სანამ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პორტუგალიაში იბრძოდა, წლეულს “ერთა თასის” მოსაპოვებლად “ბორჯღალოსანთა” უპირველესი მეტოქე, რუსთის ნაკრები, მადრიდში ესპანელებს ეჭიდავებოდა და 2011 წლის მსოფლიოს თასის საგზურისთვის მორიგ ნაბიჯს დგამდა.
ქართველებისა არ იყოს, ახალი ზელანდიაში გასამგზარებლად, “დათვებს” მე-2 წრის 3 შეხვედრა ჰქონდათ მოსაგები და ამ კუთხით პირველი ნაბიჯი, ერთი კვირის წინათ, სოჭში პორტუგალიის 14:10 დამარცხებით გადადგეს, ესპანეთთან მარცხი კი, მათთვის შესაძლოა დამღუპველი გამომდგარიყო. ეს ნიკოლაი ნერუშის შეგირდებისთვისაც კარგად იყო ცნობილი, მასპინძლების წინააღმდეგობა ბოლოსკენ გატეხეს და ანგარიშით 38:20 მათი ძლევით საქმე პრაქტიკულად მოილიეს. მართალია, რუსებს მომდევნო ტურში რუმინეთთან უმძიმესი თამაში ელით, მაგრამ საკუთარი მოედნის უპირატესობა ექნებათ და მარცხის შემთხვევაშიც კი, მე-4 რაუნდში მაჩანჩალა გერმანიის დამარცხება პრობლემას არ შეუქმნის, ეს კი მსოფლიოს თასზე გასამგზავრებლად სრულიად საკმარისი იქნება.
აქედანვე ვთქვათ, რომ ნერუში ამჯერადაც მხოლოდ ერთ, წარმოშობით ქართველ მორაგბეს ენდო - ძირითად შემადგენლობაში პირველხაზელი კარლო მაღლაკელიძე დააყენა. ესპანელებმა ანგარიში მე-6 წუთზე გახსნეს, როდესაც გრატონმა საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა, მაგრამ სტუმრებმა მასპინძელთა გამოხტომას მძლავრად უპასუხეს და ორ წუთში გრესევმა ლელო გაიტანა, იური კუშნარიოვმა კი რეალიზაცია გამოიყენა. მე-14 წუთზე ლელო საკუთარ ანგარიშზე კლუჩნიკოვმა ჩაიწერა, კუშნარიოვის გარდასახვა ამჯერადაც ზუსტი გამოდგა და ანგარიში 14:3 გახდა.
თითქოსდა ძალთა თანაფარდობა იმდენად დიდი იყო, რომ “დათვებს” იოლი გასეირნება ელოდათ, მაგრამ გრატონი ასე არ ფიქრობდა და მე-18 წუთზე საპასუხო ლელო გაიტანა, რეალიზაცია თავადვე შეასრულა, 24-ე წუთზე ჯარიმაც გამოიყენა და ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა - 13:14. კიდევ ორ წუთში მასპინძლებს დაწინაურების შანსი მიეცათ, გრატონმა 50 მეტრიდან ჯარიმა დაჰკრა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა და ნერუშის შეგირდებმა შვებით ამოისუნთქეს. შესვენებამდე დარჩენილ ათ წუთში რუსებმა იმძლავრეს, კუშნარიოვმა აღარ გარისკა, 32-ე და 39-ე წუთებზე ჯარიმები ზუსტად შეასრულა და ტაიმი 20:13 დასრულდა.
როგორც რუსეთის ნაკრების უფროსმა ზორიკ მასანდილოვმა რუსულ საინფორმაციო სააგენტოებს აცნობა, თამაშმა მზიან ამინდში, იდეალურ მოედანზე ჩაიარა. “დათვებს” ბლომად შეცდომები დაუშვიათ და მასპინძლებს ქულათა უმრავლესობა სწორედ ამის ხარჯზე მოუპოვებიათ, თუმც კი, ამის მიზეზი ესპანელთა იმპროვიზაცია გამხდარა. ეს საქართველოს ნაკრებისთვის გასათვალისწინებელი მომენტია, რადგან ესპანელებთან თამაში “ბორჯღალოსნებისთვის” თითქმის ყოველთვის რთულად მიმდინარეობს, რადგანაც მათ მოძრავი უკანა ხაზი ჰყავთ და მორაგბეები ხშირად იღებენ არაორდინალურ გადაწყვეტილებებს.
