საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, “ბორის პაიჭაძის” სახელდახელოდ გაწმენდილ-დახაზულ მოედანზე გერმანელთა, ანგარიშით 77:3 განადგურებით, ყველას დაანახა, ევროპის მეორე ეშელონის გუნდებს შორის მართლაც რომ საუკეთესოა და ახალ ზელანდიაში მოხვედრაზე საკუთარი ამბიცია კიდევ ერთხელ გაახმოვანა.
ამბიცია ვახსენეთ, მაგრამ ის, რაც ექვს თებერვალს მოხდა, ამბიციაზე ბევრად მეტია. მართალია, გერმანელებს “ერთა თასზე” უსუსტესი გუნდი ჰყავთ, მაგრამ ასეთი სხვაობით ისინი განვლილ ხუთ მატჩში არავისთან დამარცხებულან და ზოგადადაც, ნებისმიერი გუნდის 74-ქულიანი სხვაობით ძლევა, გამარჯვებული გუნდის საუკეთესო სათამაშო კონდიციაში ყოფნას გულისხმობს. ცუდმა ამინდმა, მოედანმა და მეტოქის სისუტემ, შესაძლოა, “ბორჯღალოსნებს” სრულფასოვანი რეპეტიციის გავლის საშუალება არ მისცა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს თამაში კარგ ვარჯიშს მაინც სჯობდა. მწვრთნელებმა უშუალოდ მოედანზე, სათამაშო სიტუაციებში გადაამოწმეს ქართველთა შესაძლებლობები, 13 თებერვლამდე, ანუ ლისაბონში გასამართ მატჩამდე, ხარვეზების აღმოფხვრაზე იმუშავებენ და იქ გამარჯვება მათთვის ზედიზედ მე-3 მსოფლიო თასზე მოხვედრის ტოლფასი იქნება, რადგანაც, შემდგომში ესპანეთის ძლევა დიდი პრობლემა აღარ უნდა იყოს, დანარჩენილი ორი მატჩი კი, ამ კუთხით ვეღარაფერს შეცვლის.
ახლა საორგანიზაციო კუთხესაც შევხედოთ. თითქოსდა ამინდმა რაგბის კავშირის გამოცდა ისურვა და თამაშის წინა დღით ისე აცივდა, მთელი ზამთარი რომ არ გვენახა, ღამით ამას თოვლიც მოყვა და მოედანი ისე დაფარა, რომ მატჩის ჩაშლის საშიშროება გაჩნდა. რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ ძალ-ღონე არ დაიშურა, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე თავად ჩაუდგა სათავეში “მატჩის გადარჩენის სამაშველო ოპერაციას”, სასწრაფოდ მოხდა მობილიზება მეეზოვეების, თბილისის სამაშველო სამსახურის თანამშროლების, საქართველოს 18-წლამდე ნაკრების მორაგბეების, ნიჩბების ხელში აღება არც რაგბის კავშირის მაღალი ჩინის თანამშრომლებმა ითაკილეს და დათქმულ ვადაზე მოედანი წესრიგში მოიყვანეს. 14:00 საათის ნაცვლად თამაში 15 საათზე დაიწყო, მაგრამ ამის თანხმობა თავად მსაჯებმა მოგვცეს და საქართველოს რაგბის კავშირმაც მაქსიმუმი გაკეთა, მაშინ, როდესაც იგივე ამოცანა რუმინელებმა ვერ გადაჭრეს და მათი ესპანეთთან ჯახი ჯერჯერობით დაუდგენელი ვადით (სავარაუდოდ, 27 მარტს გაიმართება) გადაიდო.
გარდა ამისა, კავშირის ხელმძღვანელობამ იმაზეც იზრუნა, რომ “ბორჯღალოსნებს” პორტუგალიასთან მნიშვნელოვანი მატჩის წინ, მზადების მხრივ პრობლემა არ შექმნოდათ, მათთვის ფრანგული შეკრება დაგეგმეს, რათა ადაპტაციის მხრივ პრობლემა არ შეიქმნეს და ეს თანადგომა ბიჭებმაც სათანადოდ დააფასეს. პრინციპში, მათ ისედაც კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, რომ მოედანზე გასვლისას საქართველოს სახელით იბრძვიან, ჯერ მარტო ჰიმნის შესრულებისას ბოლომდე იხარჯებიან, მერე კი, ვინც არ უნდა იყოს მეტოქე მაქსიმუმს აკეთებენ, რათა თუნდაც თითოდ აღებული გულშემატკივარი გაახარონ და სათითაოდ ყველა მათგანს, ჯერ თამაშით და თავდადებით, მერე კი ტაშით მადლობას უხდიან, რაც გერმანიასთან მატჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა.
უშუალოდ გერმანიასთან შეხვედრა, ერთი შეხედვით თანაბრად დაიწყო. ორივე გუნდი ფეხით ცდილობდა თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანას და იქ უპირატესობის მოპოვებას. პირველად სამხარაძე შეცდა, ვისაც ფეხით ბურთის შეცურებისას დაუფარეს და მეტოქეს სალელოვე შანსი მიეცა, მაგრამ ვერ ივარგეს, ქართველებმა მეტოქის უნიათობით ისარგებლეს და მომენტი განმუხტეს. ცოტა ხანში მალაღურაძემ ჩაჭრა ბურთი, მაგრამ სალეოვედ ვეღარ გაიქცა, მე-9 წუთზე კი მეტოქემ პირველი ლელო იწვნია. “ბორჯღალოსნებმა” კარის გასწვრივ დანიშნული ჯარიმა შერკინებით შეცვალეს, მეტოქის წინაღობა საკუთარ ნახევარში შეიყვანეს, გერმანელები განზრახ დაჯარიმდნენ და რეფერიმ ტექნიკური ლელო ჩათვალა, კვირიკაშვილმა კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა.
მე-18 წუთზე მეორე ლელო გავიდა, ქართველებმა გასატანი ჯარიმა აუტში გაიტანეს, ბურთი მოიგეს, მოლიდან თამაში რაქში გადავიდა, ნემსაძე არ დაიბნა, ბურთი აიტაცა და წინააღმდეგობის მიუხედავად გერმანელთა ჩათვლის მოედანი გადაკვეთა, კვირიკაშვილმა კი რეალიზაცია ზუსატდ დაარტყა. ლელოები და რეალიზაციები ასე რომ არ ვითვალოთ აქვე ვთქვათ, რომ “ბორჯღალოსნებმა” 11 ლელო გაიტანეს და კვირიკაშვილმა ყველა დარტყმა ზუსტად შეასრულა. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიასთან მატჩში, ნებისმიერი ჯარიმა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს და ამ კუთხით, კვირიკაშვილის სიზუსტე ქართველთათვის მეტად დიდ მნიშვნელობას იძენს.
მესამე ლელო განსაკუთრებით ლამაზი გამოდგა, უდესიანის გარღვევის შემდეგ სამხარაძემ რაქიდან აიტაცა ბურთი, დაფარული პასით ირაკლი გიორგაძეს ხაზი გააჭრევინა, ეს უკანასკნელი ბოლო მცველთან კონტაქტში აღარ შევიდა და კვირიკაშვილი გერმანელთა ჩათვლის მოედანში უპრობლემოდ შეუშვა. 25-ე წუთზე კვლავ ნემსაძის ჯერი დადგა, ლაბაძემ 5-მეტრა აუტი მოიგო, მოლს ნემსაძე მოწყდა და ანგარიში გაზარდა. 29-ე წუთზე გერმანელებმა ფეხით მოინდომეს ბურთის ქართველთა დაცვის ხაზის უკან გაცურება, კაჭარავამ დაუფარა, ირაკლი გიორგაძემ ბურთი აიტაცა, მარცხნივ ირაკლი მაჩხანელი მოძებნა და მანაც მორიგი ლელო გაიტანა.
32-ე წუთზე გერმანელებმა საკუთარი შანსი მიიღეს, დაახლოებით 40 მეტრიდან ჯარიმა დაჰკრეს და დევისმა ბურთი ძელებსშუა გააძვრინა. ამან ქართველები გაახელა, თამაშში შეყვანილი ბურთი მეტოქეს აართვეს, ზირაქაშვილის აქტიურობის შემდეგ სამხარაძემ ბურთი აიტაცა, მცველები ცრუმოძრაობით ჩამოიშორა და სტუმრებს მორიგი ლელო უძღვნა. ტაიმის ბოლომდე “ბორჯღალოსნებმა” კიდევ რამდენიმე სალელოვე შეტევა გააფუჭეს და შესვენებისას გასვლისას 42:3 იგებდნენ.
მეორე ნახევარი შედარებით მშვიდად წარიმართა და თითქმის მYელმა ორმოცმა წუთმა გერმანელთა ნახევარზე განვლო. 47-ე წუთზე სამხარაძემ ირაკლი გიორგაძისგან კარგი პასი მიიღო, ლამაზი ცრუმოძრაობით მცველთა მთელი კოჰორტა მოჭრა და თავისი მეორე ლელო გაიტანა. 54-ე წუთზე სამხარაძემ გერმანელთა დაცვის ხაზი გაჭრა, მარცხნივ მალაღურაძე მოძებნა, მან თავის მხრივ ზედ ხაზთან მაჩხანელს გადააწოდა, ისიც მეტოქის ჩათვლის მოედანში შეცურდა. დარჩენილ დროში მეტოქის სისუსტით ქართველებმა კიდევ სამჯერ ისარგებლეს, სტუმრებს ლელოები უძღვნეს და საბოლოო შედეგი დააფიქსირეს.
ახლა საქართველოს ნაკრები საფრანგეთის ქალაქ კანში გადის შეკრებას და პორტუგალიასთან უმნიშვნელოვანესი მატჩისათვის ემზადება.
“მადლობა გერმანიას სტუმრობისა და ღირსეული თამაშისთვის. ჩვენი შეგირდების შეტევითი კომბინაციებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ვარჯიში თამაშისგან ყოველთვის განსხვავდება და ეს ამ შეხვედრაშიც გამოჩნდა. სტატიკური სიტუაციების - აუტების და შერკინების კმაყოფილი ვარ, მაგრამ მიწაზე თამაში გასაუმჯობესებელი გვაქვს, ამ კომპონენტში პორტუგალია საკმაოდ ძლიერია. პორტუგალიასთან ძირითადი ბირთვი ისეთივე იქნება, როგორც ამ შეხვედრაში იყო, თუმცა, ნატრიაშვილის ტრავმამ (მან კუნთი გაიჭიმა და შესაძლოა პორტუგალიასთან ვერ ითამაშოს, თუმცა, პირვანდელი შედეგებით საშიში არაფერია), შესაძლოა იმპროვიზაცია გვაიძულოს” - თქვა “ბორჯღალოსანთა” შერკინების მწვრთნელმა დემიენ კამინსმა.
მაშ ასე, 13 თებერვალს საქართველოს ნაკრებს ლისაბონში პორტუგალიასთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელის. “ბორჯღალოსნები” ადაპტაციას კანში გაივლიან, 11 თებერვალს კი პორტუგალიაში გადაინაცვლებენ და ახალი ზელანდიის საგზურის დაბევებას პორტუგალიაშივე ეცდებიან.
2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მე-2 წრის პირველი მატჩი. თბილისი. “ბორის პაიჭაძე”. 4000 მაყურებელი
საქართველო - გერმანია 77:3
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. მალხაზ ურჯუკაშვილი, 13. დავით კაჭარავა (21. თედო ზიბზიბაძე 70), 12. ირაკლი გიორგაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. ლაშა მალაღურაძე, (22. ალექსანდრე თოდუა 59) 9. ბიძინა სამხარაძე; 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. აქვსენტი გიორგაძე (16. იური ნატრიაშვილი 51, აქვსენტი გიორგაძე 73) , 3. დავით ზირაქაშვილი (17. დავით ქუბრიაშვილი 41), 4. ილია ზედგინიძე (18. ლევან დათუნაშვილი 62), 5. გიორგი ნემსაძე, 6. გრიგოლ ლაბაძე, 7. გიორგი ჩხაიძე (19. ლაშა თავართქილაძე 62), 8. ბესარიონ უდესიანი.
სათადარიგოები: 20. ირაკლი აბუსერიძე
11 ლელო: ტექნიკური (9), ნემსაძე (18, 25), კვირიკაშვილი (21, 68), მაჩხანელი (29, 54), სამხარაძე (33, 47), ზიბზიბაძე (78), უდესიანი (80)
11 გარდასახვა: კვირიკაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ტიმ ლეინი
შერკინების მწვრთნელი: დემიენ კამინსი
ფიზ. მომზადების მწვრთნელი: ჯონი ნამუ
მწვრთნელის ასისტენტი: ილია მაისურაძე
მენეჯერი: ვასილ აბაშიძე
გერმანია: 15. რაფაელ ჰაკლი (21. შტეფან ლიბიგი 41), 14. მარკ ცინდერა (20. რაფაელ პირაში 56), 13. კლემენს ფონ გრუმბკო (22. გიომ ფრანკე 44), 12. ედმურ ტაკენდეზა, 11. ბენიამინ სიმი, 10. კირონ დევისი (22. გიომ ფრანკე 8-12), 9. მუსტაფა გიუნგორი; 1. ბენიამინ კრაუზე, 2. ალექსანდერ ვიდიკერი, 3. ტიმ ქოული (16. პატრიკ შლივა), 4. მანუელ ვილჰელმი, 5. დანიელ პროისნერი (18. ლუკას ჰაინდს-ჯონსონი 41), 6. ჯემი ბენ ჰიუსტონი, 7. შალვა დიდებაშვილი (17. როლფ ვახა 70), 8. ალექსანდერ ჰაუკი (19. ლუკას როზენტალი 56).
ჯარიმა: დევისი (32)
მთავარი მწვრთნელი: რუდოლფ ფინშტერერი
მწვრთნელი: ბრუნო შტოლორცი
დელეგაციის ხელმძღვანელი (გე¬რ¬მანიის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი): ჰანს-იოახიმ ვალენვაინი
გუნდის კოორდინატორი: ჰანს ლანგე
მსაჯი: პატრიკ პეშონბერი (საფრანგეთი)
6 თებერვალი
რუსეთი. სოჭი
რუსეთი - პორტუგალია 14:10
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - ესპანეთი (გადაიდო)
13 თებერვალი
ესპანეთი. მადრიდი
ესპანეთი - რუსეთი
პორტუგალია. ლისაბონი
პორტუგალია - საქართველო
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - გერმანია
27 თებერვალი
რუსეთი. სოჭი
რუსეთი - რუმინეთი
გერმანია. ჰოიზენშტამი
გერმანია - პორტუგალია
საქართველო. თბილისი
საქართველო - ესპანეთი
13 მარტი
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - საქართველო
ესპანეთი. მადრიდი
ესპანეთი - პორტუგალია
რუსეთი. სოჭი, ან კრასნოდარი
რუსეთი - გერმანია
20 მარტი
გერმანია. ჰაიდელბერგი
გერმანია - ესპანეთი
თურქეთი. ტრაბზონი
საქართველო - რუსეთი
პორტუგალია. ლისაბონი
პორტუგალია - რუმინეთი
2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის სატურნირო მდგომარეობა
1 | საქართველო | 6 | 5 | 1 | 0 | +164 | 17 |
2 | რუსეთი | 6 | 5 | 0 | 1 | +89 | 16 |
3 | პორტუგალია | 6 | 3 | 1 | 2 | +36 | 13 |
4 | რუმინეთი | 5 | 2 | 0 | 3 | +16 | 9 |
5 | ესპანეთი | 5 | 1 | 0 | 4 | -74 | 7 |
6 | გერმანია | 6 | 0 | 0 | 6 | -231 | 6 |
შენიშვნა: გამარჯვებაზე იწერება 3 ქულა, ფრეზე 2, წაგებაზე 1
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია