რუსეთის სარაგბო კავშირის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტ ტომას ჰოვარდს სჯერა, რომ ქვეყნის ეროვნული გუნდი 2011 წლის მსოფლიოს თასზე გასვლას შეძლებს, 2019 წელს კი ტურნირის მეოთხედფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს.
აღნიშნულის შესახებ ბრიტანელმა ფუნქციონერმა რუსულ პრესასთან საუბარში განაცხადა. ”რუსეთის ნაკრების მიერ მსოფლიოს თასის საგზურის მოპოვება, რაც გუნდის ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება, უდაოდ განსაკუთრებულ აღნიშვნას საჭიროებს. ჩვენ დეტალიზებული სტრატეგიული გეგმა გაგვაჩნია და ვფიქრობ, მას კარგად ვასრულებთ.
გეგმის მიხედვით, 2015 წელს ფინალური ეტაპის 12 მოწინავე ნაკრებს შორის უნდა მოვხვდეთ, 2019-ში კი მეოთხედფინალში ვიასპარეზოთ. მომავალ ტურნირში მხოლოდ მონაწილეობით არ დავკმაყოფილდებით. იმ გუნდებს, რომლებიც დაახლოებით ჩვენი დონისანი არიან, ღირსეული წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ”.
როგორც სჩანს, ჰოვარდს “ერთა თასზე” საქართველოს უკან მოტოვებისა და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების არცთუ დიდი იმედი აქვს, ამდენად, უკვე იმ მეტოქეებზე ფიქრობს, რომლებთან გაჯიბრებაც მეორე საფეხურზე გასვლის შემთხვევაში მოუწევს.
“თუკი მსოფლიოს თასზე ევროპის მეორე გუნდის სტატუსით გავედით, ჯგუფში აშშ-ს ნაკრებთან თამაში მოგვიწევს. ამ მატჩის რუსეთში ტრანსლირებისთვის უკეთესი მეტოქის მოძებნა ძნელიც კი იქნებოდა: ექს-საბჭოეთის ქვეყანა ამერიკელთა წინააღმდეგ. იმ 18 თვის განმავლობაში, რაც რუსეთში გავატარე, ცხადად დავინახე, რომ თუკი რომელიმე ეროვნული ნაკრები წარმატებას აღწებს, მის გულშემატკვრობას მთელი ქვეყანა იწყებს”.
შეგახსენებთ, რომ “ერთა თასის” ექვსი ტურის თავზე, ჯგუფის სათავეში 17 ქულით საქართველოს ნაკრები იმყოფება, რუსები კი ლიდერს ერთი ქულით ჩამორჩებიან. ტურნირის ორი მოწინავე მსოფლიოს თასის საგზურს ავტომატურად მიიღებს, მესამეს კი რეპეშაჟში ასპარეზობა მოუწევს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია