საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში, პორტუგალიის გუნდს ლისაბონში 16:10 სძლია და ახალი ზელანდიის საგზური პრაქტიკულად გაინაღდა.
ოფიციალური მხარის მოსაგვარებლად, “ბორჯღალოსნებს”, 27 თებერვალს, თბილისში, ესპანეთის ნაკრების დამარცხება მართებთ, რაც დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს და დასკვნითი ორი მატჩის შედეგს - 13 მარტს ბუქარესტში რუმინეთთან და 20 მარტს თურქეთის ქალაქ ტრაბზონში რუსეთთან - მსოფლიო თასის საგზურის ზედიზედ მესამედ მოპოვების კუთხით მნიშვნელობა აღარ ექნება. თუმცა, “ბორჯღალოსნებს” ესპანელებთან თამაში უჭირთ და მოდუნების უფლება არ აქვთ, რათა ყოველგვარი მოულოდნელობა გამოირიცხოს.
საქართველოს ნაკრები მერაბ კვირიკაშვილის ჯარიმის შემდეგ მატჩის დებიუტშივე დაწინაურდა, მაგრამ მალე შეცდომა დაუშვა და ლელო მიიღო, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოყვა და “ლობუში” 7:3 დაწინაურდა. მე-14 წუთზე ქართველებმა რამდენიმეფაზიანი შეტევა განახორციელეს, გუნდის კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ, ბოლო მომენტში ბურთის გამოტანის ნაცვლად, თამაში საკუთარ თავზე აიღო და საპასუხო ლელო გაიტანა, რასაც კვირიკაშვილის ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. შესვენებამდე დარჩენილ დროში, ქულის მოპოვება ვერცერთმა გუნდმა მოახერხა და ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 10:7 მოიგო.
მე-2 ნახევარი “ბორჯღალოსანთა” უპირატესობით კი დაიწყო, მაგრამ საკუთარი შეცდომების გამო, პორტუგალიელთა ჩათვლის მოედნის ხაზის გადაკვეთა, ან რეალური საფრთხის შექმნა ვერ მოახერხეს, თუმცა, 55-ე წუთისათვის აღარ გარისკეს, კვირიკაშვილმა დაახლოებით 26 მეტრიდან გასატანი ჯარიმა გაიტანა და საქართველოს ნაკრები 6 ქულით დაწინაურდა - 13:7. ორ წუთში შეცვლაზე შესული დავით ქუბრიაშვილი მეტოქესთან წაკინკლავდა და ინგლისელმა რეფერიმ მას ყვითელი ბარათი უჩვენა, გარდნერმა კი 22-მეტრა ხაზიდან ჯარიმით სამქულიანი სტატუსკვო აღადგინა.
10 წუთით კაცნაკლულად დარჩენილმა ქართველებმა, მასპინძელთა მიძალებას უდიდესი ძალისხმევის ხარჯზე გაუძლეს, სინბინის ვადის გასვლის შემდეგ კი, კვლავ მეტოქის ნახევარზე გადავიდნენ, რამდენიმეფაზიანი შეტევის შემდეგ, რაქიდან გატანილი ბურთი ლაშა მალაღურაძემ მიიღო და დაახლოებით 40 მეტრიდან მნიშვნელოვანი არეკნი გაიტანა. მალე მალაღურაძემ კიდევ ერთხელ სცადა არეკნის გატანა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა, სულ ბოლოს კი “ლობუშმა” გაიბრძოლა, საქართველოს ნაკრების ჩათვლის მოედნიდან 5-10 მეტრში რამდენიმეფაზიანი მწვავე შეტევა განახორციელა, მაგრამ მათი ბოლო იმედი ალექსანდრე თოდუამ ჩააცხრო, რომელმაც ხაზზე ბურთის ჩათამაშების შემდეგ, შემტევი გვერდით ხაზს იქით განდევნა და მსაჯის საფინალო სასტვენმა “ბორჯღალოსანთა” მნიშვნელოვანი გამარჯვება დააფიქსირა.
მეორე წრის დანარჩენი შეხვედრებიდან დიდ ინტერესს იწვევდა მადრიდში მასპინძელ ესპანეთისა და რუსეთის ნაკრებების შეხვედრა. ესპანელებმა კი იბრძოლეს, მაგრამ რუსებმა ისინი 38:20 მაინც დაამარცხეს და მსოფლიო თასზე პირველად მოხვედრის შანსი მნიშვნელოვნად გაიზარდეს. ახლა მათ ახალ ზელანდიაში გასამგზავრებლად დარჩენილი სამიდან ერთი მატჩის მოგებაც ყოფნით. რეპეშაჟის საგზურისთვის იბრძვის რუმინეთის ნაკრები, რომელმაც ბუქარესტში უსუსტესი გერმანია 67:5 გაანადგურა და პორტუგალიას ორი პუნქტითღა ჩამორჩება, თუმცა მეტოქეზე ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და დაკარგული ქულებით მესამე პოზიციაზეა.
2010 წლის “ერთა თასისა” და 2011 წლის მსოფლიო თასის შსარჩევი ეტაპის მეორე წრის მატჩი.
13 თებერვალი. პორტუგალია. ლისაბონი. “უნივერსიტარიო”
პორტუგალია – საქართველო 10:16 (7:10)
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. ალექსანდრე თოდუა, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ირაკლი აბუსერიძე (20. ბიძინა სამხარაძე 69); 1. დავით ხინჩაგიშვილი (17. ქუბრიაშვილი 45), 2. აქვსენტი გიორგაძე, 3. დავით ზირაქაშვილი (19. ლაშა თავართქილაძე 76), 4. ილია ზედგინიძე, 5. გიორგი ნემსაძე (18. ლევან დათუნაშვილი 67), 6. გრიგოლ ლაბაძე, 7. გიორგი ჩხაიძე, 8. ბესარიონ უდესიანი (16. ანტონ ფეიქრიშვილი 67).
ლელო: ირაკლი აბუსერიძე
გარდასახვა: მერაბ კვირიკაშვილი
2 ჯარიმა: მერაბ კვირიკაშვილი
არეკნი: ლაშა მალაღურაძე
სინბინი: დავით ქუბრიაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ტიმ ლეინი
შერკინების მწვრთნელი: დემიენ კამინსი
ფიზ. მომზადების მწვრთნელი: ჯონი ნამუ
მწვრთნელი: ილია მაისურაძე
პორტუგალია: 15. ჯოე გარდნერი, 14. ფრედერიკ ოლივეირა (22. გონსალო ფორო 51), 13. პედრო სილვა, 12. დიოგო მატეუში, 11. ენტონი აგუილარი (21. დევიდ მატეუში 69), 10. პედრო კაბრალი, 9. ჟოე პინტუ; 1. ფრანსისკო ფერნანდეში (16. ჟოაო ჟუნიორი 58), 2. ჟოაო კორეა, 3. ჟუან მური, 4. კონარდ სტიკლინგი (18. გონსალო უვა 60), 5. დავიდ პენალვა, 6. ვასკო უვა, 7. სალვადორ პალა, 8. ჟუან სევერინო.
ლელო: გარდნერი
გარდასახვა: კაბრალი
ჯარიმა: გარდნერი
მთავარი მწვრთნელი: ტომას მორაიში
13 თებერვალი
ესპანეთი. მადრიდი
ესპანეთი - რუსეთი 20:38
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - გერმანია 67:5
27 თებერვალი
რუსეთი. სოჭი
რუსეთი - რუმინეთი
გერმანია. ჰოიზენშტამი
გერმანია - პორტუგალია
საქართველო. თბილისი
საქართველო - ესპანეთი
13 მარტი
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - საქართველო
ესპანეთი. მადრიდი
ესპანეთი - პორტუგალია
რუსეთი. სოჭი, ან კრასნოდარი
რუსეთი - გერმანია
20 მარტი
გერმანია. ჰაიდელბერგი
გერმანია - ესპანეთი
თურქეთი. ტრაბზონი
საქართველო - რუსეთი
პორტუგალია. ლისაბონი
პორტუგალია - რუმინეთი
2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის სატურნირო მდგომარეობა
1. საქართველო 7 6 1 0 +170 20
2. რუსეთი 7 6 0 1 +107 19
3. პორტუგალია 7 3 1 3 +30 14
4. რუმინეთი 6 3 0 3 +78 12
5. ესპანეთი 6 1 0 5 -92 8
6. გერმანია 7 0 0 7 -293 7
შენიშვნა: გამარჯვებაზე იწერება 3 ქულა, ფრეზე 2, წაგებაზე 1
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია