უკრაინის შვიდკაცა რაგბის ეროვნული ნაკრების თავკაცად ქართველი მწვრთნელი, ზაზა ლეჟავა დაინიშნა. აღნიშნულ პოსტზე ლეჟავამ ავსტრალიელი მაიკლ ბიშოპი შეცვალა, რომლის ხელშიც, უკრაინელებმა 2008 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში მოახერხეს.
ლეჟავა 1967 წლის 17 აპრილს, ოდესაში დაიბადა, სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში კი საქართველოს შვიდკაცა ნაკრებისა და საფრანგეთის მე-2 დივიზიონის წევრ “ბლუას” თავკაცი ყოფილა.
ქართველი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, უკრაინელებმა ოდესაში პირველი შეკრება უკვე მოილიეს, რომლის განმავლობაშიც ძირითადი ყურადღება ფიზიკურ კონდიციებს დაუთმეს.
უკრაინელი მოშვიდკაცეები თავიანთ კლუბებს დაუბრუნდნენ, მომდევნო შეკრებაზე კი აპრილში გადავლენ. მასში მონაწილეობას უკრაინის ნაკრებში გამოძახებული ქართველი მორაგბეები, ოდესის “კრედო-63”-ის წევრები, ჯაბა მალაღურაძე და გიორგი თოდრაძეც მიიღებენ.
2010 წლის განმავლობაში, უკრაინელები მონაწილეობას შვიდკაცას ევროპული სერიის ორ ეტაპზე მიიღებენ. 22-23 მაისს ლეჟავა შეგირდებს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში წაიყვანს, 29-30 მაისს კი, უკრაინის ნაკრები ოდესის შვიდკაცაზე საქართველოს, რუსეთის, მოლდოვას, რუმინეთის, ბელგიის, ლატვიის, შვეიცარიის, ბულგარეთისა და მალტის გუნდებთან ერთად ითამაშებს.
უკრაინის შვიდკაცა ნაკრების თავკაცის პოსტზე ზაზა ლეჟავას დანიშვნას, ქვეყნის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი გეორგ ჯანგირიანიც გამოეხმაურა.
“ლეჟავას პარიზში შევხვდი და ერთმანეთი გავიცანით, მოლაპარაკებებს კი, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადისლავ ბულგაკოვი აწარმოებდა. ინფორმაციას ის აგროვებდა და კონსულტაციებიც გაიარა. ზაზას დიდი გამოცდილება გააჩნია, ფრანგულ ლიგაში კარგა ხანს თამაშობდა და იქ მწვრთნელადაც უმუშავია. იგი პარიზში ცხოვრობს და რაგბის განვითარების ტენდენციები კარგად იცის.
ბიჭებს ლეჟავასთან მუშაობა გაუდვილდებათ, რადგანაც ენობრივი ბარიერი და მენტალიტეტში სხვაობა არ არსებობს. ავსტრალიელ მაიკლ ბიშოფთან დაკავშირებით, ეს პრობლემა ნამდვილად გვაწუხებდა. ლეჟავა მორაგბეებთან გაცილებით ახლოს იქნება”.
ევროპის 2010 წლის ჩემპიონატი შვიდკაცა რაგბში
რეიტინგი: 1. რუსეთი; 2. საფრანგეთი; 3. იტალია; 4. ესპანეთი; 5. საქართველო; 6. მოლდოვა; 7. პორტუგალია; 8. რუმინეთი; 9. გერმანია; 10. პოლონეთი; 11. ჰოლანდია; 12. კვიპროსი; 13. უკრაინა; 14. ჩეხეთი; 15. ხორვატია; 16. დანია; 17. ლიტვა; 18. ბოსნია-ჰერცეგოვინა; 19. ბელგია; 20. ლატვია; 21. სერბეთი; 22. შვეიცარია; 23. საბერძნეთი; 24. ლუქსემბურგი; 25. ბულგარეთი; 26. უნგრეთი; 27. ნორვეგია; 28. ანდორა; 29. ისრაელი; 30. მალტა.
კალენდარი
15-16 მაისი, სოპოტი (პოლონეთი)
იტალია, ესპანეთი, პოლონეთი, ჰოლანდია, ჩეხეთი, ლიტვა, ბელგია, ლატვია, უნგრეთი, ნორვეგია.
22-23 მაისი, ოდენსე (დანია)
საფრანგეთი, პორტუგალია, ჩეხეთი, დანია, ლიტვა, შვეიცარია, ლუქსემბურგი, უნგრეთი, ნორვეგია, ანდორა.
22-23 მაისი, ბუქარესტი (რუმინეთი)
რუსეთი, მოლდოვა, რუმინეთი, პოლონეთი, კვიპროსი, უკრაინა, ბოსნია, საბერძნეთი, ბულგარეთი, ისრაელი.
29-30 მაისი, ოდესა (უკრაინა)
რუსეთი, საქართველო, მოლდოვა, რუმინეთი, უკრაინა, ბელგია, ლატვია, შვეიცარია, ბულგარეთი, მალტა.
5-6 ივნისი, სპლიტი (ხორვატია)
იტალია, პორტუგალია, გერმანია, ჰოლანდია, ხორვატია, დანია, ბოსნია, სერბეთი, ლუქსემბურგი, ანდორა.
12-13 ივნისი, პაფოსი (კვიპროსი)
საფრანგეთი, ესპანეთი, საქართველო, გერმანია, კვიპროსი, ხორვატია, სერბეთი, საბერძნეთი, ისრაელი, მალტა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია