ამბები

21:29 | 6.02.2010 | ნანახია 1830 - ჯერ

ფიჯი ზელანდიას ველინგტონიდან აედევნა

7-კაცა რაგბის 2009/2010 წლების მსოფლიო სერიის მე-3 ეტაპი, რომელიც ახალი ზელანდიის ქალაქ ველინგტონში გაიმართა, ფიჯის ნაკრების ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდა და საერთო ჩათვლაში, მათი ზელანდიელებთან ჩამორჩენა ოთხ ქულამდე შემცირდა.
ჯგუფური ეტაპის ბრწყინვალედ ჩატარების შემდეგ, თასისთვის ბრძოლის პირველ საფლეიოფო მატჩში, ფიჯელებმა შარშანდელი სერიის გამარჯვებული სამხრეთ აფრიკა დასცეს, ნახევარფინალში ველინგტონის ეტაპის შარშანდელ გამარჯვებული ინგლისი მოინელეს და ფინალში მეზობელი სამოას წინაშე წარსდგნენ. თავის მხრივ, სამოელებმა 1/4-ფინალში 7-კაცაში მარდად მობურთალ კენიას აჯობეს. აფრიკელებმა კუნძულელებს სირბილში ტოლი არ დაუდეს და მათ ორ ლელოს 2 ლელოთივე უპასუხეს, მაგრამ ერთი გარდასახვა ძელებს დააცილეს და ნახევარფინალში სამოა გაატარეს. სამოამ ფინალისკენ მავალ ბოლო საფეხურზე ზელანდიელთა მასპინძლობა არად ჩააგდო, მათ 24:14 აჯობა და ფინალში გავიდა.
ტრიბუნაზე შეკრებილმა მაყურებელმა მართლაც რომ თავბრუსდამხვევი გადამწყვეტი ჯახი იხილა. პირველი ნახევრის 7:7 დასრულების შემდეგ, ფიჯელები, შეხვედრის დასრულებამდე 2,5 წუთით ადრე, 19:7 დაწინაურდნენ. სამოამ გაიბრძოლა და წუთით ადრე ერთი საპასუხო ლელო გაიტანა, ზუსტი გარდასახვის შემდეგ კი, სხვაობა ერთ ლელომდე დავიდა. ბოლო წუთი ფიჯელებმა საკუთარი ჩათვლის მოედნის ხელშეუხებლად შესანახ ბრძოლაში გალიეს, ამოცანას თავი გაართვეს და 2006 წლის შემდეგ, ველინგტონის ეტაპი პირველად მოიგეს.
მთლიანობაში, ყველა ადგილისთვის გამართული ფინალი დაძაბული გამოდგა. V ადგილისთვის ავსტრალია სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდა და გახსნილ, ღია შეხვედრაში, 26:22 იმარჯვა; უელსმა 7:5 სძლია საფრანგეთს და 2009/2010 წლების მსოფლიო სერიების მე-3 ეტაპზეც, წინანდელთა მსგავსად, IX ადგილი დაიკავა; აშშ-მ, რომელმაც კვირის თავზე მე-4 ეტაპს უნდა უმასპინძლოს, ტონგას 17:14 აჯობა და XIII ადგილის მფლობელი გახდა.
ველინგტონის ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი, 45 ქულით, ფიჯელი უილიამ რიდერი გახდა, რომელსაც თითო-თითო ქულით ჩამორჩნენ ტონგელი სიაოსი იონგი და ინგლისელი ბენ გოლინსი. საუკეთესო მელელოვეებში ყველას აჯობეს ფინალისტი გუნდების წევრებმა - ფიჯელმა ოსეა კოლინისაუმ და სამოაელმა მიქაელ პესამინომ. საერთო ჩათვლაში, კვლავ ახალი ზელანდია ლიდერობს, რომელმაც ნახევარფინალში გასვლით, ველინგტონში 16 ქულა მოინაგრა და ჯამში 64 დააგროვა, ზელანდიის ეტაპზე გამარჯვებულმა ფიჯიმ კი, წინა 2 ეტაპის მონაგარს 24 ქულა შემატა და ლიდერს 4 პუნქტითღა ჩამორჩება. ფინალისტი სამოა (ველინგტონში 20 ქულა აიღო) 46 ქულით საერთო ჩათვლის მე-3 საფეხურზეა, მეოთხეადგილოსანი ინგლისი კი, მას 2 ქულით ჩამორჩება.
3 ეტაპის შემდეგ, 2009/2010 წლების სერიის საუკეთესო ბომბარდირთა სიას ფიჯელი უილიამ რიდერი 152 ქულით ლიდერობს, მეორეადგილოსან ბენ გოლინსს კი, 145 ქულა აქვს. საუკეთესო მელელოვეთა სათავეში ზელანდიელი შერვინ სტოუერი დგას, 19 ლელოთი; კენიელი კოლინ ინჯერა და სამოელი მიქაელ პესამინო კი, 17-17 ლელოთი, მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ.

1/4-ფინალი IX-XVI ადგილებისთვის
უელსი - პაპუა ახალი გვინეა 31:12
არგენტინა - ტონგა 17:7
აშშ - საფრანგეთი 10:21
შოტლანდია - ნიუე 12:17
თასის 1/4-ფინალი
ახალი ზელანდია - ავსტრალია 24:12
სამოა - კენია 14:12
ინგლისი - კანადა 31:0
ფიჯი - სამხრეთ აფრიკა 21:5
ნახევარფინალები XIII-XVI ადგილებისათვის
პაპუა ახალი გვინეა - ტონგა 10:26
აშშ - შოტლანდია 19:12
ნახევარფინალები IX-XII ადგილებისათვის
უელსი - არგენტინა 17:12
საფრანგეთი - ნიუე 28:12
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
ავსტრალი - კენია 26:17
კანადა - სამხრეთ აფრიკა 5:29
თასის ნახევარფინალები
ახალი ზელანდია - სამოა 14:24
ინგლისი - ფიჯი 19:28
ფინალი XIII ადგილისათვის
ტონგა - აშშ 14:17
ფინალი IX ადგილისათვის
უელსი - საფრანგეთი 7:5
ფინალი V ადგილისათვის
ავსტრალია - სამხრეთ აფრიკა 26:22
თასის ფინალი
სამოა - ფიჯი 14:19

მსოფლიოს 2009/2010 წლების 7-კაცა რაგბის სერიის საერთო ცხრილი 3 ეტაპის შემდეგ:

1.    ახალი ზელანდია - 64
2.    ფიჯი - 60
3.    სამოა - 46
4.    ინგლისი - 44
5.    ავსტრალია - 30
6.    კენია - 28
7.    სამხრეთ აფრიკა - 24
8.    არგენტინა - 22
9.    უელსი - 12
10.    კანადა - 6

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.07937