მიუხედავად იმისა, რომ მადრიდში ერთმანეთის პირისპირ ესპანეთისა და რუსეთის ნაკრებები იდგნენ, დასკვნით ოც წუთში ქართული დერბი შედგა. მაღლაკელიძე უკვე ვახსენეთ, ესპანელთა რიგებში კი, რუსეთის წინააღმდეგ, ქართული ფესვების მქონე, ესპანეთში მობურთალი შერკინების პირველხაზელის, დავით გურგენაძის დებიუტი შედგა, ვინაც თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო. მე-2 ნახევრის დასაწყისი შედეგიანი გამოდგა – მე-2 წუთზე კუშნარიოვმა ზუსტი ჯარიმით ანგარიში გაზრდა, ორ წუთში კი მასპინძლებმა შედეგიანი შეტევა განახორციელეს, მარტინიმ ლელო გაიტანა, გრატონმა რეალიზაცია გამოიყენა და ჩამორჩენა ერთ ზუსტ ჯარიმამდე დაიყვანა - 20:23.
მაგრამ მასპინძლებს ძალა აღარ ეყოთ. 49-ე წუთზე კუშნარიოვმა ჯარიმიდან იხეირა, ხოლო დასკვნით ოც წუთში სტუმართა უპირატესობა უფრო გაიზარდა - 63-ე წუთზე კუშნარიოვმა ლელო მიითვალა და გარდასახვაც თავადვე გამოიყენა. საბოლოო შედეგი 74-ე წუთზე დაფიქსირდა, როდესაც მეტოქის ჩათვლის მოედანში იანუშკინმა შეაღწია და მიუხედავად იმისა, რომ გარდასახვა არაზუსტი აღმოჩნდა, ცხადი გახდა, დარჩენილ დროში ესპანელებს მატჩის გადარჩენის შანსი აღარ ჰქონდათ - 38:20.
მადრიდი. ესპანეთი
ესპანეთი - რუსეთი 20:38 (13:20)
ესპანეთი: პინტო (გურგენაძე 62), სიდრე (კუკი 74), მორენო, სოუტო (რეკუერდა 74), არამბურუ, კამაჩო (ბახორკესი 74), ელგოიენი, ტურტულუ (ასენა 44), ლოპესი, გრატონი, ფეიჰო (პარდო 29), კანოსა, გერედია (ნავა 60), მარტინი, სემპერე.
რუსეთი: მაღლაკელიძე, კორშუნოვი, პრონენკო, ოსტრიკოვი, კულემინი, გრესევი, ფათახოვი, ტემნოვი, იანუშკინი, ი. კუშნარიოვი, გვოზდოვსკი, ტრიშინი, ბაბაევი, არტიომოვი, კლუჩნიკოვი.
რუმინეთი, რომელსაც ერთი კვირის წინათ, უამინდობის გამო, ესპანეთთან მატჩი ჩაეშალა, აუტსაიდერი გერმანიის წინააღმდეგ უძლიერესი შემადგენლობით გავიდა და მიუხედავად სტუმართა მხრიდან პირველ ტაიმში გაწეული წინააღმდეგობისა, მე-2 ნახევარში მეტოქე გატეხა და 67:5 გაანადგურა.
რუმინეთი - გერმანია 67:5 (20:5)
რუმინეთი: დუმიტრასი, ბოტეზაუ, დიმოფტე, დასკალუ, ფერკუ, ვლაისუ, სარბუ, კარპო, ტონიტა, ბურკეა, პეტრე, სოკოლი, პაულიკა, ტინკუ, ბალანი.
შეცვლაზე ითამაშეს: ფლორაე, ზებეგა, ურსაჩე, მაკოვეი, კალაფეტეანუ, კინტუ, გეარა, დიმა.
გერმანია: ჰაკლი, სტინდერა, გრუმბკოვი, ტაკენდესა, სიმი, დევისი, გუნგორი, ჰუკი, ბრენერი, ჟამი, მური, ვილჰელმი, კოლი, ელოვაი, ვიდიკერი.
შეცვლაზე ითამაშეს: ტრიკი, მეცი, ჰინდს-ჯონსონი, პურაში, ს. ლიბიგი, კ. ლიბიგი.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია