ბრწყინვალედ მობურთალმა საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ექვსი ერის გასული წლის ჩემპიონ ირლანდიას, პარიზში 33:10 აჯობა და მისთვის წოდების ჩამორთმევაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა.
“სტად დე ფრანსე”-ზე შეკრებილმა პუბლიკამ იხილა, რომ მათი საყვარელი “ლურჯები” ყველა კომპონენტში ჯაბნიდნენ მეტოქეს და ირლანდიელებს მასპინძელთათვის პასუხის გაცემის შესაძლებლობა პრაქტიკულად მოსპობილი ჰქონდათ.
ფრანგებმა, შერკინებაში თუ ხელით გაშლილ თამაშში, ირლანდიელებს შანსი არ დაუტოვეს. მაღალ ტემპში მიმდინარე ჯახში, მასპინძლებმა ფიზიკურადაც უკეთესი გამძლეობა გამოავლინეს. ფრანგი ნახევარმცველები - მორგან პარა და ფრანკოს ტრინ-დუკი დიდებულად მართავდნენ თამაშს, რის წინააღმდეგაც ირლანდიელებმა ვერაფერი მოიფიქრეს და 2008 წლის შემდეგ პირველად დამარცხდნენ.
პირველი ლელო უილიამ სერვეტმა 26-ე წუთზე გაიტანა, მაშინ როდესაც ირლანდიელები კაცნაკლულნი თამაშობდნენ. შერკინების პირველხაზელმა სიანიმ სინბინი მე-17 წუთზე დაიმსახურა და პარამ ჯარიმით ანგარიში გახსნა, ლელო კი ზედიზედ ოთხი ხუთმეტრა შერკინების შემდეგ გავიდა, რასაც პარამ ზუსტი რეალიზაცია დაურთო და ფრანგები 10:0 დაწინაურდნენ. სამ წუთში რონან ოგარამ ჯარიმიდან სხვაობა კი შეამცირა, მაგრამ ერთ წუთში მეტიუ ბასტერო ცენტრიდან დაიძრა, გზად არაერთი წინაღობა გადალახა და სტუმრებმა მისი შეჩერება მხოლოდ ჩათვლის მოედნიდან ათ მეტრში შეძლეს, თუმცა შემტევმა ჟაზიონისთვის პასის გაკეთება მოახერხა და ისიც ირლანდიელთა ჩათვლის მოედანში შეიჭრა, პარას გარდასახვა კი კვლავ ზუსტი აღმოჩნდა.
მეორე ნახევრის დასაწყისში ირლანდიელებმა შეტევა სცადეს, მაგრამ, ხეირის ნახვის ნაცვლად, მორიგი ლელო მიიღეს. ბასატერომ საკუთარი ძალა ერთხელაც გამოიყენა და მისი გარღვევა ლელოთი ამჯერად კლემენ პოიტრენუმ დააგვირგვინა, პარას კი მიზანმა ამჯერადაც არ უმტყუნა. 62-ე წუთზე პარამ მეტოქე კიდევ უფრო გაახელა, როდესაც არეკნით საფრანგეთს მორიგი სამი ქულა შესძინა - 27:3. ორ წუთში ირლანდიელებმა ლელოს გატანა შეძლეს, ფრანგთა ჩათვლის მოედანი დევიდ უოლასმა გადაკვეთა და ოგარას რეალიზაციაც ზუსტი გამოდგა, რითაც სტუმრებს მატჩის გადარჩენის მცირე იმედი გაუჩნდათ, მაგრამ პარას ჯარიმამ და ფრედერიკ მიხალაკის არეკნმა მათი იმედები დაამსხვრა და ფრანგებს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.
უელსის ნაკრებმა შოტლანდიელთა თავდადება დასკვნით ოთხ წუთში გატეხა, როდესაც 17 ქულა მოინაგრა და სტუმრებს მარცხი აგემა. არადა, პირველი ტაიმის შემდეგ მამაცი შოტლანდიელები ვერც კი იფიქრებდნენ, რომ კარდიფიდან უქულოდ დაბრუნდებოდნენ და მთელი სარაგბო სამყარო სენსაციის მოლოდინში იყო, მაგრამ მასპინძლები სხვაგვარად ფიქრობდნენ.
მატჩის დებიუტში უელსის ხაზმა ძალიან ცუდად ითამაშა, რითაც ჯონ ბარკლიმ კარგად ისარგებლა და ლელო გაიტანა, კრის პატერსონმა კი რეალიზაცია ზუსტად შეასრულა და მე-9 წუთზე შოტლანდია 7:0 დაწინაურდა. სტეფან ჯონსმა მე-16 წუთზე ჯარიმით სხვაობა შეამცირა, მაგრამ ორ წუთში დენიელ პარკსმა არეკნით სტატუსქვო აღადგინა, კიდევ ორ წუთში კი მაქს ევანსმა მეორე ლელო გაიტანა - 15:3. შესვენებამდე პარკსმა ერთი, ჯონსმა კი ორი ჯარიმა გაიტანა - შოტლანდიამ ტაიმი 18:9 მოიგო.
მეორე ნახევრის უმეტესი დროის განმავლობაში თამაშმა სტუმართა ნახევარზე გაიარა, მაგრამ შოტლანდიელთა მოედნის მეტოქის ნახევარზე გადასვლა თითქმის ყველა შემთხვევაში ქულის აღებით სრულდებოდა. 45-ე წუთზე პარკსმა ჯარიმით სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. მასპინძელთა პირველი მძლავრი პასუხი კი 55-ე წუთზე ლი ბერნის ლელოთი დაიწყო, რის შემდეგადაც ანგარიში 14:21 გახდა. შოტლანდიელებს გამარჯვების იმედი 66-ე წუთზე კიდევ ერთხელ გაუღვივდათ, როდესაც პარკსმა მატჩში მეორე არეკნი შეასრულა და სტუმრები 10 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა მათი უბედურება 73-ე წუთიდან დაიწყო. ისინი მასპინძელთა მიძალებას ვეღარ უმკლავდებოდნენ და სკოტ ლოუსონმა ბურთის ჩახურვისთვის სინბინი დაიმსახურა. რიცხობრივი უპირატესობა უელსელებმა 77-ე წუთზე გამოიყენეს, ლი ჰელფპენი მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა და ლელო გაიტანა, ჯონსმა კი რეალიზაციით სხვაობა სარაგბო საზომით მინიმუმადე დაიყვანა - 21:24. ძირითადი დროის დასრულებამდე წამებიღა რჩებოდა, როდესაც ფილ გუდმანმა უბურთო მიმყოლი შებოჭა და სინბინი დაიმსახურა, ჯონსმა კი არ გარისკა და ჯარიმით ანგარიში გაათანაბრა. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე, 13 კაცის ამარა დარჩენილმა სტუმრებმა მასპინძელთა იერიში ვეღარ შეაკავეს, შეინ უილიამსი სკოტთა ჩათვლის მოედანში შეიჭრა, ჯონსმა რეალიზაცია ზუსტად შეასრულა და უელსმა 31:24 იმარჯვა, შოტლანდიამ კი დასანანი მარცხი იწვნია.
მეორე ტურის დასკვნით შეხვედრაში იტალიამ ინგლისს უმასპინძლა და დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად 12:17 დამარცხდა. ჯონ უილკინსონის მერვე წუთზე გატანილ ჯარიმას, მირკო ბერგამასკომ ორ წუთში უპასუხა, 33-ე წუთზე კი მან მორიგი ჯარიმა გაიტანა და მასპინძლები 6:3 დაწინაურდნენ, მაგრამ უილკინსონმა ზედ შესვენების წინ ჯარიმითვე წინასწორობა აღადგინა. მეორე ტაიმის დასაწყისში მეტიუ ტაიტმა ლელო გაიტანა და როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ეს გადამწყვეტი გამოდგა. იტალიელთა უბედურებას 58-ე წუთზე ლეანდრო კასტროჯოვანის სინბინი და უილკინსონის ზუსტი ჯარიმა დაემატა - 14:6 და თითქოს ბრიტანელებს გამარჯვება “ჯიბეში” ჰქონდათ, მაგრამ ბერგამასკომ 64-ე და 72-ე წუთებზე ორი ჯარიმა გაიტანა და ჩამორჩენა ორ ქულამდე დაიყვანა, რითაც მასპინძლებს გამარჯვების იმედი დაუბრუნა. ბოლო სიტყვა თავის თავზე უილკინსონმა აიღო, 75-ე წუთზე არეკნი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მესამე ტურის შეხვედრები 26-27 თებერვალს გაიმართება. უელსი საფრანგეთს მასპინძლობს, უქულოდ დარჩენილი იტალია მის მსგავს მდგომარეობაში მყოფ შოტლანდიას დაუხვდება, ჩემპიონი ირლანდია კი ინგლისს ეწვევა და დაკარგულის ანაზღაურებას ეცდება.
უელსი - შოტლანდია 31:24
საფრანგეთი - ირლანდია 33:10
იტალია - ინგლისი 12:17
1 | საფრანგეთი | 2 | 2 | 0 | 0 | 32 | 4 |
2 | ინგლისი | 2 | 2 | 0 | 0 | 18 | 4 |
3 | ირლანდია | 2 | 1 | 0 | 1 | -5 | 2 |
4 | უელსი | 2 | 1 | 0 | 1 | -6 | 2 |
5 | შოტლანდია | 2 | 0 | 0 | 2 | -16 | 0 |
6 | იტალია | 2 | 0 | 0 | 2 | -23 | 0 |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია