მიმდინარე წლის “ექვსი ერის” გათამაშება სენსაციების გარეშე დაიწყო. თასის მფლობელმა ირლანდიამ, იტალია დუბლინში დასცა, მაგრამ კითხვის ნიშნები დაბადა, ინგლისმა არცთუ უპრობლემოდ უელსს სძლია, ერთხმად აღიარებულმა საფრანგეთმა კი, სტუმრად შოტლანდიელთა ძლევა მოახერხა.
უწინარესად დუბლინურ მოედანზე ირლანდია და იტალია გავიდნენ და მიმოხილვაც ამ გუნდების თამაშით დავიწყოთ. “ექვსი ერის” გამარჯვებული ირლანდია, აუტსაიდერ იტალიას ერთი შეხედვით იოლად უნდა გამკლავებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ჩემპიონს ნასტუმრებმა აპენინელებმა, მასპინძლებს ღირსეული წი¬ნააღმდეგობა გაუწიეს და მხოლოდ 11:29 დამარცხდნენ, მაგრამ ეს უფრო ირლანდიელთა არადამაჯერებელი თამაშით იყო განპირობებული, თორემ მეტოქეს რომ კარგად ემოქმედა, შედეგი შესაძლოა სხვაგვარი ყოფილიყო.
ბუნებრივია, იტალიელებს არ სურთ, რომ წელსაც ყველა მატჩი დათმონ და ტურნირი უსახელოდ დაასრულონ, მაგრამ ამისათვის, მათ თვითდაჯერებულობა და თამაშისას მეტი ფანტაზია მართებთ. პერიოდულად, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ უკანა ხაზმა არ იცოდა რა უნდა ეკეთებინა, სტუმრებს ბურთის გაშლა არ გამოსდიოდათ და ერთფეროვანი შეტევებით ცდილობდნენ ფონს გასვლას, მაგრამ ამან შედეგი ვერ მოიტანა. თავის მხრივ, ირლანდიელებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ წინ ურთულესი ჯახები ელით და თუ ტიტულის შენარჩუნება უნდათ, სრული მობილიზება მართებთ, პირველი სერიოზული გამოცდის ჩაბარება კი, მომავალ უიკენდზე პარიზში მოუწევთ.
ანგარიში მე-10 წუთზე რონან ოგარამ 40 მეტრიდან გატანილი ჯარიმით გახსნა, ხუთ წუთში კი იმავე ოგარას გარღვევას მარცხენა კუთხეში ლელო მოჰყვა, რომელსაც რონანმა ზუსტი რეალიზაცია შემატა - 10:0. ამას იტალიამ ჯარიმით უპასუხა, ოგარამ მათ გამოხტომას 34-ე წუთამდე ორი ზუსტი ჯარიმით უპასუხა, ტაიმის მიწურულს კი გუნდებმა ლელოები გაცვალეს, ოღონდ ირლანდიელებმა გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და საწყისი 40 წუთი 23:11 მოგეს. მეორე ნახევარმა შედარებით მშვიდად ჩაიარა, მასპინძლებს ოგარამ, ბოლოს კი უოლესმა თითო ჯარიმაც შემატეს და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა.
უელსის ნაკრებს ინგლისთან თვიქნემში ათი წუთით კაცნაკლული დარჩენა 17:30 წაგებად დაუჯდა. ალუნ-ვუნ ჯონსმა პირველი ტაიმის მიწურულს სინბინი დაიმსახურა და სანამ მოედანზე დაბრუნდებოდა, მასპინძლებმა 17 ქულის მოგროვება და ამხელა უპირატესობით დაწინაურება მოახერხეს. ჯონსი ჰარტლის წესების უხეში დარღვევით დაესხა თავს და ამის გამო დაისაჯა, რასაც მასპინძელთა მხრიდან მისი თანაგუნდელების და მისი გუნდის მნიშვნელოვანი დასჯა მოჰყვა. უელსელები სიტუაციის გამოსწორებას ეცადნენ, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ, თავის მხრივ, ინგლისელები ნოემბრის ტესტებზე ბევრად უკეთ გაისარჯნენ, მაგრამ ნათელია, რომ ჩასატარებელი სამუშაო მათი მხრიდანაც საკმარისზე მეტია.
საგულისხმოა, რომ ინგლისი პირველ ათ წუთში ბურთს ბევრად მეტ ხანს ფლობდა, ვიდრე მეტოქე, მაგრამ ტერიტორიული უპირატესობა უელსელთა მხარეს იყო და ორჯერ, როდესაც სტუმრებმა ბურთის ართმევა მოახერხეს, ხიფათიც შექმნეს, მაგრამ ვერ იხეირეს.
სამაგიეროდ, ულესელებმა დერეფანში ვერ ივარგეს და ექვსი საკუთარი მოწოდება დათმეს, რაც ამ დონის გუნდისათვის სასირცხვილოა, მაშინ, როდესაც ამ კომპონენტში, ინგლისელებმა ბრწყინვალედ ითამაშეს. მთლიანობაში, უილკინსონი თავისი გრძელი გადაკიდებებით თამაშს კარგად მართავდა, მისი თანაგუნდელები კი დროულად ახერხებდნენ ხაზის აწევას და სტუმრებს საკუთარ ნახევარზე კეტავდნენ. პრინციპში, ამ კუთხით მეტოქეთა თამაში მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა, თუკი უილკინსონის დარტყმები 100 პროცენტით აღწევდნენ მიზანს, უელსელებზე იგივეს თქმა გაჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ მათი შერკინება ინგლისელებისას როგორც თავდასხმაში, ასევე დაცვაში ჯობდა, ზემოაღნიშნულმა შეცდომებმა ეს უპირატესობა გააბათილა, და როდესაც ჯონსმა ყვითელი ბარათი მიიღო, ინგლისელებმა გადამყვეტი 17 ქულა მოინაგრეს, რადგანაც დაცვაში მეტოქეს კაცნაკლულობის გამო პრობლემები შეექმნა და მაღალი კლასის გუნდმა ეს უპირატესობა სრულად გამოიყენა.
ინგლისელები მე-11 წუთზე უილკინსონის ჯარიმით დაწინაურდნენ და გარკვეული სათამაშო უპირატესობაც იგდეს ხელთ, რადგანაც საწყის წუთებში მეტოქის ხუთი დერეფნიდან სამი მოიგეს. უელსს ორჯერ მიეცა წონასწორობის აღდგენის შესაძლებლობა, მაგრამ შორეული ჯარიმით ვერ იხეირა, 27-ე წუთზე კი სტეფან ჯონსის დარტყმამ მიზანს უწია - 3:3. ამასობაში ალუნ-ვუნი დაჯარიმდა, მოედანი ათი წუთით დატოვა, უილკინსინმა ჯარიმით საკუთარი გუნდი დააწინაურა, ტაიმის მიწურულს ჯეიმს ჰასკელმა ლელო გაიტანა და უილკინსონის ზუსტმა რეალიზაციამ შესვენებაზე ინგლისელთა სასარგებლოდ 13:3 დააფიქსირა. მეორე ტაიმი დაიწყო და სანამ სტუმართა შემადგენლობა შეივსებოდა დანიელ კერიმ უელსელებს მეორე ლელო უძღვნა, უილკინსონის ზუსტმა დარტყმამ კი სხვაობა 17 ქულამდე გაზარდა. შეივსო უელსელთა შემადგენლობა და 48-ე წუთზე სხვაობა შემცირდა, ადამ ჯონსის ლელო სტეფან ჯონსმა ზუსტად გარდასახა, 71-ე წუთზე კი უკვე ჯეიმს ჰუკი შეიჭრა ინგლისელთა ჩათვლის მოედანზე და სტეფანის რეალიზაციამ სხვაობა ერთ ჯარიმამდე დაიყვანა - 17:20. დასკვნით ათ წუთში ინგლისმა დაცვის ბრწყინვალე მაგალითი აჩვენა, კონტრშეტევაზე ჰასკელმა თავისი მეორე ლელო გაიტანა, უილკინსონს მიზანმა არც ამჯერად უმტყუნა და საკუთარ გუნდს მიმდინარე წელს პირველი გამარჯვება მოუტანა.
2010 წლის “ექვსი ერის” უპირველეს ფავორიტად მიჩნეული საფრანგეთი, ედინბურგს ეწვია და შოტლანდიის ნაკრებს 18:9 აჯობა. მასპინძელთა ადრეულ ჯარიმას ფრანგებმა მე-14 წუთზე ბასტაროს ლელოთი უპასუხეს, მერე კი პარამ ჯარიმიდან იხეირა. 30-ე წუთზე კრის პატერსონმა მეორე ჯარიმით სხვაობა ორ ქულამდე დაიყვანა, თუმცა სამ წუთში ბასტარომ დუბლი შეასრულა, ამჯერად პარას გარდასახვაც ზუსტი აღმოჩნდა და სტუმრებმა ტაიმი 15:6 მოიგეს. მეორე ტაიმმა შედარებით მშვიდად ჩაიარა, ჯარიმით ჯერ პარამ გაზარდა ფრანგთა უპირატესობა, 53-ე წუთზე მას პატერსონმა უპასუხა, მაგრამ ეს იყო და ეს და საფრანგეთის ნაკრებმა სტუმრად უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
მომდევნო ტურის ცენტრალური მატჩი 13 თებერვალს პარიზში გაიმართება, სადაც ფავორიტი საფრანგეთი ჩემპიონ ირლანდიას დაუხვდება. ამავე დღეს უელსი შოტლანდიას მასპინძლობს, ხოლო 14 თებერვალს, მეორე ტური იტალიისა და ინგლისის ნაკრებების დაპირისპირებით დასრულდება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია