რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მიერ გამოქვეყნებული ახალი რეიტინგისადმი მიძღვნილი სტატია, რომელიც ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, საქართველოს ნაკრების მიერ გერმანელთა განადგურებაზე მსჯელობით იწყება და ზედ ირაკლი მაჩხანელის სურათიც აქვს დართული.
ლოგიკურად, აღნიშნულის შემდეგ კლასიფიკაციაში “ბორჯღალოსანთა” წინსვლაზე უნდო ყოფილიყო საუბარი, თუმცა, სამწუხაროდ, მსგავსი არაფერი მომხდარა. “ერთა თასის” აუტსაიდერთან მატჩში დამაჯერებელმა გამარჯვებამ, ქართველებს მინიმალური წინსვლაც კი ვერ მოუტანა. შედეგად, თიმ ლეინის სამწყსოს 66.85 ბალი შერჩა და მე-17 ადგილზე მყოფ რუსეთს, რომელმაც პორტუგალიის ძლევით ასევე ვერ იხეირა, მეათასედი ქულებით ჩამორჩება.
“ბორჯღალოსნებს” მარადიული მეტოქის უკან მოტოვების შანსი მომავალ უქმეებზე მიეცემათ, როდესაც ლისაბონის უნივერსიტეტის სტადიონზე 21-ე საფეხურზე მყოფ პორტუგალიას შეერკინებიან. 15 ქულით ან ნაკლები სხვაობით გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრების რეიტინგი 67.44 ქულა გაუტოლდება, 15 ქულიანზე მეტი უპირატესობა კი ჩვენს გუნდს 67.73 ქულამდე აღაზევებს.
თუკი ქართველებმა წარმატებას მიაღწიეს, რუსეთის ნაკრებს, რომელიც შაბათსვე მადრიდში ესპანეთის ეროვნულ გუნდს ესტუმრება, მე-17 პოზიციის შენარჩუნების ერთადერთი შანსი აქვს. მადაზე მოსულმა “დათვებმა” პირენეელები 15 ქულაზე მეტი სხვაობით უნდა სძლიონ, მაშინ როდესაც საქართველომ პორტუგალიას 15 ქულაზე ნაკლებით მოუგოს.
სათქმელია ისიც, რომ ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოცა და რუსეთიც მე-16 ადგილზე მყოფ აშშ-ს ნაკრებს უსწრებენ, ასე რომ, “ბორჯღალოსნებს” ერთბაშად ორი საფეხურის მოგების კარგი შანსი აქვთ.
თუკი მომავალი კვირის თავზე, რეიტინგში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი, დღევანდელ კლასიფიკაციაში ერთადერთი მნიშვნელოვანი გადაადგილება მოხდა. მარიფილდში საფრანგეთთან მარცხის (9:18) გამოისობით, ენდი რობინსონის მიერ დარიგებული შოტლანდიის ნაკრები მე-10 ადგილზე დაქვეითდა, წინ კი ფიჯის ეროვნული გუნდი გაუშვა.
რეიტინგის სათავეში კვლავინდებურად სამხრეთ ნახევარსფეროს სამი გიგანტი – ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და ავსტრალია დგას, თუმცა, ოზებს ირლანდიელთა სუნთქვაც კარგად უნდა ესმოდეთ. “სამყურებმა” მშობლიურ “კროუკ პარკზე” იტალიას 29:11 სძლიეს და ავსტრალიელებს 0.96 ქულით ჩამორჩებიან.
1 (1).ახალი ზელანდია 91.68
2 (2). სამხრეთ აფრიკა 88.60
3 (3). ავსტრალია 85.56
4 (4). ირლანდია 84.60
5 (5). საფრანგეთი 83.13
6 (6). ინგლისი 81.34
7 (7). არგენტინა 80.56
8 (8). უელსი 79.27
9 (10). ფიჯი 75.90
10 (9). შოტლანდია 75.87
11 (11). იტალია 72.59
12 (12). სამოა 72.08
13 (13). იაპონია 70.59
14 (14). კანადა 68.80
15 (15). ტონგა 68.11
16 (16). აშშ 67.05
17 (17). რუსეთი 66.85
18 (18). საქართველო 66.85
19 (19). რუმინეთი 64.62
20 (20). ურუგვაი 60.89
21 (21). პორტუგალია 59.72
22 (22). ესპანეთი 59.01
23 (23). ნამიბია 58.98
24 (24). ჩილე 57.95
25 (25). ს.კორეა 57.90
26 (26). გერმანია 55.72
27 (27). უკრაინა 55.47
28 (28). ყაზახეთი 55.12
29 (29). ბრაზილია 54.97
30 (30). ტუნისი 54.12
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია