ამბები

10:39 | 15.02.2010 | ნანახია 2916 - ჯერ

ბეჭედიღა დარჩა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ყველა პრობლემას გაუძლო, პორტუგალიაში დიდი გაჭირვებით, ნაწილ-ნაწილ ჩაღწევის შემდეგ სრული მობილიზება მოახერხა, მსოფლიოს 2011 წლის თასის საგზურისთვის ბრძოლაში, მე-2 წრის უმნიშვნელოვანეს ჯახში პორტუგალიის ნაკრები ლისაბონში 16:10 დასცა და მსოფლიოს უდიდეს სარაგბო ფორუმზე ზედიზედ მესამედ გასვლა პრაქტიკულად გაინაღდა.
მე-2 წრის დაწყებამდეც ცნობილი იყო, რომ თუ “ბორჯღალოსნები” საწყისი 3 მატჩის მოგებას შეძლებდნენ, 2 წლის ჯამით, ჯგუფში მინიმუმ  მეორე ადგილის დაკავება განაღდებული ექნებოდათ და შესაბამისად, ახალი ზელანდიის საგზურს უპრობლემოდ მოიპოვებდნენ. თავიდანვე იყო და არის ვარაუდი, რომ თბილისში აუტსაიდერი გერმანია და ესპანეთი, წინააღმდეგობას ნაკლებად თუ გაწევდნენ და შესაბამისად, მიზნის მისაღწევად, ქართველებს უმთავრესი ბრძოლა, ლისაბონში, “ლობუშთან” მოუწევდათ. გერმანიის თბილისში დიდი ანგარიშით განადგურების შემდეგ, “ბორჯღალოსნებმა” ადაპტაციისა და უკეთესი შეკრების მიზნით, გეზი საფრანგეთისკენ აიღეს და ბანაკი კანში დასცეს, მაგრამ, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ამან ლამის დაამსხვრია ქართველთა იმედები.
ევროპული უამინდობის გამო, 11 თებერვალს საქართველოს ნაკრების დელეგაციის პორტუგალიაში გამგზავრება ჩაიშალა - დიდთოვლობამ საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა, მორაგბეებს ღამისთევა აეროპორტში მოუხდათ და ლისაბონს სამ ნაწილად ეწვივნენ, საკუთარი ტვირთი კი, მატჩამდე 3 საათით ადრე მიიღეს. ამ დამატებითმა პრობლემებმა, ბუნებრივია, მორაგბეები გადაღალა და გაჩნდა საშიშროება, რომ ნერვიულობისა და ზედმეტი ფიზიკური გადაღლის ფონზე, ისინი ლისაბონში ფინალად მონათლულ მატჩს სათანადო დონეზე ვერ ჩაატარებდნენ.
ასე იყო თუ ისე, “უნივერსიტარიოს” სტადიონზე თამაში დათქმულ დროზე დაიწყო. სარაგბოდ ამინდი შესანიშნავი იყო, თუმცა, თითქოსდა ამდენი წვალება არ ეყოფოდათო, “ბორჯღალოსნებს” წინასწარ დადგენილ შემადგენლობაში ერთი ცვლილების განხორციელება მოუხდათ - უკანახაზელი, ეროვნული გუნდის გამოცდილი წევრი, მალხაზ ურჯუკაშვილი დაშავდა და მისი ადგილი ალექსანდრე თოდუამ დაიკავა.
ქართველთათვის უხერხულ მეტოქესთან, მატჩის დებიუტს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ბურთი თამაშში “ბორჯღალოსნებმა” შეიყვანეს და თითქოსდა კარგი შეტევაც წამოიწყეს, მაგრამ ოვალი წინ დაუვარდათ და პორტუგალიელთა სასარგებლოდ შერკინება დაინიშნა. ამ მომენტში და მომავალშიც, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ქართველთა შერკინება “ლობუშისას” დიდად სჯაბნის. ტიმ ლეინის შეგირდებმა მასპინძლებს აჯობეს, ისინი დაჯარიმდნენ, მერაბ კვირიკაშვილმა 22-მეტრა ხაზიდან, ძელებიდან ოდნავ მარცხნიდან, კარში დასცხო და ანგარიში გახსნა. მალე ქართველთა მთავარმა ნაკლმა - ტექნიკურმა წუნმა იჩინა თავი. ბურთი უაზროდ დაიკარგა, რასაც ჯარიმა მოჰყვა, ავსტრალიური წარმოშობის ნატურალიზირებულმა პორტუგალიელმა, დაახლოებით, 25 მეტრიდან ჯარიმა დაჰკრა, მაგრამ გასატანი ბურთი კარს ააცილა და მე-5 წუთზე მასპინძელთა გუნდმა ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი ვერ გამოიყენა.
ერთ წუთში გარდნერმა საკუთარი შეცდომა თავადვე გამოასწორა, ცენტრთან ახლოს ბურთი მოიხელთა, ცრუმოძრაობებით ხუთ ქართველს დაუსხლტა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, პედრო კაბრალმა კი რეალიზაცია გამოიყენა და “ლობუში” 7:3 დაწინაურდა. ამან ქართველთა მომენტალური გააქტიურება გამოიწვია, იცოდნენ რა, რომ პორტუგალია გაშლილ რაგბში უკეთესი მობურთალია, მათ ძველი, ნაცადი მეთოდით იმოქმედეს, რამდენიმე დაჯახებით თითქმის 20 მეტრით წინ წაიწიეს, მეტოქე საკუთარ ჩათვლის მოედანთან ხუთ მეტრამდე დახიეს, ბოლოს აბუსერიძემ რაქიდან აიტაცა ბურთი, გადაცემის იმიტირებით მასპინძელთა დაცვა დააბნია და საპასუხო ლელო გაიტანა, კვირიკაშვილმა კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრები მეორედ და როგორც შემდგომში აღმოჩნდა, საბოლოოდ დააწინაურა.
თითქოს დაწინაურებულ ქარ¬თველებს რაღაც დაემართათ და ტექნიკურმა წუნმა კვლავ იჩინა თავი. პორტუგალიასთან მატჩამდე, ეროვნული გუნდის წევრები თუ ხელმძღვანელობა, მოლზე დიდ იმედს ამყარებდა და მეტოქის ძლევას ამ კომპონენტით გეგმავდა, მაგრამ სწორედ მოლიდან დაიკარგა ბურთი ქართველთა ჩათვლის მოედნის სიახლოვეს, თუმცა, მეტოქის გვერდით ხაზს იქით გადადენა მოხერხდა.
30-ე წუთისთვის “ბორჯღალოსნები” რაქში ხელით თამაშის გამო დაისაჯნენ და კაბრალმა, დაახლოებით, 25 მეტრიდან გასატანი ჯარიმა არაზუსტად შეასრულა, რამაც სტუმართა გუნდი კვლავ ლიდერად დატოვა. ამას ერთგვარი პინგ-პონგი მოჰყვა, დამრტყმელები ფეხით უბრუნებდნენ მეტოქეს ბურთს, ნერვებმა პირველად მასპინძლებს უმტყუნათ, დაჯარიმდნენ და თამაშმა მათ ნახევარზე გადაინაცვლა. მოლითა და შერკინებით რამდენიმე კარგი შეტევა, ლოგიკურად, ლელოთი უნდა დასრულებულიყო, ქართველმა მორაგბეებმა ერთი-ორჯერ გადაკვეთეს მეტოქის ჩათვლის მოედნის ხაზი, მაგრამ მსაჯმა “ბორჯღალოსანთა” ქმედებებში დანაშაული იპოვა და ლელო არ ჩათვალა.
ტაიმი 10:7 დასრულდა და ნათლად გამოჩნდა, რომ ძალით პორტუგალია საქართველოს ვერ უმკლავდებოდა, საკუთარ აუტებს “ბორჯღალოსნები” მუდამ იგებდნენ, მეტოქეს კი, ამ კომპონენტში ხანდახან პრობლემებს უქმნიდნენ. სამაგიეროდ, ტექნიკური წუნი აშკარად თვალშისაცემი იყო და ეს ლეინის შეგირდებს კარგი შეტევების დაგვირგვინების საშუალებას არ აძლევდა. თავის მხრივ, ქართველთა მიძალებას ბრიტანელი არბიტრიც თავისებურად აცხრობდა.
მე-2 ტაიმი ქართველთა აშკარა უპირატესობით დაიწყო და მალაღურაძის ფეხით გადაკიდების შემდეგ, მაჩხანელს საკუთარ ჩათვლის მოედანში ბურთის დამიწება პორტუგალიელმა დაასწრო. დაახლოებით, 10-15 წუთი ბურთაობა მასპინძელთა ნახევარზე მიდიოდა და კვირიკაშვილმა 30-35 მეტრიდან ჯარიმის კარში დარტყმას ბურთის აუტში გადატანა არჩია, რათა ლელოთი უპირატესობა საგრძნობი გაეხადა, მაგრამ ორ შემთხვევაში უაზროდ დაიკარგა ბურთი და შეტევა ჩაიშალა. მიძალებას შედეგი 55-ე წუთზე მაინც მოჰყვა, ქართველებმა მეტოქის შერკინება დაჯაბნეს და წინ წაიწიეს, მათაც ისღა დარჩენოდათ დაჯარიმებულიყვნენ და კვირიკაშვილმა დაახლოებით 25 მეტრიდან კარში ზუსტად დაარტყა - 13:7.
აქ ისეთი რამ მოხდა, რასაც შეხვედრის ბედის საპირისპიროდ შემობრუნება შეეძლო. შეცვლაზე შესულმა ქუბრიაშვილმა მეტოქეს, მსაჯის სასტვენის შემდეგ, ბურთი არ დაანება, მასთან წაკინკლავდა და რეფერიმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა - საქართველოს ნაკრების პირველხაზელს ყვითელი ბარათი უჩვენა და 10 წუთით სტუმრები კაცნაკლული დატოვა, გარდნერმა კი, 22 მეტრიდან გატანილი ჯარიმით, სარაგბო საზომით, სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა (10:13). მასპინძლებს მეტი სივრცე მიეცათ, უკანა ხაზი ათამაშდა და ორჯერ კარგი სალელოვე შეტევა წარმართეს, მაგრამ ქართველებმა ორჯერვე იმარჯვეს და პორტუგალიელები გვერდით ხაზს იქით გადადენეს, რითაც მათ დაწინაურების საშუალება მოუსპეს.
მალე “ბორჯღალოსნებმა” მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვეს, ბურთის ხელით ატანა სცადეს, მაგრამ დაკარგეს და ლამის ლელო მიიღეს, თუმცა, სიტუაციის გამოსწორება ამჯერადაც შეძლეს. სტუმართა მხრიდან ბურთის მორიგ დაკარგვას ჯარიმა მოჰყვა და გარდნერმა წონასწორობის აღდგენა 45 მეტრიდან სცადა, მაგრამ მიზანმა ამჯერადაც უმტყუნა. საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს მძლავრი შეტევით უპასუხა, რამდენიმე ფაზის შემდეგ, მალაღურაძემ რაქიდან გამოტანილი ბურთი 40 მეტრიდან დაჰკრა და ლამაზი არეკნით ანგარიში 16:10 გახადა. მასპინძლები აირივნენ, სამხარაძემ კარგი გარღვევა განახორციელა და მალაღურაძემ არეკნი ერთხელაც სცადა, მაგრამ ამჯერად, არაზუსტად.
პორტუგალიას ბოლო იმედად ლელო და გარდასახვა შერჩა და “ბორჯღალოსნებს” მაგრად მიეძალა. მასპინძლებმა, ყოველი ფაზის შემდეგ, ნელ-ნელა კარის გასწვრივ გადაინაცვლეს, მერე შეტევაში ხაზი ჩართეს და მარცხენა ფრთიდან შეუტიეს, თუმცა, თოდუამ დაცვაში უშეცდომოდ ითამაშა, ბურთიანი მეტოქე ხაზს იქით გადაიყვანა და საქართველოს ნაკრებმაც უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
ახლა, 27 თებერვალს, თბილისში, ესპანეთის ნაკრები სტუმრობს, მისი ძლევის შემთხვევაში კი, რაც ფანტასტიკის სფერო სულაც არაა, ახალი ზელანდიის საგზური გარანტირებულია, შესაბამისად, რუმინეთთან და რუსეთთან მომავალი ჯახები მსოფლიოს თასის საგზურის მოპოვების მხრივ, აზრს დაკარგავს. მათი შედეგები მხოლოდ იმაზე იქონიებს გავლენას, თუ რომელ ადგილს დაიკავებენ “ბორჯღალოსნები” ჯგუფში - პირველს თუ მეორეს. გარდა ამისა, მათ ორივე პრინციპული მეტოქის დამარცხება სურთ და თუ ყველაფერი ასე მოხდა, გასულ წელს მოპოვებული “ერთა თასი”, ყველაზე ცოტა, ერთი წლით კვლავ თბილისში დარჩება.
და ერთიც, პორტუგალია-საქართველოს მატჩის შედეგი რაგბის საერთაშორისო საბჭოს ყოველკვირეულ რეიტინგზე გამარჯვებულთა სასიკეთოდ აისახება და დღეს “ბორჯღალოსნები” რუსეთისა და აშშ-ს ნაკრებებს უკან მოიტოვებენ, მე-16 საფეხურამდე აღზევდებიან და მომავალი წინსვლისათვის კარგ პლაცდარმს შეიქმნიან.

2010 წლის “ერთა თასისა” და 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მეორე წრის მატჩი. 13 თებერვალი.
პორტუგალია.  ლისაბონი. “უნივერსიტარიო”
პორტუგალია – საქართველო 10:16 (7:10)
საქართველო
: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. ალექსანდრე თოდუა, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ირაკლი აბუსერიძე (20. ბიძინა სამხარაძე 69); 1. დავით ხინჩაგიშვილი (17. ქუბრიაშვილი 45), 2. აქვსენტი გიორგაძე, 3. დავით ზირაქაშვილი (19. ლაშა თავართქილაძე 76), 4. ილია ზედგინიძე, 5. გიორგი ნემსაძე (18. ლევან დათუნაშვილი 67), 6. გრიგოლ ლაბაძე, 7. გიორგი ჩხაიძე, 8. ბესარიონ უდესიანი (16. ანტონ ფეიქრიშვილი 67).
ლელო: ირაკლი აბუსერიძე
გარდასახვა: მერაბ კვირიკაშვილი
2 ჯარიმა: მერაბ კვირიკაშვილი
არეკნი: ლაშა მალაღურაძე
სინბინი: დავით ქუბრიაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ტიმ ლეინი
შერკინების მწვრთნელი: დემიენ კამინსი
ფიზ. მომზადების მწვრთნელი: ჯონი ნამუ
მწვრთნელი: ილია მაისურაძე
პორტუგალია: 15. ჯოე გარდნერი, 14. ფრედერიკ ოლივეირა (22. გონსალო ფორო 51), 13. პედრო სილვა, 12. დიოგო მატეუში, 11. ენტონი აგუილარი (21. დევიდ მატეუში 69), 10. პედრო კაბრალი, 9. ჟოე პინტუ; 1. ფრანსისკო ფერნანდეში (16. ჟოაო ჟუნიორი 58), 2. ჟოაო კორეა, 3. ჟუან მური, 4. კონარდ სტიკლინგი (18. გონსალო უვა 60), 5. დავიდ პენალვა, 6. ვასკო უვა, 7. სალვადორ პალა, 8. ჟუან სევერინო.
ლელო: გარდნერი
გარდასახვა: კაბრალი
ჯარიმა: გარდნერი
მთავარი მწვრთნელი: ტომას მორაიში

13 თებერვალი
ესპანეთი. მადრიდი
ესპანეთი - რუსეთი 20:38
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - გერმანია 67:5
27 თებერვალი
რუსეთი. სოჭი
რუსეთი - რუმინეთი
გერმანია. ჰოიზენშტამი
გერმანია - პორტუგალია
საქართველო. თბილისი
საქართველო - ესპანეთი
13 მარტი
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - საქართველო
ესპანეთი. მადრიდი
ესპანეთი - პორტუგალია
რუსეთი. სოჭი, ან კრასნოდარი
რუსეთი - გერმანია
20 მარტი
გერმანია. ჰაიდელბერგი
გერმანია - ესპანეთი
თურქეთი. ტრაბზონი
საქართველო - რუსეთი
პორტუგალია. ლისაბონი
პორტუგალია - რუმინეთი

2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის სატურნირო მდგომარეობა

1 საქართველო 7 6 1 0 +170 20
2 რუსეთი 7 6 0 1 +107 19
3 პორტუგალია 7 3 1 3 +30 14
4 რუმინეთი 6 3 0 3 +78 12
5 ესპანეთი 6 1 0 5 -92 8
6 გერმანია 7 0 0 7 -293 7


შენიშვნა: გამარჯვებაზე იწერება 3 ქულა, ფრეზე 2, წაგებაზე 1

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084509