ამბები

0:18 | 13.02.2010 | ნანახია 3027 - ჯერ

თოვლს ვაჯობეთ, ჯერი პორტუგალიაზეა

დიდი თავგადასავლების შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნიცის აეროპორტიდან ლისაბონში ჩააღწია და დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე, “ერთა თასის” უმნიშვნელოვანეს მატჩში, პორტუგალიის “ლობუშს” შეერკინება.
შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნებს” პირენეებისკენ გეზი ჯერ კიდევ ხუთშაბათ საღამოს უნდა აეღოთ, თუმცა, ევროპას თავს დატეხილი უამინდობის გამო, ღამის აეროპორტში გათევა მოუხდათ.
დიდთოვლობის გადამკიდე, საქართველოს ნაკრებმა ლისაბონისკენ გამგზავრება ვერც გუშინ დილით შეძლო და პორტუგალიისკენ გეზი მოგვიანებით, ნაწილ-ნაწილღა აიღო.
ლისაბონში გაფრენილ პირველივე რეისს 22-ვე მორაგბე და გუნდის მენეჯერი გაჰყვა, მცირე ხანში კი ქართული დელეგაციის დანარჩენილ ნაწილიც პორტუგალიისკენ გაფრინდა.
ამგვარად, მატჩი, რომლის ჩატარებაც ერთი ხანობა ეჭვქვეშაც კი დადგა, დღეს აუცილებლად გაიმართება, ჩვენის მხრივ კი იმედს ვიტოვებთ, რომ “ბორჯღალოსნები” ძალების აღდგენას შეძლებენ და პრინციპულ შეხვედრას სათანადო მდგომარეობაში შეხვდებიან.
 “ერთა თასის” მე-3 ადგილზე მყოფ პორტუგალიას ჯგუფის მოწინავე ორ ნაკრებს შორის მოსახვედრად, ფაქტიურად, ბოლო შანსი აქვს, წინაღმდეგ შემთხვევაში კი, საუკეთესო ვარიანტში, მსოფლიოს თასზე გასასვლელად, რეპეშაჟში თამაში მოუწევს.
ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ჩვენთვის უხერხულ მეტოქედ მიჩნეულ “ლობუშისგან” დიდ წინააღმდეგობას უნდა ველოდეთ. მოტივაცია კი არც ქართველებს აკლიათ, რომლებიც მასპინძელთა ძლევის შემთხვევაში, ახალ ზელანდიამდე ერთ ნაბიჯში იქნებიან და მიზნის მისაღწევად, თბილისში ესპანეთის ნაკრების დამარცხებაღა იქნება საჭირო.
აქამდე, საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებებს 13-ჯერ უთამაშიათ. ჩვენს გუნდს ზურგს 7 გამარჯვება უმაგრებს, “ლობუშს” 4-ჯერ ვყავართ დამარცხებული, ორი მატჩში კი ყაიმი გახლავთ დაფიქსირებული. ფრედ დასრულებულ შეხვედრათაგან ერთი შარშან 14 თებერვალს თბილისში გაიმართა და მერაბ კვირიკაშვილის მიერ თამაშის მიწურულს შესრულებული გარდასახვის გამოისობით, მარცხს ძლივს გადავურჩით – 20:20.
ცნობისთვის, ერთა თასის შარშანდელ გათამაშებაში, “ბორჯღალოსანთა” გაძლება მხოლოდ პორტუგალიელებმა მოახერხეს, დანარჩენ ოთხ მატჩში კი ჩვენმა გუნდმა მეტოქეებს დამაჯერებლად აჯობა.
დღევანდელი მატჩისთვის, ნაკრების შემადგენლობაში მცირე ცვლილებები მოხდა. გერმანიასთან შეხვედრისგან განსხვავებით, ძირითად თხუთმეტეულს დაუბრუნდნენ ნაკრების კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე და თედო ზიბზიბაძე, რომელთაც ბიძინა სამხარაძე და ირაკლი გიორგაძე ჩაანაცვლეს.
მარქაფაში იქნება ფრანგული “აჟენიდან” გამოძახებული ანტონ ფეიქრიშვილი, რომელიც ტრავმირებულ იური ნატრიაშვილს შეცვლის. გუნდში კვლავაც არ გახლავთ მამუმა გორგოძე, ვინც საფრანგეთის ჩემპიონატში მომხდარი ჩხუბის გამო დისკვალიფიკაციას იხდის.
მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს. 

 
2010 წლის “ერთა თასისა” და 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მეორე წრის მატჩი
13 თებერვალი. ლისაბონი (პორტუგალია). 19:00
პორტუგალია – საქართველო
საქართველო:
15. მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 39 თამაში, 185 ქულა), 14. მალხაზ ურჯუკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 59 თ., 284 ქ.), 13. დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი, 32 თ., 35 ქ.), 12. თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 43 თ., 65 ქ.), 11. ირაკლი მაჩხანელი (“სენტ ეტიენი”, საფრანგეთი, 37 თ., 80 ქ.), 10. ლაშა მალაღურაძე (“ბეზიე”, საფრანგეთი, 21 თ., 67 ქ.), 9. ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი, 61 თ., 25 ქ.), 1. დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი, 27 თ., 15 ქ.), 2. აქვსენტი გიორგაძე (“კასტრი”, საფრანგეთი, 56 თ., 55 ქ.), 3. დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 19 თ., 15 ქ.), 4. ილია ზედგინიძე (“კარკერედნიერი”, საფრანგეთი, 56 თ., 75 ქ.), 5. გიორგი ნემსაძე (“მასი”, საფრანგეთი, 13 თ., 20 ქ.), 6. გრიგოლ ლაბაძე (“მერსეი-ვიტროლი”, საფრანგეთი, 57 თ., 55 ქ.), 7. გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 37 თ., 20 ქ.), 8. ბესარიონ უდესიანი (“სენტ ეტიენი”, საფრანგეთი, 35 თ., 45 ქ.).
სათადარიგოები: 16. ანტონ ფეიქრიშვილი (“აჟენი”, საფრანგეთი, 3 თ.), 17. დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი, 12 თ.), 18. ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი, 31 თ., 10 ქ.), 19. ლაშა თავართქილაძე (“ფარულ კონსტანცა”, რუმინეთი, 2 თ.), 20. ბიძინა სამხარაძე (“ფარულ კონსტანცა”, რუმინეთი, 43 თ., 20 ქ.), 21. ირაკლი გიორგაძე (“შამბერი”, საფრანგეთი, 36 თ., 16 ქ.), 22. ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი, 15 თ., 5 ქ.).
მთავარი მწვრთნელი: ტიმ ლეინი.
შერკინების მწვრთნელი: დემიენ კამინსი.
ფიზ. მომზადების მწვრთნელი: ჯონი ნამუ.
მწვრთნელის ასისტენტი: ილია მაისურაძე.
მსაჯი: სმოლი (უელსი).
 
6 თებერვალი
რუსეთი – პორტუგალია 14:10
რუმინეთი – ესპანეთი (გადაიდო)
 
13 თებერვალი
ესპანეთი – რუსეთი
პორტუგალია – საქართველო
რუმინეთი – გერმანია
 
27 თებერვალი
რუსეთი – რუმინეთი
გერმანია – პორტუგალია
საქართველო – ესპანეთი
 
13 მარტი
რუმინეთი – საქართველო
ესპანეთი – პორტუგალია
რუსეთი – გერმანია
 
20 მარტი
გერმანია – ესპანეთი
საქართველო – რუსეთი (ტრაბზონში)
პორტუგალია – რუმინეთი
 
2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის სატურნირო მდგომარეობა
1 საქართველო 6 5 1 0 +164 17
2 რუსეთი 6 5 0 1 +89 16
3 პორტუგალია 6 3 1 2 +36 13
4 რუმინეთი 5 2 0 3 +16 9
5 ესპანეთი 5 1 0 4 -74 7
6 გერმანია 6 0 0 6 -231 6
 
შენიშვნა: გამარჯვებაზე იწერება 3 ქულა, ფრეზე – 2, წაგებაზე – 1

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.074518