საქართველოსა და გერმანიის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს შორის 2010 წლის ერთა თასისა და 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა, რომელიც დღეს, 14:00 საათზე უნდა გამართულიყო, ერთი საათით გვიან, 15:00 საათზე დაიწყება.
ამის მიზეზი, თბილისში მოსული თოვლია. ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის მინდორზე ამჟამად გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მოედნის გაწმენდაზე მუშაობენ თბილისის სამაშველო სამსახურისა და თავად რაგბის კავშირის თანამშრომლები, მეეზოვეები და 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრების წევრები.
საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენელთა განცხადებით, 15:00 საათისთვის მოედნის თამაშისთვის მომზადება მოესწრება. გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ მოედანს მატჩის კომისარი შეამოწმებს, რომელიც საბოლოოდ გადაწყვეტს ვარგისია თუ არა ის შეხვედრის გასამართად.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია