საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, რომელიც “ერთა თასის” გათამაშებაში პორტუგალიასთან სათამაშოდ კანიდან ლისაბონს გუშინ უნდა სწვეოდა, უამინდობის გამო საფრანგეთშივე დარჩა. ”ბორჯღალოსნები” აეროპორტში იყვნენ შეკრებილნი და პირენეებზე გაფრენას კარგა ხანს ელოდნენ, თუმცა, უამინდობის გამო, რეისი არ შედგა და ნაკრებსაც ღამის გათევა აეროპორტის სასტუმროშივე მოუხდა.
მოსალოდნელია, რომ კლიმატური პირობების გაუმჯობესების შემთხვევაში, ქართველი მორაგბეები პორტუგალიისკენ გეზს დღეს დილით აიღებდნენ.
შეგახსენებთ, რომ ლისაბონური მატჩი 13 თებერვალს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს.
ამ დროისთვის, ტურნირის სათავეში 17 ქულით “ბორჯღალოსნები” ლიდერობენ, პორტუგალია კი 13 ქულით მესამეა. მომავალ მატჩს ორივე გუნდისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს.
გამარჯვების შემთხვევაში, ქართველები ფინალურ ეტაპს კიდევ უფრო მიუახლოვდებიან, პორტუგალიელებს კი მარცხი ზელანდიაში რეპეშაჟის გავლით მოხვედრის შანსსღა დაუტოვებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია