაძლებლობები კიდევ ერთხელ ვიხილოთ” - თქვა დემიენ კამინსმა.
ჯონი ნამუმ მორაგბეთა ფიზიკურ კონდიციებზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ერთეული შემთხვევების გარდა ყველა ჯანზეა, მთლიანობაში კი, ნაკრების წევრებს შარშანდელთან შედარებით მომატებული აქვთ.
“მოთამაშეთა ფიზიკური კონდიციები აშკარად უკეთესია, ვიდრე შარშან იყო. უშუალოდ მორაგბეთა შორის, ინდივიდუალური თვალსაზრისით გარკვეული სხვაობა შეიმჩნევა - ზოგს კარგად უმუშავია, ზოგს ვერა, მაგრამ სიტუაციის დაბალანსება შესაძლებელია. ამდენ ხანს, მორაგბეებს, რაგბის კავშირს და მწვრთნელებს ტყუილად არ გვიმუშავია და მჯერა, მსოფლიო თასზე აუცილებლად ვითამაშებთ. მამუკა გორგოძის არყოფნა დიდი დანაკლისია, მის შეჩერებას მეტოქის სამი, ოთხი და ზოგჯერ უფრო მეტი მორაგბე სჭირდება, მაგრამ ერთი მორაგბე თამაშს არასდროს იგებს, სხვებიც შესანიშნავ ფორმაში არიან და მწამს, სასურველ შედეგს მივაღწევთ” - დასძინა ნამუმ.
საქართველოს ნაკრების უკანახაზელი დავით კაჭარავა იმედოვნებს, რომ ძველი წესის დაბრუნება, რომლის მიხედვითაც მოლის ჩაქცევა კვლავ აიკრძალა, “ბორჯღალოსნებს” პორტუგალიელთა წინააღმდეგ მთავარ კოზირს დაუბრუნებს. ის, პირველ სამ თამაშს, რომლებმაც მსოფლიო თასის საგზურის ბედი უნდა გადაწყვიტონ, სხვა ჭრილში განიხილავს, რუმინეთთან და რუსეთთან გასამართ დასკვნით ორ შეხვედრას კი სხვა განწყობით ელოდება.
“ძალიან კარგი განწყობა გვაქვს და პირველი სამი თამაშისთვის ვემზადებით, რომლებიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ და ახალი ზელანდიის საგზურს გავინაღდებთ. გვსურს ხუთივე თამაში მაღალ დონეზე ჩავატაროთ, მაგრამ პირველ სამ მატჩს თუ მოვიგებთ, რუმინეთს და რუსეთს უკვე სხვა განწყობით დავუპირისპირდებით, მათთან შეხვედრებს უკვე სხვა დატვირთვა ექნება. სხვა მატჩების შედეგებზე არ ვფიქრობთ და არანაირ გათვლებს არ ვაკეთებთ. ჩვენ ჩვენი მოსაგები უნდა მოვიგოთ და მერე იმათ არკვიონ ერთმანეთში საქმე. ლიდერები ვართ და მათ უფრო მეტი აქვთ ჩვენზე საფიქრალი. პორტუგალიასთან მატჩისთვის მთავარი კოზირი დავიბრუნეთ, მოლის გამოყენება შეგვეძლება და მეტოქე ქართული “ჯიგრით” უნდა დავამარცხოთ, რითაც მსოფლიო თასზე მოხვედრა პრაქტიკულად გარანტირებული გვექნება” - განაცხადა კაჭარავამ.
ამის შემდეგ საპრესკონფერენციო დარბაზში გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რუდოლფ ფინშტერერი და მათი დებიუტანტი, წარმოშობით ქართველი და აქვე აღზრდილი პირველხაზელი შალვა დიდებაშვილი გამოცხადდნენ. დიდებაშვილმა რაგბის თამაში 13 წლის ასაკში “ყოჩებში” დაიწყო, მერე “ხულიგანაში” თამაშობდა, 2003 წელს ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში მოეწყო და საყვარელი საქმე ამ ქალაქის საუნივერსიტეტო გუნდში გააგრძელა. მან ნაკრების მწვრთნელთა ყურადღება მიიპყრო და გერმანიის ნაკრებში დებიუტი სწორედ ქართველთა წინააღმდეგ ექნება.
გერმანელები თბილისს დიდი დანაკლისით ეწვივნენ. რადგან რაგბი ამ ქვეყანაში პოპულარული არაა და მასში დიდ ფულს არავინ აბანდებს, მოთამაშეთა უმრავლესობა სტუნდენტები არიან. თებერვლის თვეში მათ გამოცდები ელით და ოვალური ბურთის დევნას და ქართველებთან ჭიდილს წიგნების კითხვა და გამოცდებისთვის მზადება არჩიეს, რის გამოც მწვრთნელმა ერთბაშად 15-მდე შეგულებული მორაგბე მოისაკლისა. სტუმართათვის მზადებაში ხელი გერმანულ ყინვასაც შეუშლია და დაგეგმილი საკონტროლო მატჩი ჩაეშალათ. ასე რომ, თბილისს თითქმის უიმედოდ ეწვივნენ.
“საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია, თუმცა კი, ვეცდებით საკუთარი თავი წარმოვაჩინოთ და ვნახოთ რა გამოვა” - თქვა ფინშტერერმა.
მის მოსაზრებას დიდებაშვილიც სრულად ეთანხმება: “საქართველოს ნაკრების წევრებიდან რამდენიმეს ადრეც ვიცნობდი, სხვები შარშან გავიცანი, როდესაც გერმანიაში ჰქონდათ თამაშია და მიხარია, რომ მათ წინაშე წარვსდგები. შედეგზე საუბარი არც ღირს, საქართველოს ნაკრები აშკარა ფავორიტია” - განაცხადა დიდებაშვილმა.
მაშ ასე, “ბორის პაიჭაძეზე”, “ბორჯღალოსნები” ახალი ზელანდიისკენ მავალ გზას შეუდგებიან და ეცდებიან, პირველი და ყველაზე დაბალი საფეხური, რაც შეიძლება “ფართო ნაბიჯით” გაიარონ, მერე კი პორტუგალიის, ანუ გადამწყვეტი ჯახის ჯერი დადგება.
2010 წლის “ერთა თასისა” და 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მეორე წრის პირველი შეხვედრა
6 თებერვალი. თბილისი. “ბორის პაიჭაძე” (14:00 საათი).
საქართველო - გერმანია
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 38 თამაში, 153 ქულა), 14. მალხაზ ურჯუკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 58 თ., 284 ქ.), 13. დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი, 31 თ., 35 ქ.), 12. ირაკლი გიორგაძე (“შამბერი”, საფრანგეთი, 35 თ., 16 ქ.), 11. ირაკლი მაჩხანელი (“სენტ ეტიენი”, საფრანგეთი, 36 თ. 70 ქ.), 10. ლაშა მალაღურაძე (“ბეზიე”, საფრანგეთი, 20 თ., 67 ქ.), 9. ბიძინა სამხარაძე (“ფარულ კონსტანცა”, რუმინეთი, 42 თ., 10 ქ.); 1. დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი, 26 თ., 15 ქ.), 2. აქვსენტი გიორგაძე (“კასტრი”, საფრანგეთი, 55 თ., 55 ქ.), 3. დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 18 თ., 15 ქ.), 4. ილია ზედგინიძე (“კარკერედნიერი”, საფრანგეთი, 55 თ., 75 ქ.), 5. გიორგი ნემსაძე (“მასი”, საფრანგეთი, 12 თ., 10 ქ.), 6. გრიგოლ ლაბაძე (“მერსეი-ვიტროლი”, საფრანგეთი, 56 თ., 55 ქ.), 7. გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 36 თ., 20 ქ.), 8. ბესარიონ უდესიანი (“სენტ ეტიენი”, საფრანგეთი, 34 თ., 40 ქ.)
სათადარიგოები: 16. იური ნატრიაშვილი (“ფარულ კონსტანცა”, რუმინეთი, 22 თ., 5 ქ.), 17. დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი, 11 კეპი), 18. ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი, 30 თ., 10 ქ.), 19. ლაშა თავართქილაძე (“ფარულ კონსტანცა”, რუმინეთი, 1 თ.), 20. ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი, 61 თ., 25 ქ.), 21. თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 42 თ., 60 ქ.), 22. ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი, 14 თ., 5 ქ.).
მთავარი მწვრთნელი: ტიმ ლეინი
შერკინების მწვრთნელი: დემიენ კამინსი
ფიზ. მომზადების მწვრთნელი: ჯონი ნამუ
მწვრთნელის ასისტენტი: ილია მაისურაძე
მენეჯერი: ვასილ აბაშიძე
გერმანია (სრული შემადგენლობა)
შერკინება: ტიმ კოლი (“ჰაიდელბერგი”, 31 კეპი), შალვა დიდებაშვილი (“ნოიენჰაიმი”, 31), ალექსანდერ ჰაუკი (“ფარნკფურტ 1880”, 1), ლუკას ჰაინდს-ჯონსონი (“03 ბერლინი”, 0), ჯეიმი ბენ ჰაუსტონი (“ფარნკფურტ 1880”, 1), ბენჟამინ კრაუზი (DSVH1878, 33), დანიელ პროისნერი (“ფარნკფურტ 1880”, 1), ლუკას როზენტალი (“03 ბერლინი”, 0), პატრიკ შლივა (“ჰაიდელბერგი”, 1), კლემენს ფონ გრუმბკოვი (“პრატო”, 26), როლფ ვახა (“ფარნკფურტ 1880”, 1), ალექსანდერ ვიდიკერი (“ორლეანი”, 34), მანუელ ვილჰელმი (“ჰაიდელბერგი” 24);
9-10: კიირონ დევისი (“ამპტჰილი”, 31), შტეფან ლიბიგი (“ჰაიდელბერგერი”, 0), რაფაელ პირაში (DSVH 1878, 33);
უკანა ხაზი: გიომ ფრანკე (“ორლეანი”, 0), მუსტაფა გიუნგერი (“ჰაიდელბერგი”, 27), რაფაელ ჰააკლი (“ბერლინერ რაგბი კლაბი”, 1), ბენჟამინ სიმი (DSVH 1878, 33), მარკ შტინდერა (“ფარნკფურტ 1880”, 1), ედმოორ ტაკაენდესა (“ჰაიდელბერგი”, 7).
მთავარი მწვრთნელი: რუდოლფ ფინშტერერი
მწვრთნელი: ბრუნო შტოლორცი
დელეგაციის ხელმძღვანელი (გერმანიის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი): ჰანს-იოახიმ ვალენვაინი
გუნდის კოორდინატორი: ჰანს ლანგე
6 თებერვალი
რუსეთი. სოჭი
რუსეთი - პორტუგალია
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - ესპანეთი
საქართველო. თბილისი
საქართველო - გერმანია
13 თებერვალი
ესპანეთი. მადრიდი
ესპანეთი - რუსეთი
პორტუგალია. ლისაბონი
პორტუგალია - საქართველო
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - გერმანია
27 თებერვალი
რუსეთი. სოჭი
რუსეთი - რუმინეთი
გერმანია. ჰოიზენშტამი
გერმანია - პორტუგალია
საქართველო. თბილისი
საქართველო - ესპანეთი
13 მარტი
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - საქართველო
ესპანეთი. მადრიდი
ესპანეთი - პორტუგალია
რუსეთი. სოჭი, ან კრასნოდარი
რუსეთი - გერმანია
20 მარტი
გერმანია. ჰაიდელბერგი
გერმანია - ესპანეთი
თურქეთი. ტრაბზონი
საქართველო - რუსეთი
პორტუგალია. ლისაბონი
პორტუგალია - რუმინეთი
2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის სატურნირო მდგომარეობა
1. საქართველო | 5 | 4 | 1 | 0 | +90 | 14 |
2. რუსეთი | 5 | 4 | 0 | 1 | +85 | 13 |
3. პორტუგალია | 5 | 3 | 1 | 1 | +40 | 12 |
4. რუმინეთი | 5 | 2 | 0 | 3 | -16 | 9 |
5. ესპანეთი | 5 | 1 | 0 | 4 | -74 | 7 |
6. გერმანია | 5 | 0 | 0 | 5 | -157 | 5 |
შენიშვნა: გამარჯვებაზე იწერება 3 ქულა, ფრეზე 2, წაგებაზე 1
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია