საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, თოვლსა და ყინვაში, გერმანიის ნაკრებთან, 2010 წლის “ერთა თასისა” და მსოფლიოს 2011 წლის თასის შესარჩევი ეტაპის მე-2 წრის პირველი შეხვედრა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო, მაგრამ ამ ყველაფერს “ბორჯღალოსნებისთვის” არანაირი პრობლემა არ შეუქმნია და მეტოქე 77:3 გაანადგურეს.
ახალი ზელანდიის საგზურის მისაღებად, ქართველებს ხუთიდან 3 მატჩის მოგება მართებთ, რაღა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ საქმეს პირველსავე სამ თამაშში მოილევენ, ამ კუთხით კი, პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. დისკომფორტი ქართველ მორაგბეებს მხოლოდ ამინდმა შეუქმნა. ღამით მოსულმა თოვლმა “ბორის პაიჭაძის” მინდორი სრულად დაფარა, მაგრამ რაგბის კავშირის ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების მობილიზაციამ, საქართველოს 18-წლამდე ნაკრების მორაგბეთა, თბილისის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებისა და მეეზოვეთა შრომამ, ეს პრობლემა დროულად მოაგვარა, მოედანი თოვლისგან გაიწმინდა და ხელახლა დაიხაზა, რის შემდეგაც კომისარს მატჩის გადადების მიზეზი აღარ შერჩა და თამაშიც საათის დაგვიანებით დაიწყო.
თავიდანვე ნათელი იყო, რომ “ერთა თასის” უსუსტესი გუნდი საქართველოს ნაკრებს წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. საწყისი წუთების შემდეგ, “ბორჯღალოსნებმა” სრული სათამაშო უპირატესობა იგდეს ხელთ და მე-9 წუთზე ტექნიკური ლელოთი დაწინაურდნენ, მერე კი, ამინდის მიუხედავად ტრიბუნაზე შეკრებილმა 4 ათასამდე მაყურებელმა კიდევ 10 ლელო იხილა. ქართველებმა მხოლოდ ლელოს გატანაზე ითამაშეს, პირველსავე ტაიმში სტუმრებს 6 ლელო უძღვნეს, მეორეში კი, ზედმეტი დაძაბულობის გარეშე კიდევ 5 გაიტანეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს. გერმანელებმა საპასუხოდ მხოლოდ ერთხელ იხეირეს და ისიც ჯარიმით, როდესაც 32-ე წუთზე სხვაობა 3:35-მდე შეამცირეს, მაგრამ მეტის თავი მათ მართლაც არ ჰქონდათ.
პირველი წრის შეხვედრებიდან ყველაზე დიდ ინტერესს საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქის, პორტუგალიის ნაკრების თამაში იწვევდა, რომელიც სოჭში რუსეთს სტუმრობდა. პორტუგალიელებმა “დათვებს” დიდი წინააღმდეგობა კი გაუწიეს, მაგრამ საწადელს მაინც ვერ მიაღწიეს და 10:14 დამარცხდნენ. ამ ტურის კიდევ ერთი მატჩი, რომელშიც რუმინეთს ესპანეთისათვის ბუქარესტში უნდა ემასპინძლა, უამინდობის გამო, ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით გადაიდო.
მომავალ მატჩს “ბორჯღალოსნები” 13 თებერვალს ლისაბონში, პორტუგალიელთა წინააღმდეგ გამართავენ და გამარჯვების შემთხვევაში, ახალი ზელანდიის საგზურს, პრაქტიკულად, გაინაღდებენ.
2010 წლის “ერთა თასისა” და 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მე-2 წრის პირველი მატჩი
თბილისი. “ბორის პაიჭაძე”. 4000 მაყურებელი
საქართველო - გერმანია 77:3
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. მალხაზ ურჯუკაშვილი, 13. დავით კაჭარავა (21. თედო ზიბზიბაძე 70), 12. ირაკლი გიორგაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. ლაშა მალაღურაძე, (22. ალექსანდრე თოდუა 59) 9. ბიძინა სამხარაძე; 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. აქვსენტი გიორგაძე (16. იური ნატრიაშვილი 51, აქვსენტი გიორგაძე 73) , 3. დავით ზირაქაშვილი (17. დავით ქუბრიაშვილი 41), 4. ილია ზედგინიძე (18. ლევან დათუნაშვილი 62), 5. გიორგი ნემსაძე, 6. გრიგოლ ლაბაძე, 7. გიორგი ჩხაიძე (19. ლაშა თავართქილაძე 62), 8. ბესარიონ უდესიანი.
სათადარიგოები: 20. ირაკლი აბუსერიძე
11 ლელო: ტექნიკური (9), ნემსაძე (18, 25), კვირიკაშვილი (21, 68), მაჩხანელი (29, 54), სამხარაძე (33, 47), ზიბზიბაძე (78), უდესიანი (80)
11 გარდასახვა: კვირიკაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ტიმ ლეინი
შერკინების მწვრთნელი: დემიენ კამინსი
ფიზ. მომზადების მწვრთნელი: ჯონი ნამუ
მწვრთნელის ასისტენტი: ილია მაისურაძე
მენეჯერი: ვასილ აბაშიძე
გერმანია: 15. რაფაელ ჰაკლი (21. შტეფან ლიბიგი 41), 14. მარკ ცინდერა (20. რაფაელ პირაში 56), 13. კლემენს ფონ გრუმბკო (22. გიომ ფრანკე 44), 12. ედმურ ტაკენდეზა, 11. ბენიამინ სიმი, 10. კირონ დევისი (22. გიომ ფრანკე 8-12), 9. მუსტაფა გიუნგორი; 1. ბენიამინ კრაუზე, 2. ალექსანდერ ვიდიკერი, 3. ტიმ ქოული (16. პატრიკ შლივა), 4. მანუელ ვილჰელმი, 5. დანიელ პროისნერი (18. ლუკას ჰაინდს-ჯონსონი 41), 6. ჯემი ბენ ჰიუსტონი, 7. შალვა დიდებაშვილი (17. როლფ ვახა 70), 8. ალექსანდერ ჰაუკი (19. ლუკას როზენტალი 56).
ჯარიმა: დევისი (32)
მთავარი მწვრთნელი: რუდოლფ ფინშტერერი
მწვრთნელი: ბრუნო შტოლორცი
დელეგაციის ხელმძღვანელი (გერმანიის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი): ჰანს-იოახიმ ვალენვაინი
გუნდის კოორდინატორი: ჰანს ლანგე
მსაჯი: პატრიკ პეშონბერი (საფრანგეთი)
6 თებერვალი
რუსეთი. სოჭი
რუსეთი - პორტუგალია 14:10
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - ესპანეთი (გადაიდო)
13 თებერვალი
ესპანეთი. მადრიდი
ესპანეთი - რუსეთი
პორტუგალია. ლისაბონი
პორტუგალია - საქართველო
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - გერმანია
27 თებერვალი
რუსეთი. სოჭი
რუსეთი - რუმინეთი
გერმანია. ჰოიზენშტამი
გერმანია - პორტუგალია
საქართველო. თბილისი
საქართველო - ესპანეთი
13 მარტი
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - საქართველო
ესპანეთი. მადრიდი
ესპანეთი - პორტუგალია
რუსეთი. სოჭი, ან კრასნოდარი
რუსეთი - გერმანია
20 მარტი
გერმანია. ჰაიდელბერგი
გერმანია - ესპანეთი
თურქეთი. ტრაბზონი
საქართველო - რუსეთი
პორტუგალია. ლისაბონი
პორტუგალია - რუმინეთი
2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის სატურნირო მდგომარეობა
1 | საქართველო | 6 | 5 | 1 | 0 | +164 | 17 |
2 | რუსეთი | 6 | 5 | 0 | 1 | +89 | 16 |
3 | პორტუგალია | 6 | 3 | 1 | 2 | +36 | 13 |
4 | რუმინეთი | 5 | 2 | 0 | 3 | +16 | 9 |
5 | ესპანეთი | 5 | 1 | 0 | 4 | -74 | 7 |
6 | გერმანია | 6 | 0 | 0 | 6 | -231 | 0 |
შენიშვნა: გამარჯვებაზე იწერება 3 ქულა, ფრეზე 2, წაგებაზე 1
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია