ამბები

14:22 | 10.02.2010 | ნანახია 3533 - ჯერ

აქეთ გურგენაძე, იქით – მაღლაკელიძე

ესპანეთის სარაგბო ნაკრებში, რომელიც 13 თებერვალს “ერთა თასის” ეგიდით, რუსეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. ქართველი პირველხაზელი დავით გურგენაძეც ითამაშებს, რომელიც ამჟამად “მადრიდის” ღირსებას იცავს.
31 წლის გურგენაძეს (სიმაღლე 180 სმ. წონა 110 კგ.) ესპანელთა მაისურით ჯერ კიდევ გასულ უქმეებზე რუმინეთის წინააღმდეგ უნდა ეასპარეზა, თუმცა, ის შეხვედრა დიდთოვლობის გამო გადაიდო.
პირენეელთა ინგლისელ თავკაც ჯედ გლინს შემადგენლობა დიდად არ გადაუხალისებია და ქართველ მორაგბეს “დათვების” წინააღმდეგ საომრადაც უხმო.
ესპანელთა 24-კაციან შემადგენლობაში რვა ლეგიონერია. მარტინ ენრიკე (“ბაიონა”), მორენო როდრიგესი (“ბეგლ ბორდო”), პინტო ფერერი (“კლერმონი”), ტურტოლო კასტილიონი (“კოლომიე”), გრატონ კრისტოლი (“გროლეტუ”), ლოპეს ბუშე (“სტად მონტუა”) და ელგოიენ სანჩესი (“სენ ჟან დე ლუზი”) საფრანგეთში ასპარეზობენ, მარტინ გოენაგა (“გრან პარმა”) კი იტალიაში თამაშობს.
აქვე შეგახსენებთ, რომ მომავალ ჯახში “საკუთარი ქართველი“ რუსეთის ეროვნულ გუნდსაც ეყოლება. პირველი ნომრით მოასპარეზე კარლო მაღლაკელიძემ პორტუგალიელებთან შეხვედრაში თავი კარგად წარმოაჩინა და სავარაუდოდ, კიდევ ერთ პირენეულ მეტოქესთან თამაშიც მოუწევს.
ესპანეთისა და რუსეთის სარაგბო ნაკრებთა მატჩი, მომავალ შაბათს, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე, მადრიდის უნივერსიტეტის სტადიონზე დაიწყება. 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085009